ერდოღანი ნიდერლანდებს დაემუქრა: ”ვნახოთ, თქვენი თვითმფრინავები თურქეთში როგორ დაეშვებიან”

ერდოღანი ნიდერლანდებს დაემუქრა: ”ვნახოთ, თქვენი თვითმფრინავები თურქეთში როგორ დაეშვებიან”თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ნაცისტურ ქმედებებში გერმანიის შემდეგ, ნიდერლანდებიც დაადანაშაულა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დღეს, 11 მარტს, ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს როტერდამში ჩაფრენის ნებართვა გაუუქმა, სადაც ის მიტინგზე დასწრებას აპირებდა.

ამავდროულად, ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქ დიასპორას იმ სააგიტაციო მიტინგის ჩატარების უფლება არ მისცა, რომელზეც თურქეთის ლიდერები ნიდერლანდებში მცხოვრები თურქებისთვის პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ 16 აპრილს დაგეგმილი რეფერენდუმის შინაარსის გაცნობას აპირებდნენ.

დღეს თურქეთის პრეზიდენტი სტამბოლში სიტყვით გამოვიდა და ჰოლანდიის მთავრობის ქმედება მკვეთრად გააკრიტიკა.

_ ნიდერლანდებში თურქეთის მოქალაქეები გაანადგურებენ ამ ქვეყნის ანტითურქულ გეგმებს, _ განაცხადა ერდოღანმა.

მან თქვა, რომ 16 აპრილის რეფერენდუმის შემდეგ თურქეთი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს.

_ ანკარას შეუძლია მოთმინება. ვნახოთ, ამის შემდეგ როგორ დაეშვებიან თქვენი თვითმფრინავები თურქეთში. ვგულისხმობ დიპლომატების თვითმფრინავებს, _ აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

მისი აზრით, ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ფაშისტია.

რამდენიმე დღის წინ თურქეთის პრეზიდენტმა გერმანიაც დაადანაშაულა ნაცისტურ ქმედებებში მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ თურქ მინისტრებს აქციის ჩატარებაზე უარი განუცხადა.

მიტინგების ჩატარებაზე თურქულ დიასპორას უარი უთხრეს ავსტრიისა და შვეიცარიის მთავრობებმაც.

პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდასთან დაკავშირებით თურქეთში რეფერენდუმი 16 აპრილს არის დაგეგმილი. აღნიშნული ცვლილებით, პრეზიდენტს ექნება ბრძანებების, მინისტრების დანიშვნის, პრემიერის ინსტიტუტის გაუქმების, რეფერენდუმზე საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხის გამოტანის უფლება.