რამაზ საყვარელიძე: “საარჩევნო ბარიერმა უნდა დაიწიოს”

“ახალ თაობას” ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ესაუბრება.

_ ბატონო რამაზ, საკონსტიტუციო კომისიის ბოლო სხდომა ძირითადად საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს დაეთმო. პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გაჟღერდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდეს. როგორია თქვენი შეხედულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

_ მე საერთოდ არ მეჩვენება, რომ ამ კომისიას გამართული სტრატეგია აქვს. მან, ფაქტობრივად, განხილვამდე გადაწყვიტა, რომ არ იქნება კამათი იმის თაობაზე, საქართველო საპრეზიდენტო რესპუბლიკა უნდა იყოს თუ საპარლამენტო. მე ეს მიმაჩნია შეცდომად იმიტომ, რომ 2016 წლის მერე შექმნილ სიტუაციაში ასე უპირობოდ საპარლამენტო რესპუბლიკის ლიანდაგზე ყოფნა, არა მგონია, გამართლებული იყოს.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ 2016 წლის მერე საერთოდ მოიშალა პარტიული სტრუქტურები. ერთადერთი მყარად მდგომი პარტია სახელისუფლებო პარტიაა, ხოლო საპარლამენტო რესპუბლიკის არჩევანი გულისხმობს, რომ ხელისუფლების ყველა შტო უსაზღვრო დროით ამ პარტიის ხელში გადავა. ისედაც გვაქვს ტენდენცია ერთპარტიულობისკენ და მივიღებთ უკვე კონსტიტუციურად გამყარებულ ერთპარტიულობას.
_ პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, სადაც ოპოზიციის პოზიციები გაძლიერდება. რამდენად გჯერათ, რომ ასე იქნება?
_ რა თქმა უნდა, ეს თავისთავად კარგი სურვილია, ოღონდ რეალობა ამ სურვილს დააშორებს ყველას, რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს ამომრჩეველს ოპოზიციის მიმართ დიდი ინტერესი და ნდობა არა აქვს. ჩვენთან არის ტენდენცია, რომ ყველამ ერთ პარტიას მისცეს ხმები. რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, ოპოზიციას უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთო, თუ კვოტებს დაუდგენენ ოპოზიციას, არ ვიცი, თორემ, ამომრჩევლის ნებაზე თუ იქნება, საერთოდ არ მიაქცევს ყურადღებას ოპოზიციას, რამაც, შესაძლოა, სერიოზული ხარვეზი შეიტანოს დემოკრატიის გააზრებაში.
_ ანუ თქვენ არ მოგწონთ საპარლამენტო რესპუბლიკა და საპრეზიდენტოსკენ იხრებით?
_ დაახლოებით ასეა. პლუსები საპარლამენტო მმართველობაშიც არის, მაგრამ არის მთელი რიგი მინუსები, რამაც ამერიკას უარი ათქმევინა საპარლამენტო რესპუბლიკაზე და საპრეზიდენტოზე გადავიდა. ჩვენ ამერიკის გამოცდილებას არ ვიზიარებთ და ყურადღებას არ ვაქცევთ, ასევე არ ვაკვირდებით იმას, რომ იმავე ამერიკის შეერთებულ შტატებს მაჟორიტარული სისტემა აქვს. რადგან ამერიკელებს მიაჩნიათ, რომ პროპორციული სისტემის დროს პარლამენტში შედიან ადამიანები, რომლებსაც მოსახლეობა არ იცნობს და არავითარი პასუხისმგებლობა იმ ადამიანებს მოსახლეობის მიმართ არა აქვთ. მხოლოდ იმ ლიდერის მიმართ აქვთ, რომელიც აკომპლექტებს ამ სიებს. ეგ სიტუაცია იქნება ჩვენთანაც.
_ ოპოზიცია 5%-იანი ბარიერის დაწევის ინიციატივითაც გამოდის. უნდა დაიწიოს ბარიერმა?
_ რაც უფრო დაიწევს ბარიერი, მით უკეთესია ამ მხრივ, რომ ორკაციანი პარტიებიც შევლენ. მე ნამყოფი ვარ ასეთ პარლამენტში და ორკაციანი პარტიის ორივე წარმომადგენელი იჯდა ე.წ. იმელის პარლამენტში. კი ბატონო, გავიმეოროთ ეგ სურათი, ოღონდ რატომ არის ბარიერი შემოღებული?! ძალიან ჭრელი თუ იქნა პარლამენტი, მასში მუშაობა გაძნელდება.
_ ეს იდეა მაინცდამაინც არ მოგწონთ?
_ თუკი ჩვენ მიზნად გავიხადეთ, რომ ისეთი ოპოზიცია, რომელიც ხალხს არ უნდა, მაინცდამაინც უნდა გვყავდეს პარლამენტში, მაშინ ეს იდეა გამართლებულია. მე თვითონ ეს მიზანი არ მესმის. პროპორციულს რაც შეეხება, მე ამერიკის მაგალითზე მოგახსენეთ, თუმცა ჩვენთანაც სულ ისმის კრიტიკა, ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებსაც ვუყურებთ პარლამენტში, მათი სახელები და გვარები არც კი გაგვიგია. თუ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, მაშინ მათი პროცენტი კიდევ უფრო გაიზრდება!
_ ვინ დარჩება ამით მოგებული?
_ ამით მოიგებენ პატარ-პატარა პარტიები, იმიტომ რომ მათ მკაფიო ლიდერები საიმისოდ, რომ მაჟორიტარულ ოლქში გაიყვანონ, არ ჰყავთ, მაგრამ ამითვე მოიგებს მმართველი პარტიაც.
ისიც დადებს უსასრულო სიას. ამ სიის ყველა მონაწილე იქნება ლიდერის მიმართ ვალდებული, რომ მისი პრეტენზიები გაატაროს და მიიღებენ პარლამენტს, რომელიც ავტომატურად დაეთანხმება მმართველ ხელისუფლებას. მე მგონი, შორსმჭვრეტელობა აკლიათ ოპოზიციურ პარტიებს. როცა ასე ბეჯითად ითხოვენ საპარლამენტო რესპუბლიკას, წესით, ეს მაგათ ინტერესში არ უნდა იყოს. რას ვიზამთ, რაც არიან, ეგ არიან! ამით რასაც მივიღებთ, მერე მოვიმკით ყველანი ერთად!
_ პრეზიდენტის არჩევის წესზეც აქტიური მსჯელობა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის მხრიდან გაჟღერდა ისიც, რომ, შესაძლოა, 2018 წელს კვლავ პირდაპირი წესით მოხდეს პრეზიდენტის არჩევა და მისი დანიშვნის წესი ძალაში 2020 წლიდან შევიდეს. ამაზე რას ფიქრობთ?
_ ეს მიუთითებს იმაზე, რომ თვითონ ეს პუნქტიც პრინციპული არ არის კანონმდებლებისთვის. თუკი ერთი წელიწადი შეგიძლია მოითმინო, მაშინ საერთოდ მოითმინე! რატომ შემოგაქვს განსხვავებული ნორმა?! თუ პოლიტიკურ კონიუნქტურას უწევ ანგარიშს, ე.ი. არც იურიდიული და არც პოლიტიკური აზროვნების პროდუქტი არ არის ის, რასაც შენ ამბობ, ისევ და ისევ კონიუნქტურის პროდუქტია.
_ როდესაც მისი უფლებების შეკვეცაზეა საუბარი, ასევე ითქვა ისიც, რომ სასამართლოსთან დაკავშირებული კომპეტენციები მთლიანად ჩამოერთმევა პრეზიდენტს. რის უფლებას უტოვებენ საერთოდ?
_ დაახლოებით იგივე უფლებები, რაც ჩვენს პრეზიდენტს აქვს, აქვს ინგლისის დედოფალს. იმას საერთოდ არ ირჩევენ, მემკვიდრეობით იღებს ამ თანამდებობას, მაგრამ ამის გამო ინგლისელები არ გაჰკივიან, დემოკრატია აღარ გვაქვსო. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ უფლებების მქონე პირს აირჩევ თუ ამ თანამდებობას მემკვიდრეობით მიიღებს, ამას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა არ ექნება. შეუმცირებენ უფლებებს თუ გაუზრდიან, რა მნიშვნელობა აქვს?!
_ რატომ არა აქვს? მაშინ რისთვის არსებობს ეს ინსტიტუტი?
_ დღეს მმართველ გუნდს იმხელა უფლებები აქვს, რომ ქვეყნის ბედ-იღბალი არ წყდება სასამართლო სისტემაშიც კი, სადაც მას წარდგენის მეტი საშუალებები აქვს. უფრო კარდინალური ცვლილებებია საჭირო, თუ გვინდა, რომ არსებობდეს ერთი პოლიტიკური ძალის ალტერნატივები. პოლიტიკურ პლურალიზმს ამერიკული სისტემა უფრო უზრუნველყოფს, ვიდრე ევროპული საპარლამენტო რესპუბლიკა. ჩვენ მაინცდამაინც წავედით ევროპული მოდელისკენ და მერე ვიწყებთ წვრილმანების გადანაწილებაში პლურალიზმის ძებნას, ორი თანამდებობის პირის დანიშვნის უფლება ექნება პრეზიდენტს თუ სამის და ამით გვინდა, პლურალიზმი დავიცვათ? ეს ცოტა გულუბრყვილოა!
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018