ერდოღანი: ”ქალბატონო მერკელ, თქვენ ტერორისტებს უჭერთ მხარს”

ერდოღანი: ''ქალბატონო მერკელ, თქვენ ტერორისტებს უჭერთ მხარს''თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს ბრალი ტერორისტების მხარდაჭერაში დასდო.
აღნიშნულის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა A Haber TV-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
__ ქალბატონო მერკელ, რატომ აძლევთ თქვენს ქვეყანაში თავშესაფარს ტერორისტებს? რატომ არაფერს აკეთებთ? ქალბატონო მერკელ, თქვენ ტერორისტებს უჭერთ მხარს, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ ტერორისტებს გულისხმობდა, თუმცა მითითება გააკეთა ქურთისტანის მუშათა პარტიაზე, რომელიც თურქეთის, ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად ითვლება.
თურქეთის ლიდერმა მერკელს ასევე ბრალი დასდო იმაში, რომ მან ნიდერლანდების მხარი დაიჭირა თურქეთსა და ნიდერლანდებს შორის წარმოქმნილ სკანდალურ სიტუაციაში, როდესაც ნიდერლანდების ხელისუფლებამ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს როტერდამში შესვლის ნებართვა არ მისცა.
ბერლინსა და ანკარას შორის ურთიერთობები სტამბოლში გერმანელი ჟურნალისტის დენიზ იუჯელის დაკავების შემდეგ გამწვავდა. თურქეთის ხელისუფლება მას ბრალს დებს ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობაში, მონაცემების არასამართლებრივ გამოყენებაში და ტერორიზმის პროპაგანდაში.
ანგელა მერკელმა ოფიციალურ ანკარას ჟურნალისტის გათავისუფლება და სიტყვის თავისუფლების პატივისცემა მოსთხოვა.
ინტერპრესნიუსი