სოსო ცინცაძე: ”არც ერთ ხელისუფლებას მაჟორიტარები არ ეთმობა”

პოლიტოლოგსოსო ცინცაძე: ”არც ერთ ხელისუფლებას მაჟორიტარები არ ეთმობა”ი სოსო ცინცაძე ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში საარჩევნო სისტემებზე საუბრობს.

_ ბატონო სოსო, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში საარჩევნო სისტემის შესახებ იმსჯელეს. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პერსპექტივაში ქვეყანას გამოადგება პროპორციული სისტემა, მაგრამ დღეს კონსენსუსის მიღწევა შერეული მოდელიდან მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით რთული იქნება.

_ არც ერთ ხელისუფლებას არ ეთმობა მაჟორიტარები. არადა, პრაქტიკამ დაამტკიცა, რომ მაჟორიტარული სისტემა უმახინჯესი სისტემაა. მაჟორიტარული სისტემა მოითხოვს მოქალაქეების პოლიტიკური კულტურის დონეს. ხშირად არგუმენტად ამერიკა მოჰყავთ, სადაც სწორედ მაჟორიტარული სისიტემაა. ამ არგუმენტის მოყვანა იმთავითვე სიყალბეა.
_ რატომ?
_ ამერიკაში დემოკრატიის ურყევი და საუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. პოლიტიკური კულტურა სრულიად სხვა არის. ამერიკელი კონგრესმენებისა თუ სენატორების მიუკერძოებლობა, დამოუკიდებლობა არ შეიძლება ჩვენი მაჟორიტარების დამოუკიდებლობას შევადაროთ.
შევარდნაძის მმართველობის დროს ძირითადად ფულიანი ხალხი იყრიდა კენჭს მაჟორიტარად, შემდეგ ეს ტრადიცია გადავიდა სააკაშვილის დროსაც. მაშინ მაჟორიტარები ქართულ პარლამენტში მინი ოლიგარქები იყვნენ, თქვენ გახსოვთ რომელიმე მაჟორიტარი მეცნიერი?! თანაც ეს მინი ოლიგარქები საერთოდ არ ჩანდნენ პარლამენტში, სხდომებზე არ დადიოდნენ. ამ ადამიანებს ჰქონდათ ინტერესები და ამიტომაც იყრიდნენ კენჭს პარლამენტში. როგორც წესი, ყველა მაჟორიტარი იყო რეზერვი. როდესაც მმართველ პარტიას ხმები დასჭირდებოდა, გამზადებული ყულაბა იქვე იყო.
ჩვენ ეს პერიოდი გამოვიარეთ, ახლა დრო არის, წინ წავიდეთ და უფრო სამართლიან და დემოკრატიულ სისტემას გავუხსნათ გზა.
_ თავის დროზე ”ქართულმა ოცნებამ” ოპოზიციას 2020 წლის არჩევნებისთვის შესთავაზა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, მაგრამ მაშინ ოპოზიცია არ დათანხმდა. შეცდა ოპოზიცია?
_ დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ მართლაც შეცდა. მაშინ გვახსოვს როგორი პოლიტიკური ბატალიები ახლდა ამ პროცეს, მაგრამ დღეს ვფიქრობ, რომ უნდა დათანხმებულიყო. ”ოცნებამ” თვითონ დაიგო ხაფანგი, როდესაც ეს პოლიტიკური დაპირება გასცა და არ შეასრულა. ქართულ პოლიტიკაში დაპირების შეუსრულებლობა შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ როგორ არ ნიშნავს, როდესაც ამომრჩეველს ატყუებ. 2012 წლის არჩევნებზე მათ პირობა დადეს, რომ ამ სისტემას შეცვლიდნენ. არ ცვლიან, რადგან არ ეთმობათ. მაჟორიტარებს ადვილად შეელეოდა `ოცნება~, 2016 წლის არჩევნებზე ძლიერი პოზიცია რომ ჰქონოდა.
_ რომ არა მაჟორიტარები, ”ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა.
_ დიახ. ყველა მმართველი პარტიის ხელში მაჟორიტარები გაუჭრელი კოზირის კარტია, მაგრამ `ოცნებას~ პირობა რომ აქვს დადებული, რატომ არ უნდა, რომ განსხვავებული იყოს წინა ხელისუფლებისგან, რატომ უნდა, რომ დაემსგავსოს?! ”კი დაგპირდით, მაგრამ შევცდით”, ეს ფრაზა ხომ პირველად არ ესმის ჩვენს მოქალაქეებს.
_ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ პროპორციული სისტემა პერსპექტივაში წინ წაიყვანს ქვეყანას.
_ დიახ, კობახიძეს ესმის, რას ნიშნავს, ეს შანსი წაართვა ქვეყანას, წაართვა შანსი, რომ ქვეყანა განვითარდეს. არ გამოვრიცხავ, რომ სახელისუფლო გუნდის შიგნით ამ საკითხზე იყოს აზრთა სხვადასხვაობა, დაპირისპირებაც კი. ვინ გაიმარჯვებს, საღი აზრი თუ არა?! ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საუბარია ქვეყნის პოლიტიკურ მომავალზე, ეს არ არის რიგითი საკითხი, რომელიც შეიძლება ისე გადაწყდეს, რომ არც კი დაფიქრდე.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება არსებული მოდელის შენარჩუნება. ეს უნდა გააცნობიერონ და ძალაუფლებაზე მაღლა დადგნენ. ყველა მთავრობას ჰგონია, რომ ის არის მუდმივი და შეუცვლელი, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ასეთები ბუნებაში არ არსებობენ. ”ქართულ ოცნებას” აქვს შანსი და ამ შანსზე უარი არ უნდა თქვას. თუ ამ მახინჯ სისტემას შეცვლის ხელისუფლება, მაშინ ის ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს ქვეყნის მომავლისთვის. მათ უნდათ, რომ თან შეელიონ და თან ხეირი არ დაკარგონ.
_ ერთგვარი დათქმა არსებობს, რომ გადაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას დარჩეს. ხელისუფლება ბერძნულ მოდელზე საუბრობს. ეს რამდენად იქნება დათმობა?
_ ეს არ იქნება ის, რაზეც მე ვსაუბრობ, მაგრამ საერთოდ არაფრის შეცვლას აჯობებს. თუმცა, თუ დათმობაა. უნდა დათმო ბოლომდე. როგორც იტყვიან. ყვავს კაკალი გააგდებინო, ეს არის. ძალიან უჭირს ”ოცნებას” სამართლიან არჩევნებზე წავიდეს.
_ ოპოზიცია უნდა დათანხმდეს ბერძნულ მოდელს?
_ არა, ოპოზიციამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს. თუ პროპორციული სისტემა იქნება, მაშინ კლასიკური პროპორციული სისტემა უნდა იყოს და არა _ გამოგონილი მოდელები.

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა