პეტრე ბაგრატიონის ცოლს შიშველ ანგელოზს ეძახდნენ _ ქართველი გენერლის საბედისწერო ქალები

_ რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს, ესაა ბაგრატიონი, _ ამბობდა ნაპოლეონი რუსეთის იმპერიის გენერალ პეტრე ბაგრატიონზე 1812 წელს, როდესაც მან რუსეთთან ომი გააჩაღა.

ქართველი მეფეების შთამომავალს რუსეთის არმიაში მთის არწივს ეძახდნენ.
პეტრე ბაგრატიონი თავისი გმირობით ყველას აოცებდა, იმპერიის სიძლიერისთვის სიცოცხლესაც კი არ იშურებდა, მაგრამ რუსებმა ამაგი და თავდადება არ დაუფასეს, მისი საფლავი გაანადგურეს, ნეშტი კი გადააგდეს. ასეთი ბედი ერგო სიკვდილის შემდეგ სხვისი ქვეყნის ერთგულ მსახურს.
ტრაგიკული იყო მისი პირადი ცხოვრებაც, ბედისწერამ არც სიყვარულში დაინდო. მის ცხოვრებაში ორი ქალი იყო და ორივეს ეკატერინე ერქვა.

ერთი მისი მეუღლე გახლდათ, რომელიც ვერ შეიყვარა, ხოლო მეორე _ იმპერატორ პავლე I-ის ქალიშვილი, რომელიც მთელი ცხოვრება უყვარდა, მაგრამ მასთან ურთიერთობა ეკრძალებოდა.
პეტრე ბაგრატიონის ტრაგიკულ სიყვარულზე მწერალი და ჟურნალისტი ტარიელ ზოზრაშვილი ჟურნალ ”სარკეს” ესაუბრა:
_ 1800 წლის გაზაფხულზე ერთ-ერთ წვეულებაზე 18 წლის ეკატერინე სკავრონსკაიამ პეტრე ბაგრატიონის გაცნობა მოინდომა და შუამავლობა გრაფ ბალაშოვს სთხოვა, მაგრამ პეტრემ მისი გაცნობა არ მოისურვა და იქაურობას გაეცალა.
ეკატერინე გენერლის ასეთმა საქციელმა აღაშფოთა, პეტრეს წამოეწია და უთხრა, მამაც გენერალს არ შეჰფერის, სუსტ ქალიშვილს ზურგი უჩვენოს და გაიქცესო. ქალიშვილის ასეთმა პირდაპირობამ ბაგრატიონი მოხიბლა.
თაყვანისმცემლებით გათამამებული ეკატერინე გენერალს ხშირად აეჭვიანებდა. მოგვიანებით ისინი იმპერატორმა, პავლე I-მა, დააქორწინა. წყვილის მეჯვარე თავად იმპერატორი იყო.
__ მხურვალე რომანის და პომპეზური ქორწილის შემდეგ რა შეიცვალა მათ ურთიერთობაში?
_ განსხვავებული ხასიათების აღმოჩნდნენ. მათი ხანმოკლე ოჯახური ურთიერთობა უღიმღამოდ მიდიოდა. ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ პეტრე ბაგრატიონი სალაშქროდ წავიდა, ხოლო ეკატერინემ სანკტ-პეტერბურგი დატოვა და ვენაში გადავიდა საცხოვრებლად.
ფუქსავატურად გაზრდილმა ეკატერინემ ვენაში თავისუფალი ცხოვრება დაიწყო. ის სამშობლოში აღარ დაბრუნებულა და პეტრე ისე გარდაიცვალა, ცოლს არც უნახავს. ქმრისადმი მისი პატივისცემა მხოლოდ იმით გამოიხატა, რომ ბოლომდე ბაგრატიონის გვარს ატარებდა. არც პეტრე იყო ოჯახისთვის დაბადებული, ყველაზე კარგად თავს ბრძოლის ველზე, ტყვიების ზუზუნში გრძნობდა.
__ თქვენ გაკვრით ახსენეთ, პეტრე ბაგრატიონის ცოლი ვენაში თავისუფლად ცხოვრობდაო. მასზე პირდაპირ წერენ, რომ აღვირახსნილი ქალი იყო, გამჭვირვალე კაბების ჩაცმა უყვარდა და ამის გამო შიშველი ანგელოზი შეარქვეს, თეთრ ფისოსაც უწოდებდნენ.
_ დიახ, ეკატერინემ მთელ ევროპაში სახელი ასე სკანდალურად გაითქვა.
__ ზოგიერთი მკვლევარი წერს, რომ ეკატერინე სკავრონსკაიამ ავსტრიის კანცლერ მეტერნიხისგან ქალიშვილი, კლემენტინა, გააჩინა, ხოლო პეტრე ბაგრატიონმა იმპერატორ ალექსანდრე I-ის მოთხოვნით ბავშვი თავის გვარზე დაწერა. რას გვეტყვით ამ ყველაფერზე?
_ ამ საკითხზე საუბარი არ მინდა.
__ პეტრე ბაგრატიონის ცხოვრებაში იყო დიდი სიყვარული. მას თავდავიწყებით უყვარდა იმპერატორ პავლე I-ის ქალიშვილი და იმპერატორ ალექსანდრე I-ის და. ამ ურთიერთობაზეც გვიამბეთ.
_ ეკატერინეს თავდავიწყებით შეუყვარდა სახელოვანი სარდალი. იმპერატორის დის მიმართ არც გენერალი იყო გულგრილი. ეს ის ეკატერინე გახლდათ, რომლის ცოლად შერთვა თავად ნაპოლეონს სურდა, მაგრამ უარი უთხრეს.
პეტრე ბაგრატიონისა და ეკატერინეს სიყვარულზე სასახლეში ჭორები გავრცელდა. სამეფო კარმა გენერალი სანტკ-პეტერბურგს მოაშორა და მოლდავეთის არმიაში გაგზავნა. 1809 წლის 1 ივლისს კი ეკატერინე სასწრაფოდ გაათხოვეს პრინც ოლდენბურგზე, რომელიც რუსეთის არმიაში გენერალ-მაიორი იყო.
გათხოვილმა ეკატერინემ მაინც ვერ შეძლო პეტრეს დავიწყება და არც ბაგრატიონმა დაივიწყა თავისი სიყვარული.
__ ამ სიყვარულს ბოლომდე უერთგულა და ეს გრძნობა საფლავში ჩაიყოლა.
_ დიახ, ასე იყო.
ჟურნალი ”სარკე”, ლია ოსაძე 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018