მაკა ჩიჩუა რუსთავი 2-თან მხარდასაჭერად მივიდა

მაკა ჩიჩუა რუსთავი 2-თან მხარდასაჭერად მივიდა_ ამ ფონზე, როცა ვიზალიბერალიზაცია გვაქვს, რატომ უნდა გავაფუჭოთ ჩვენი მომავალი?!

ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ განაცხადა, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-თან მივიდა და ტელეკომპანიის თანამშრომლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

მაკა ჩიჩუას აზრით, არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ დაუდგება გვერდში იმას, რაც ხდება და ყველა ეჭვის თვალით შემოგვხედავს.

მაკა ჩიჩუას აზრით, ცუდი და დამანგრეველი გამოცდილება არ უნდა გავიმეოროთ.

_ ძალიან კარგად მახსოვს ყველაფერი და ძალიან ცუდად მახსენდება ის, რაც ხდებოდა ტელევიზიების მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, არ დავაზარალოთ თავისუფალი სიტყვა. დღეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, ისეთმა კრიტიკულმა ტელევიზიამ, როგორიც არის რუსთავი 2, იარსებოს იმ გუნდთან ერთად, რაც დღეს არის მთელი შემადგენლობით.

ჩვენ არ გვჭირდება ძველი უბედურებების გახსენება, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და ჩვენს შვილებს შევუქმნათ ნამდვილი, დემოკრატიული, ევროპული მომავალი. რატომ უნდა შევუქმნათ ჩვენს შვილებს საფრთხე იმისა, რომ წინსვლა შეფერხდეს. ძალიან ბევრი უკვე გაკეთებულია, ჩვენ ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ, მაგალითად მე, ჩემი ძალებით ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მოგვეპოვებინა თავისუფალი სიტყვა და თავისუფლება, _
განაცხადა მაკა ჩიჩუამ.