რა არის ხვრინვა

ხვრინვა საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. ადამიანთა მნიშვნელოვან ნაწილს აწუხებს ხვრინვის პრობლემა. ხშირია კითხვები _ რა არის ხვრინვა, რატომ ხვრინავს ადამიანი, რა საფრთხეს შეიცავს ეს თითქოსდა უმნიშვნელო ჩვევა და სად არის გამოსავალი?

აღნიშნულ თემაზე ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების, თავისა და კისრის ქირურგიის გერმანიის აკადემიის წევრი, საქართველოს რინოლოგთა ასოციაციისა და კლინიკა ,,ლანცეტის”  ოტორინოლარინგოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მერაბ ხვადაგიანი საუბრობს.

მერაბ ხვადაგიანი:

_ ხვრინვა საკმაოდ გავრცელებული პათოლოგიაა. სხვადასხვა ავტორთა მონაცემებით, მოსახლეობის 8-72%-ს ძილში ხვრინვა აღენიშნება. 20 წლამდე ხვრინავს 10%-ზე ნაკლები, 60 წლის ზემოთ კი _ 50%-ზე მეტი. ხვრინვის ერთ-ერთი ხელშემწყობი მიზეზი ჭარბი წონაა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენთან როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში საკმაოდ არის გავრცელებული.

თავისთავად, ხვრინვა საშიშროებას არ წარმოადგენს. საშიშია ხვრინვის დროს ძილში სუნთქვის ხანგრძლივი შეჩერება, ე.წ. ობსტრუქციული აპნოე. ძილის დროს ფიზიოლოგიური აპნოე და იშვიათი ხვრინვა ზოგჯერ ჯანმრთელ ადამიანებშიც აღინიშნება. პათოლოგიური ობსტრუქციული აპნოეს დროს ძილის ხანგრძლივი ფაზის 1 საათის განმავლობაში 10-ჯერ მაინც აღინიშნება 10-წამიანი ან უფრო ხანგრძლივი სუნთქვითი პაუზა.

ასეთ შემთხვევაში ადგილი აქვს არტერიულ სისხლში ჟანგბადის გაჯერების კრიტიკულ ზღვრამდე _ 90%-მდე შემცირებას. მნიშვნელოვნად მცირდება თავის ტვინის, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სხვა ორგანოების ჟანგბადით მომარაგება. შესაბამისად, მაღალია ცერებრალური და კარდიოვასკულარული სხვადასხვა პათოლოგიის განვითარების რისკი. ამიტომ არც ისე იშვიათია ხვრინვის დროს ინფარქტისა და ინსულტის განვითარება, ზოგჯერ ლეტალური გამოსავლითაც კი.

აღსანიშნავია, რომ ხვრინვა და ობსტრუქციული აპნოე 5-10-ჯერ უფრო ხშირია მამაკაცებში და მაქსიმუმს 50-55 წლის ასაკში აღწევს, რასაც, როგორც აღვნიშნეთ, თანდართული ჭარბი წონაც უწყობს ხელს. ასეთ პაციენტებს ხშირად ნევროზები, ჰიპერტონია და ერექციული დისფუნქციაც აღენიშნებათ.

სტატისტიკურად მოსახლეობის 55%-ს, რომელსაც ხვრინვა აღენიშნება, აქვს ობსტრუქციული აპნოე, რომელიც ადგილობრივი მიზეზებით არის გამოწვეული. შეფერხებულია ცხვირით ნორმალური სუნთქვა, ამ უკანასკნელს კი უდიდესი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციონირებისათვის. ცხვირით სუნთქვის გაძნელებას ძირითადად იწვევს: ცხვირის ძგიდის გამრუდება, ნიჟარების ჰიპერტროფია, ცხვირის პოლიპოზი, ბავშვებში ადენოიდების ჰიპერტროფია, ცხვირ-ხახის სხვადასხვა პათოლოგია, სასის ნუშურების ჰიპერტროფია, ასევე ნაქის, რბილი სასისა და ენის ძირის პათოლოგიები.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018