„ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ ჩაფარცხა“

„ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ ჩაფარცხა“პირველი პრეზიდენტის მკვლელობიდან 24 წელი გავიდა. სააკაშვილის დროს ამ საქმის გამოძიება თითქოს დაიწყო, მაგრამ ბოლომდე არ მივიდა. ეს ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით.

ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული სახელმწიფოსთვის. თუ გვინდა, რომ მომავალ თაობებში მითქმა-მოთქმა, ზიზღი და დაპირისპირება არ იყოს, მათ უნდა იცოდნენ სიმართლე.

ზაალ კასრელშვილი:

– 1992 წლის სამხედრო გადატრიალება იყო ერთ-ერთი ასეთი მოვლენა, რომლის უკანაც რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ. ამ სამხედრო გადატრიალებას 2 მიზანი ჰქონდა. პირველ რიგში, ეროვნული ხელისუფლება უნდა დაემხოთ, მეორე მიზანი კი გადამტრიალებლების სისხლში გასვრა იყო, რათა მათზე კომპრომატები ჰქონოდათ და იოლად ემართათ.

გადატრიალების უსისხლოდ მოწყობა ნამდვილად შესაძლებელი იყო, მაგრამ კაგებეს სისხლისღვრა აწყობდა და სისხლიც დაიღვარა. მათ გათვლილი ჰქონდათ, რომ გადატრიალების მომწყობი ხალხი ხელისუფლებაში მოვიდოდა, მათ სამართავად კი კომპრომატები იყო საჭირო. კომპრომატების წყალობით ისინი იოლად სამართავები იქნებოდნენ და საქართველო კუთხეებად დაიშლებოდა.

თუნდაც იმიტომ უნდა გამოვიძიოთ გამსახურდიას მკვლელობის საქმე, რომ ყველას დავანახოთ _ გარე მტრები ერთი და იმავე მეთოდებით ებრძვიან საქართველოს. პირველი პრეზიდენტი იმიტომ მოიშორეს, რომ ის არც კორუმპირებული ყოფილა და არც არავისი რენეგატი. ის მართლა ხალხის მიერ არჩეული ლიდერი იყო.

ზვიად გამსახურდიას კონკრეტულად რუსეთის სპეცსამსახურები ებრძოდნენ. სხვა ქვეყნებმა გამსახურდიას დამხობის შემდეგ გააძლიერეს საქართველოში თავიანთი ინტერესჯგუფები. მაშინ ზვიადის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ იყო არც თურქეთში, არც აზერბაიჯანში, არც სომხეთში და არც ისრაელში. ძალიან მალე გამოქვეყნდება წერილი, რომელიც გამსახურდიას პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ისრაელის მაშინდელმა პრემიერმა გამოუგზავნა. ეს წერილი ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.

რატომ არის პირველი პრეზიდენტის მკვლელობა დღემდე გამოუძიებელი?

ზაალ კასრელიშვილი:

– მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ბლომად იყო ისეთი ხალხი, რომლებმაც კანონიერი ხელისუფლების დამხობაში მიიღეს მონაწილეობა. საქმის გამოუძიებლობის ერთი მიზეზი ესეც არის. მეორე მიზეზი ბიძამისის კავშირებია კაგებესთან. თემურ ალასანია საბჭოელია და კრემლთან სერიოზული კავშირები აქვს. არ გამოვრიცხავ, რომ თემურ ალასანიას დახმარებით შეჩერდა ამ საქმის გამოძიება. მოსკოვს სიმართლის დადგენა არ სურს.

ეტყობა, ამ საქმეში არის კიდევ ისეთი დეტალები, რომელთა გამჟღავნებაც რუსეთისთვის მიუღებელია. თემურ ალასანიას დახმარებით ეს საქმე ჩაიფარცხა. სანაცვლოდ რუსები სააკაშვილსა და ბიძამისს რაღაცებს დაჰპირდნენ, რაც

მომავალში გახდება ცნობილი. რუსეთმა დანაპირები არ შეასრულა და გაბრაზებულმა სააკაშვილმა ენვერების სპექტაკლები დადგა.

ყველა უბედურება, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირს, კანონიერი ხელისუფლების დამხობიდან დაიწყო.

„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი