თეა წულუკიანი: სტრასბურის სასამართლოში გადაწყვეტილება მორიგე მოსამართლემ ერთპიროვნულად მიიღო

ცოტა ხნის წინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა რუსთავი 2-ის მიერ სტრასბურში წარდგენილი საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსთავი 2-მა მოპასუხე მხარედ საქართველოს მთავრობა დაასახელა.

მისი თქმით, რუსთავი 2–მა მოითხოვა, რომ საქართველოს სახელმწიფოს აეკრძალოს 2 მარტის გადაწყვეტილება მანამ, სანამ სტრასბურის სასამართლო შეტანილ საჩივარს არ განიხილავს არსებითად და არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას, მეორე _ აეკრძალოს საქართველოს ხელისუფლებას დახუროს ან გააადვილოს რუსთავი 2-ის დახურვა და მესამე _ აეკრძალოს ხელისუფლებას არ შეცვალოს მენეჯმენტი ან ბორდი ამ კომპანიაში.

_ რუსთავი 2-მა სამი მოთხოვნის დასასაბუთებლად წარადგინა სხვადასხვა განცხადებები, მათ შორის სხვადასხვა დროს, სტრასბურის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ევროპის სახალხო პარტიის წევრების მიერ გაკეთებული განცხადებები, ამერიკის საელჩოს გუშინდელი განცხადება და ჩვენთან, შიგნით მედიაში გაკეთებული სხვადასხვა განცხადება და თქვა, რომ თუ სტრასბურის სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის მის მიერ მოთხოვნილ ღონისძიებას არ გამოიყენებდა, საქართველოში დასრულდებოდა დემოკრატია და თბილისის ქუჩებში ატყდებოდა ძალადობა და ქაოსი ბევრ სხვა ნეგატიურ მოვლენასთან ერთად, _ განაცხადა თეა წულუკიანმა.

მინისტრის თქმით, გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად მორიგე მოსამართლემ, რომლის გვარი, პროცედურის გამო, არის უცნობი.

_ ამ მოსამართლემ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება, რომ არა საქმის განხილვის დასრულებამდე, არამედ 8 მარტამდე მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ხელისუფლებამ არ განახორციელოს არანაირი ღონისძიება ნებისმიერი ფორმით, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ეს, რომელიც გამოიწვევდა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.

ამ საქმეს ამავე მოსამართლემ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მიანიჭა პრიორიტეტი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან გაგზავნილ სხვა ნებისმიერ საჩივარზე ადრე, იქნება ეს ციხიდან გაგზავნილი, რიგითი მოქალაქის მიერ გაგზავნილი თუ სხვა, მათზე ადრე განიხილავს ამ საქმეს. საქართველო მთავრობა არის მხარე, მხარეს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და ჩვენი ვალია, საზოგადოებისთვის გვეთქვა მშრალი ფაქტები, _ განაცხადა თეა წულუკიანმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018