”თან საკითხავი” _ იკითხეთ, როცა გინდათ

გამომცემლობა ”არტანუჯმა” დაიწყო ახალი სერია _ ”თან საკითხავი”. დღეიდან, 3 მარტიდან, ”ახალ თაობასთან” ერთად გაიყიდება სერიის პირველი წიგნი _ გია ბუღაძის ”200 ამბავი მხატვრობაზე”. ”ახალი თაობა” პროექტის ავტორ ბუბა კუდავას ესაუბრა.

_ რატომ გაჩნდა სერია „თან საკითხავი“ შექმნის იდეა?

_ მოგეხსენებათ, როგორ უჭირთ ადამიანებს დღეს კითხვა. ცხოვრების აჩქარებული რიტმი, დაძაბული ყოველდღიური გრაფიკი, ინფორმაციის მიღების მრავალი სხვა, გაცილებით მარტივი საშუალება ნაკლებად იძლევა წიგნთან დაახლოების შესაძლებლობას. არადა, ბევრს უყვარს კითხვა და ბევრს აქვს მოთხოვნილება იკითხოს. გამომცემლობა „არტანუჯმა“ გადაწყვიტა, ასეთ ადამიანებს საინტერესო გამოსავალი შესთავაზოს ამ საყოველთაო უდროობის დროს.

_ რა შინაარსის წიგნები გაერთიანდება ამ სერიაში?

_ თითოეული გამოცემა ერთი საინტერესო თემისა თუ პიროვნების გარშემო შეკრებილ ფაქტებს, აზრებსა და ნაკლებად ცნობილ ინფორმაციას შეიცავს. რაც მთავარია, ეს ინფორმაცია სანდოა. მცირე მოცულობის ძალზე საინტერესო „ამბები“ გასაგები და უშუალო ენითაა დაწერილი. წიგნის თემა ირჩევა იმ კუთხით, რამდენადაა ის მკითხველისთვის აქტუალური და საინტერესო.

_ რას წარმოადგენს „თან საკითხავი“?

_ ეს არის საკითხავი „სხვათა შორის“, საკითხავი თანდათანობით, სვენება-სვენებით თუ ერთი ამოსუნთქვით. საკითხავი სხვა საქმის კეთების პარალელურად თუ დასვენებისას. ადვილი და საინტერესო საკითხავი. საკითხავი ავტობუსში, მანქანაში, თვითმფრინავში, მატარებელში… ჰამაკში, პლაჟზე, ჯდომისას თუ წოლისას, საკითხავი ისე, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში. საკითხავი მათთვის, ვისაც მოსწონს წიგნებისთვის თვალის გადავლება, ვისაც უყვარს კითხვა აქა-იქ თვალის ჩაკვრით და ვისაც არ იზიდავს ვრცელი და გაბმული ტექსტები.

„თან საკითხავი“ იძლევა ამის საშუალებას, რადგან ერთ გამოცემაში თავმოყრილი ამბები არ იქნება ერთმანეთზე მიბმული და დამოკიდებული. ასე რომ, შეგვიძლია კითხვა წიგნის ნებისმიერი ნაწილიდან დავიწყოთ, ნებისმიერ დროს შევწყვიტოთ და ნებისმიერ დროს განვაახლოთ.

_ ამ სერიით გამოცემულ წიგნებს რა მნიშვნელობა ექნებათ?

_ ვფიქრობთ, რომ ეს სერია მოგვცემს შესაძლებლობას, გამოვცეთ მრავალი წიგნი მრავალი სფეროსა და პიროვნების შესახებ. წიგნები იქნება ხელმისაწვდომი ფასისა და საბოლოოდ ბევრი საკითხის პოპულარიზებას შეუწყობს ხელს, ბევრ საკითხზე დაგვაფიქრებს, ბევრ ადამიანს შემოგვაბრუნებს წიგნისკენ.

„თან საკითხავის“ საშუალებით არ გავწყვეტთ წიგნთან ერთიერთობას. ეს წიგნები შეგვივსებს იმ ცარიელ სივრცეს, რასაც კითხვისგან მოწყვეტა წარმოქმნის.

_ რა დაიბეჭდა სერიის ფარგლებში და კიდევ რომელი წიგნების გამოცემა იგეგმება?

_ ამჟამად „თან საკითხავის“ სერიით უკვე დაიბეჭდა ორი წიგნი: „200 ამბავი მხატვრობაზე“ და „ალექსანდრე მაკედონელი _ 120 ამბავი“. ჩვენი სურვილია, ყოველთვე ერთი ახალი გამოცემა მაინც შევთავაზოთ მკითხველს. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ შემდეგი წიგნების გამოცემას: „120 ამბავი ქართველ მწერლებზე“, „100 ამბავი გრიგოლ რობაქიძეზე“, „100 ამბავი ლუდის შესახებ“.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018