რეზო თაბუკაშვილი: ”13 დღე” დიდხანს არ მასვენებდა”

რეზო თაბუკაშვილი: ”13 დღე” დიდხანს არ მასვენებდა”რამდენიმე თვის წინ „ინტელექტმა“ რეზო თაბუკაშვილის რომანი „13 დღე“ გამოსცა. ავტორი გვიყვება იმ თაობაზე, რომელიც 90-იან წლებში 18-19 წლის იყო, ახლა კი თითქმის ორმოცისაა.

თხრობა ამ ოც-ოცდახუთწლიან შუალედში მოძრაობს. რომანი იწყება იმით, რომ დეპრესიაში მყოფი თინა მიდის ფსიქოთერაპევტ სანდროსთან, მაგრამ ურჩევნია, რომ ის ისტორია, რომელმაც მძიმე ტრავმა მიაყენა, ექიმს წერილობით მოუთხროს. სანდრო თანხმდება პაციენტთან ასეთ ურთიერთობას და ტექსტის ერთ მთავარ ხაზს ეპისტოლური ფორმა ქმნის, სადაც თინას მიერ მისი და გეგეს სასიყვარულო ისტორიაა მოთხრობილი.

ვესაუბრებით რეზო თაბუკაშვილს:

_ ეს რომანი საკმაოდ დიდხანს იწერებოდა, უფრო სწორად, მასზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, შემდეგ საკმაოდ დიდი პაუზა იყო. იცდიდა ასე მდუმარედ, არ მასვენებდა და ბოლოს და ბოლოს, მიაღწია თავისას _ დავასრულე. ამ წიგნს, რასაკვირველია, ჰქონდა კონკრეტული ისეთი ასპექტები, რაზეც თავიდანვე გავამახვილე ყურადღება, რამაც დამაწყებინა, შემდეგ განივრცო და მივიღეთ ეს წიგნი.

_ წიგნის სიუჟეტიდან გამომდინარე ჩნდება კითხვა: რადგან ლიტერატურა მუდმივად ფიქრობს ადამიანის სულზე, მის მდგომარეობაზე ამ სამყაროში, მის მიმართებაზე საკუთარ თავთან, საზოგადოებასთან და ა. შ. თუ აქვს მას ფსიქიატრის ფუნქცია, უფრო ზუსტად, დღეს თუ აქვს ეს ფუნქცია? იყო დრო, როცა მწერლობას ბევრი რამ ჰქონდა თავის თავზე აღებული.

_ ფუნქციები იგივე რჩება, თუმცა, ჩემი აზრით, საქმის იმ მიზნით დაწყება, რომ ვიღაცას უნდა ვუმკურნალო, მცდარი და ყალბია. მწერლობას აქვს ძალიან ბევრი მონათესავე ნიუანსი, ასპექტი ფსიქოთერაპიასთან. რასაკვირველია, იქ კიდევ ბევრი ისეთი პროფესიული დეტალია, რომელიც ფსიქოთერაპევტისთვის უცნობია და პირიქით.

_ მართალი ბრძანეთ, ყალბი იქნება, მწერალმა წერის დასაწყისში საკუთარი თავი ჩაიგდოს იმ მდგომარეობაში, რომ წიგნს ზედმეტად ბევრი ფუნქცია მიანიჭოს, მაგრამ წიგნი ბადებს ფიქრს, კითხვებს და პასუხებს გცემს, გეხმარება იმოგზაურო შენს თავში, შენს ცნობიერში. თუმცა თანამედროვე სამყაროში თითქოს ლიტერატურა აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი რამ, მძალავრი, როგორიც იყო. იმიტომ რომ, კითხვა ერთგვარად გართობის ხერხია, თვითგამოხატვაც არის, მაგრამ საბოლოოდ აღარავინ ითხოვს მისგან, რაიმე შეცვალოს ადამიანსა თუ სამყაროში. თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად არის ლიტერატურის საჭიროება?

_ ლიტერატურის საჭიროება ყოველთვის იქნება, თუნდაც მკითხველის სულ მცირედი ნაწილი რომ დარჩეს, ეს იქნება, ჩემი აზრით, ძალიან საინტერესო ნაწილი, რომელიც წიგნით გამოიკვებება და გარემოსაც გადასცემს მიღებულს, დალექილს. ჩვენ ცხოვრების ძალიან სწრაფი რიტმი გვაქვს. ამასთან წიგნის კითხვაც არ არის ადვილი საქმე, მიუხედავად იმისა, რომ მას შინაგანად სხვა ენერგია მოაქვს.

_ თქვენი ოჯახი ქვეყნის კულტურული იერის განმსაზღვრელი გახდა, თავისი მნიშვნელობით, თავისი მშვენიერებით, ნიჭითა და სიღრმით. შეუძლებელია არ გკითხოთ, ამ ოჯახში, ამ სახლში თქვენი პირველი მკითხველები არიან ოჯახის წევრები? როგორი ურთიერთობა გაქვს თქვენ და მამას შემოქმედებასთან მიმართებით?

_ საკმაოდ რთული, პროფესიული მიდგომა გვაქვს ერთმანეთის ტექსტებთან, რომელსაც ახლავს დამამძიმებელი ფაქტორი _ მამაშვილობა. ჩვენ ერთ-ერთი პირველი მკითხველები ვართ ერთმანეთის ტექსტისა. ყველაზე რთული არის დაძაბული მოლოდინი ვერდიქტის მოსმენამდე. შეფასების გაკეთებისას მძიმე წნეხს განვიცდიდთ ხოლმე.

მომეწონა ამ რომანის სტილი, მხატვრული თხრობა, ვინაიდან თანამედროვე პროზაში, რაც დრო გადის, თითქოს ღარიბდება თხრობის სტილი. მე არ ვსაუბრობ თხრობის სისადავესა და სიმარტივეზე, რაც ძალიან რთული მისაღწევია ნებისმიერი მწერლისთვის. აქ ვგულისხმობ პრიმიტიულ თხრობას, აი, ამ დონეზე: წავიდა, მოვიდა, შეჭამა, დალია და .. ეს მხოლოდ ჩვენთან არ არის გახშირებული, რაც თანამედროვე მხატვრული ლიტერატურის კრიზისს მიანიშნებს, ჩემი აზრით.

„გმირებს უნდათ სიყვარული, ნამდვილი ურთიერთობა, მაგრამ თითქოს იმდენად დაცლილები არიან, ამ ეპოქამ, ამ დრომ იმდენად გადაუარა მათ, რომ ცვლილების ძალა, ხელახალი სიცოცხლის დაწყების ძალა არ შესწევთ. მაგრამ რომანი მაინც გამონათებით მთავრდება, როცა რეზო ერთერთ მთავარ გმირზე, განგებ არ ვიტყვი რომელზე, წერს სულ ბოლო წინადადებას, რომ ის გაცურავს, რადგან კარგი ცურვა იცის. და ამან დამაფიქრა, რომ ჩვენ ახლა კიდევ სხვა დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ისევ ღია ზღვაში ვართ და სხვა გზა არ არის: კარგი ცურვა ხომ ვიცით და უნდა გავცუროთ და ეგ არის _ გაგა ნახუცრიშვილი.