ლუკაშენკო: ”ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ძმებისთვის _ ქართველი ხალხისთვის”

გუშინ, 1 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ლიდერებმა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში განხილული საკითხების შესახებ ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა ბელარუს კოლეგას და ხალხს მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.
_ თქვენი ვიზიტის შემდეგ საქართველოში გაიხსნა ბელარუსის რესპუბლიკის საელჩო, აქტიურად დაიწყო განვითარება ვაჭრობის სფეროში ურთიერთობებმა, გაიზარდა ტურისტების რიცხვი.
მიხარია, როცა მესმის, რომ ბელარუსი მომავალშიც მზად არის გააღრმავოს ურთიერთობა საქართველოსთან და გამოიყენოს მთელი ის პოტენციალი, რომელიც არსებობს ჩვენს ერებში, იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა, _ ასე მიმართა გიორგი მარგველაშვილმა ალექსანდრე ლუკაშენკოს.
მან ბელარუსის პრეზიდენტს მადლობა უთხრა იმ მტკიცე მხარდაჭერისთვის, რომელსაც ბელარუსი ქართული სახელმწიფოსთვის ახორციელებს.
ლუკაშენკოს თქმით, კავკასიიის რეგიონში საქართველო ბელარუსისათვის პერსპექტიულ და მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს, რომელთანაც დიპლომატიური ურთიერთობები 20 წელიწადზე მეტს ითვლის.
_ ჩვენ ვენდობით ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, რომ ბელარუსის საელჩოს გახსნა საქართველოში დაეხმარება ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას, _ აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ტვირთბრუნვა, 2016 წელთან შედარებით, 63%-ით გაიზარდა და 5 წელიწადში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და ეს ტვირთბრუნვა უკვე 110 მილიონს უახლოვდება.
_ ძალიან ხშირად საქართველოს კურორტებს ირჩევენ ჩვენი მოქალაქეები, თითქმის  30 %-ით გაიზარდა დამსვენებელთა რიცხვი, ბელარუსს უკავია მე-11 ადგილი იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ეწვივნენ საქართველოს და როგორც ჩანს ძალიან კარგი პერსპექტივები გვაქვს მომავალშიც, _ განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მან გაიხსენა, რომ საქართველოს 15 ათასამდე მოქალაქე დაიღუპა ბელარუსში ფაშიზმთან ბრძოლაში.

_ ჩვენ ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემთ ქართველ ხალხს და მის კულტურას.
თქვენ არასოდეს ყოფილხართ ჩვენთვის უცხო… ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ძმებისათვის _ ქართველი ხალხისათვის, _ განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ პრესკონფერენციის შემდეგ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018