მარიამ მენაბდიშვილი: “ისრაელის მესაზღვრემ წყლის ჭურჭელში ჩამიფურთხა და მითხრა, დალიეო”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძე ”ახალ თაობასთან” ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.
_ ბოლო დროს საზოგადოება გამოთქვამს უკმაყოფილებას ისრაელში მებაჟეების მხრიდან ქართველების მიმართ არასათანადო მოპყრობაზე. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია ამ საკითხზე?
_ როგორც უფლებადამცველსა და ადვოკატთა პროფკავშირების თავმჯდომარეს, დაზარალებულმა მოქალაქეებმა ჩამოსვლისთანავე მომმართეს მათი უფლებების დასაცავად. ისინი დეპორტირებულნი იქნენ ისრაელიდან.
მათ შორისაა საქართველოს მოქალაქე მარიამ მენაბდიშვილი. როგორც ქალბატონი მარიამი აღნიშნავს, ჰქონდა საზღვარგარეთის პასპორტი და არ ჰქონდა არანაირი დარღვევა. საქართველოში აქვს თავისი სამსახური, ჰყავს ოჯახი – 6 თვის ბავშვი. არანაირი საფუძველი არ ჰქონდა იმის, რომ დაეტოვებინა ჩვენი სახელმწიფო და წასულიყო სხვა სახელმწიფოში სამუშაოს საძებნელად, თუმცა, რა თქმა უნდა, არ ეთაკილება თუნდაც დამლაგებლად მუშაობა. უბრალოდ, ამის არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.
_ რა გითხრათ მარიამ მენაბდიშვილმა?
_ ახლავე მოგახსენებთ, რა მითხრა ქ-მა მარიამმა:
”გამომართვეს საბუთები, გამომართვეს პირადი ნივთები და შემიყვანეს პატარა ოთახში, სადაც ორი ქალი იჯდა. მათ დაუძახეს ერთ კაცს, ვინაიდან ვუთხარი, რომ ინგლისურს ცუდად ვფლობდი და მერჩივნა, რუსულად მესაუბრა. ასევე ვუთხარი, რომ მქონდა უფლება, მომეთხოვა თარჯიმანი, ვინაიდან ივრითი არის ჩემთვის უცხო ენა – არ მესმის და ვერც ვსაუბრობ.
მითხრეს, რომ კიდევ 5–ვარსკვლავიანი სასტუმროს გამოყოფაც ხომ არ მსურდა. სახეზე მონათებული მქონდა პატარა კამერა და მეუბნებოდნენ, რომ თუ რამეს მოვიტყუებოდი, დამაკავებდნენ და 3 წელი მომიწევდა ისრაელში პატიმრობაში ყოფნა.
ვუთხარი, რომ თავადაც ვიყავი იურისტი და კანონიერად ვითხოვდი ადვოკატს, ვინც დაიცავდა ჩემს უფლებებს. ვუთხარი, რომ ეს იყო დაკითხვის ფორმა, რასაც ამ ქვეყანაში არ ვსაჭიროებდი, ვინაიდან არ ვარ დამნაშავე და არ გადავსულვარ უკანონოდ ისრაელში. ვიყავი სტუმრად საქმეზე და უკან უნდა დავბრუნებულიყავი – ამის საბუთი მქონდა.
მომთხოვეს საფულე და ამოიღეს 10 ცალი 100-დოლარიანი. მქონდა ასევე ქართული ვალუტა, რომელიც ჩემ თვალწინ გადაითვალეს. მკითხეს, რად მინდოდა ამდენი თანხა, რაზეც ვუპასუხე, რომ ვარ მორწმუნე და ისრაელიდან საჩუქრების წაღება მსურდა. ვუთხარი, რომ ყველა ქართველის ოცნებაა, რომ წმინდა მიწაზე ფეხი დაადგას, მაგრამ დღეს ვნანობ ამ ყველაფერს~.
მარიამის თქმით, მას სურდა, მისი ამბავი საქართველოსთვის და საკუთარი ოჯახისთვის ეცნობებინა, თუმცა, არც ამის საშუალება მიეცა.
`დავდექი დილემის და რეალობის წინაშე, თუ რა მდგომარეობა იყო და როგორი მოტყუებულები ვართ. ვნახე, როგორ გვამცირებენ და სულში გვაფურთხებენ”. როგორც მარიამი ამბობს, რუსულ ენაზე დაკითხეს, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს ოთახში, სადაც მის გარდა კიდევ ბევრი ადამიანი იყო – ქალები, კაცები და ხანდაზმულები.
მისი თქმით, დამცირების გარდა, იყო მუქარაც, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ.
“ქუდის ფორმის ელასტიური ნაჭრით აგვიხვიეს თვალები და გვითხრეს, რომ 5 წუთით უნდა შევჩერებულიყავით. აეროპორტიდან თვალახვეულები გისოსებიანი მანქანით წაგვიყვანეს და უკვე შიშმა შემიპყრო. როგორც მივხვდი, 20–25 წუთის შემდეგ შევედით ეზოში, ჩამოგვიყვანეს მანქანიდან და გვითხრეს, რომ სიგარეტი მოგვეწია, ვინაიდან მეტჯერ ვეღარ მოვწევდით. ვთქვი, რომ თამბაქოს მომხმარებელი არ ვარ, რაზეც მიპასუხა, რომ `შენ თუ მოინდომებ, შემიძლია გცემო~. შეგვიყვანეს ოთახში, სადაც ხელმეორედ გაგვჩხრიკეს: გამხადეს ფეხზე, ჩამომართვეს პირადი ნივთები, ამიკრძალეს გარესამყაროსთან ურთიერთობა~.
მარიანი ასევე აღნიშნავს, რომ `წითელი ორლიტრიანი პლასტმასის ჭურჭლით შემოიტანეს ადუღებული წყალი, რომელშიც ქაღალდიან–ძაფიანად ეყარა ფერები და 3 ცალი ჭიქა, რომელიც 15–20 ქართველს უნდა გვეხმარა და დაგველია. გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ ვიყავით ღორები და მოსამსახურეები – ჩასულები დასარეცხად, და ეს ყველაფერი უნდა გვეჭამა, თუ არადა მოვკვდებოდით შიმშილით. მე მათ მივმართავდი ”ძმით” და უმორჩილესად ვთხოვე, რომ მოეცათ ადუღებული წყალი, რომელსაც ჭიქებში ჩავასხამდით და ისე დავლევდით, ვინაიდან რაც მოგვიტანეს, ის იყო ბინძური.
ერთ-ერთი დამთანხმდა, გაიღო რკინის კარები და გამიყვანეს სატუსაღოდან. შემიყვანეს ოთახში, სადაც კამერები იყო დამონტაჟებული… ამივსო [მესაზღვრემ] ახალი წყლის ჭურჭელი, ჩამიფურთხა და მითხრა, დალიეო. რა თქმა უნდა, არ დავლიე და ამივარდა ისტერიკული ტირილი. ვუთხარი, რომ ჩვენ მოძმე ერი ვართ და არ შეიძლება ასეთი დამცირება ადამიანის – ეს იყო დანაშაული”.
როგორც მარიამ მენაბდიშვილი ამბობს, ისრაელის საბაჟოს თანამშრომლებს დაჰპირდა, რომ საქართველოში დაბრუნების შემდეგ ამის შესახებ ყველას გააგებინებდა რაც მოხდა.
_ სხვა ადამიანები თუ საუბრობენ ამ საკითხის შესახებ?
_ მარიამ მენაბდიშვილის გარდა, ისრაელის საზღვარზე მათი უფლებების დარღვევისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ საუბრობენ ხატია ხიზანიშვილი და ელიკო ჯიოშვილიც.
მათ იურიდიული დახმარების თხოვნით საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელ პროფკავშირს მიმართეს. ეს გადავუგზავნეთ რეაგირებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
როგორც ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე და უფლებადამცველი მივიჩნევ, რომ აღნიშნული განცხადებები შეიცავს საქართველოს მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლების, ღირსებისა და კანონიერი ინტერესების სერიოზულ ხელყოფის ნიშნებს, რაც საჭიროებს სათანადო და ობიექტურ შესწავლას.

გიორგი თევზაძე ვარაუდობს, რომ ეს შემთხვევა ერთეული არ არის და ხშირია მსგავსი უკანონო და უპატივცემულო დამოკიდებულებები.
_ ისრაელი არის მოძმე ქვეყანა და გვიკვირს მათი მხრიდან ასეთი აგდებული დამოკიდებულება საქართველოს მოქალაქეების მიმართ. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ჩინოვნიკების ბრალი, თუმცა არაა გამორიცხული, პროვოკაციაც, რასაც სახელმწიფომ უნდა მიაქციოს ყურადღება და ამგვარ ფაქტებს წერტილი უნდა დაესვას დამეთანხმებით რომ მეგობრობა უფრო მისაღებია როცა ორივე მხარე ერთმანეთის მხრიდან გრძნობს მეგობრულ დამოკიდებულებას და მხარდაჭერას, _ გვითხრა გიორგი თევზაძემ.

გულიკო ბალაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018