სვეტიცხოველში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს

სვეტიცხოველში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობსსვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს.

საღმრთო ლიტურგიას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ატარებს.

ტაძარში სხვადასხვა მონასტრების ბერ-მონაზვნები და ჩოხოსნები არიან შეკრებილები. სვეტიცხოველში ამ დროისთვის დეპუტატები, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია იმყოფებიან.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიისაგან 457 წელს მიიღო. რუსეთის იმპერიამ კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია 1811 წელს გააუქმა. ავტოკეფალიის აღდგენამდე რუსეთის სინოდი ქართულ ეკლესიას ეგზარქოსების მეშვეობით ხელმძღვანელობდა.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა. მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო, თუმცა, ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა.

რუსეთის ეკლესიამ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ 1943 წელს აღიარა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ, ადგილობრივ ეკლესიათა დიპტიხში მეექვსე ადგილზე. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ძალისხმევით, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს 4 მარტს სცნო.