მეუფე დიმიტრი: “ვხედავ, რომ შავი ღრუბელია ჩემს თავზე თავმოყრილი”

პირველ მარტს ბათუმის და ლაზეთის ეპარქიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ციანიდის საქმის გამოძიების დასრულებამდე ეპარქია საჯარო განცხადებებს არ გააკეთებდა.
მეუფე დიმიტრი: "ვხედავ, რომ შავი ღრუბელია ჩემს თავზე თავმოყრილი"_ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ გაოგნებული ვართ მომხდარი ფაქტის გამო, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ეს იქნება უმძიმესი ტრაგედია თითოეული ჩვენთაგანისათვის.
ნდობას ვუცხადებთ საგამოძიებო ორგანოებს, თვალყურს ვადევნებთ პროცესების მიმდინარეობას და მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, გამოძიების დამთავრებამდე არ ვაკეთებთ საჯარო განცხადებებს, _ ნათქვამია საგანგებო განცხადებაში.
ამ განცხადებას მეუფე დიმიტრის და ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის დედის შეხვედრა უძღოდა წინ. შეხვედრის დეტალები არ გახმაურებულა.
გუშინ, 2 მარტს, დაკავებულის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მამა გიორგი მეუფე დიმიტრისთან შეხვედრას ითხოვს.
მეუფე დიმიტრის სახელი დაკავებულის ჩვენებაში ფიგურირებს. ჩვენებაში ნახსენებია მეუფე დიმიტრის სიზე, სოსო ოხანაშვილიც. ეს უკანასკნელი პროკურატურამ უკვე დაკითხა. დიდი ალბათობით, მეუფესაც მოუწევს საგამოძიებო უწყებაში მისვლა.
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი პროკურატურაში მისასვლელად მზადაა.
მეუფის თქმით, ის პირდაპირ კავშირშია დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან, რადგანაც მღვდლად ის მისი ნაკურთხია და მხოლოდ ბოლო ორი წელია, რაც ის იმყოფება საპატრიარქოში.
_ არ ვიცი, რატომ უნდა დამიბარონ, მხოლოდ იმიტომ, რომ მამა გიორგი მამალაძეს ვიცნობდი? ასე მას იცნობს ნახევარი საქართველო. მაგრამ თუ რამე სურვილი გაუჩნდება, მზად ვარ, შევხვდე. თუ პროკურატურას ჩემთან კითხვები გაუჩნდება, მზად ვარ, ვუპასუხო, _ განაცხადა ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა.
საგამოძიებო უწყებამ ერთი მეუფე უკვე დაკითხა. 28 თებერვალს პროკურატურის კითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში მეუფე პეტრე პასუხობდა.
საგანგებო ბრიფინგზე მეუფემ დეკანოზ გიორგი მამალაძის სახელით გავრცელებულ სკანდალურ წერილზეც ისაუბრა. ეს წერილი ეკლესიაში არსებულ ვითარებას და ფინანსურ დარღვევებს ეხება.
მიტროპოლიტი ამბობს, რომ მას ეს წერილი პირადად არ წაუკითხავს, თუმცა შინაარსი იცის.
_ მამა გიორგიმ შინაარსი დაახლოებით მითხრა, მაგრამ წერილი არ წამიკითხავს, ის ემზადებოდა სინოდისთვის, მე რამდენადაც ვარ საქმის კურსში, ეს წერილი გადასცა პატრიარქს და თუ არ გადასცა, არც ამის პრობლემა არ ჰქონდა მას, რადგან ის საკმაოდ დაახლოებული იყო პატრიარქთან და მე ვიტყოდი, რომ შეიძლება, ჩვენზე უფრო მეტადაც შეეძლო მასთან შესვლა, ურთიერთობა და სიახლოვე, _ აცხადებს მეუფე დიმიტრი.
მიტროპოლიტი დარწმუნებულია, რომ დღეს არსებული ვითარება აუცილებლად შეიცვლება. ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის უკან არაკეთილმოსურნეები დგანან.
_ ეს ალბათ არაკეთილმოსურნეების ჩანაფიქრია… მე მის უწმინდესობას გერმანიაში ყოფნის დროს იმასაც ვეუბნებოდი, რომ ერთ რამეს ვგრძნობ, ეს ერთგვარი შავი ღრუბელი, ვხედავ, რომ ჩემს თავზეა თავმოყრილი და მართალი გითხრათ, მთელი გულწრფელობით, დღესაც არ ვიცი, რატომ.
ალბათ, ამას მომავალი გვიჩვენებს. როგორც ბიბლია გვასწავლის, გამოიძიეთ, გამოიკვლიეთ და სცანით ჭეშმარიტებაო. მე ვფიქრობ, ალბათ, დადგება დრო და ყველაფერს ფარდა აეხდება, _ აღნიშნავს მეუფე.
მან იმის შესახებაც გააკეთა განმარტება, თუ რატომ არ შეხვდა პატრიარქი მამა გიორგი მამალაძეს.
თავიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ილია II მზად იყო, ციხეში მყოფი დეკანოზი მოენახულებინა.
მიტროპოლიტის თქმით, პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება პროკურატურის თხოვნით შეცვალა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, მამალაძის ჩვენებაში მეუფის სიძეზეც არის საუბარი. მეუფე დიმიტრი კი აცხადებს, რომ ციანიდის საქმეში არსებულ ჩანაწერებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი დაცვის ყოფილი ხელმძღვანელი სოსო ოხანაშვილი მძიმე ბრალდებებში თითქმის არ ფიგურირებს.
_ ჩვენ არაერთხელ გვქონია ცხარე კამათი მასთან, მოგეხსენებათ, პატრიარქის უსაფრთხოება და მთელი საპატრიარქოსი არ არის იოლი საქმე. ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ გქონდა საუბარი, ხომ არ ჯობდა, დაეტოვებინა ეს სამსახური, იმიტომ, რომ როგორც ახლა ხდება, ხშირ შემთხვევებში ხდებოდა, რომ მის ყველა ნათქვამს და მოქმედებას, რატომღაც ჩემთან აიგივებდნენ და აიგივებენ. ის ზრდასრული ადამიანია და თვითონ ღებულობს ყველანაირ გადაწყვტილებას, _ ამბობს მიტროპოლიტი.
ირკვევა, რომ სოსო ოხანაშვილს თანამდებობის დატოვება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ უნდოდა. მაშინ ამაზე პატრიარქმა უარი უთხრა. მერე იყო ციანიდის სკანდალი და მეორედ გამოთქვა ოხანაშვილმა წასვლის სურვილი.
_ მისგან მოდიოდა ეს წინადადება, რადგან საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურთან იყო დაკავშირებული, რაც მოხდა, ეს ორომტრიალი, ხომ არ ჯობდა, რომ ის გადამდგარიყო. პატრიარქმა მაშინაც უთხრა, თავი შეეკავებინა, მაგრამ როცა სიტუაცია გართულდა, შემდეგ პატრიარქმა მიიღო გადაწყვეტილება მისი თხოვნის საფუძველზე.
მე არანაირი ინფორმცია არ გამაჩნია, არ მინახავს ეს ჩანაწერები. მე მარტო ვიცი, ვინც ნახა. მათგან გადმოცემით. პირველი კითხვა იყო ჩემი, თუ ფიგურირებს სადმე იოსები, სოსო. მითხრეს, რომ აი ამ მძიმე ბრალდების აი, ამ მონაკვეთში თითქმის არ ფიგურირებს.
როცა გერმანიაში შევიტყვეთ ეს ამბავი, მე მას ვკითხე, შენ თუ ამ საქმეში უდანაშაულო ხარ, მერწმუნე, რომ მე მთელი ჩემი დამოკიდებულებით და არსებით, ყველანაირად შენ გვერდით ვიქნები და მზად ვარ შენი გულისთვის ყველაფერი მოვიმოქმედო. მან მითხრა, რომ ის აბსოლუტურად უმწიკვლო და უდანაშაულო იყო ამ საქმეში, _ აღნიშნა მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა.

შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა