ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშს უჩივის და “პანორამის” დაყადაღებას ითხოვს

“გურია ნიუსის” ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ამის შესახებ ფეისბუქზე გამოცემის ჟურნალისტი წერს.

ნატო გოგელია წერს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი კომპანია “პანორამის” დაყადაღებას ითხოვს. დეტალებს “გურიანიუსი” აქვეყნებს.

როგორც ირკვევა, “პანორამის” დაყადაღება ირაკლი ოქრუაშვილის მინდობილობით მოქმედმა ადვოკატმა ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ მოითხოვა, რადგან ქიბარ ხალვაშს ირაკლი ოქრუაშვილის ვალი აქვს, რომელიც ამ დრომდე არ დაუბრუნებია.

აი, რას ამბობს ადვოკატი გიორგი ზედელაშვილი ”გურია ნიუსთან” საუბარში:

_ ქიბარ ხალვაშს გააჩნია ირაკლი ოქრუაშვილის სასესხო დავალიანება და ამაზე გაფორმებულია შეთანხმება, რაც ერთვის სარჩელს და რაც ადასტურებს ვალის არსებობას.
ხალვაშმა ეს თანხა არ გადაიხადა და ამიტომ გახდა ირაკლი ოქრუაშვილი იძულებული, სასამართლოში შეეტანა სარჩელი თანხის დაკისრების მოთხოვნით. ასევე, მოვითხოვეთ სარჩელის უზრუნველყოფა, რომ შემდეგ თანხის ამოღების შესაძლებლობა ყოფილიყო.
ირაკლიმ მოითხოვა როგორც ყადაღის დადება და გასხვისების აკრძალვა, როგორც უძრავ ქონებაზე, ასევე , ქიბარ ხალვაშის 100%-იან წილზე „პანორამაში”.

ადვოკატის თქმით, სასამართლოს სხდომა ამ დრომდე არ ჩანიშნულა.

შეგახსენებთ, რომ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშსა და კომპანია “პანორამას”(40% წილით) მიეკუთვნა. ამ გადაწყვეტილების აღსრულება სტრასბურის ევროსასამართლომ 8 მარტამდე შეაჩერა.


ირაკლი ოქრუაშვილი 2016 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ “ქიბარ ხალვაშს არასდროს არაფერი არ ეკუთვნოდა, ამ შემთხვევაში რუსთავი 2-ს ვგულისხმობ”.
ასევე, ადასტურებდა, რომ არსებობს შეთანხმების დოკუმენტი ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის, რომელიც 2010 წელს გაფორმდა ბერლინში და ადასტურებს, რომ ხალვაში რუსთავი 2-ის ნომინალური მფლობელია. ეს დოკუმენტი მაშინ რუსთავი 2-მა გამოაქვეყნა.
5 პუნქტისგან შემდგარი დოკუმენტის მე-2 პუნქტში აღნიშნულია:
_ ქიბარ ხალვაში ადასტურებს, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შესაძენად დადებული ყველა გარიგებაში წარმოადგენდა ირაკლი ოქრუაშვილის ნომინირებულ პირს და მოქმედებდა მისი სახელით.
შესაბამისად, ტელეკომპანია რუსთავი 2-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, მის წილთა შემძენ კომპანიებზე, რუსთავი 2-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიაზე, მოთხოვნაზე, სარგებელზე, მისაღებზე (reccivables) საკუთრების და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს.
ქიბარ ხალვაში არ იმოქმედებს რუსთავი 2-თან დაკავშირებულ არც ერთ საკითხში ირაკლი ოქრუაშვილთან შეთანხმების გარეშე.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018