პნევმონიის გართულება საგანგაშოა

ოფიციალური სტატისტიკით, მთელ მსოფლიოში ფილტვის დაავადებებით ყოველწლიურად 4 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება. ფილტვის დაავადებებს შორის გავრცელებულია მწვავე პიოპნევმოთორაქსი. ეს პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გულისხმობს პლევრის ღრუში ჩირქისა და ჰაერის დაგროვებას, რაც ფილტვის პარენქიმაში არსებული დესტრუქციული პროცესების შედეგია.

რა სიმპტომებით ხასიათდება მწვავე პიოპნევმოთორაქსი, რა იწვევს ამ დაავადებას, როგორია მისი მკურნალობის მეთოდები და შესაძლებელია თუ არა მწვავე პიოპნევმოთორაქსის პრევენცია, ამ თემებზე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი სერგო ციცხვაია საუბრობს.

_ მწვავე პიოპნევმოთორაქსი არის პლევრის ღრუში, ფილტვის ქსოვილში არსებული ჩირქოვანი კერის გახსნის შედეგი, ეს კი იწვევს ჩირქისა და ჰაერის დაგროვებას, ანუ პიოპნევმოთორაქსს.

ამ დროს პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რაც განპირობებულია ერთი მხრივ ინტოქსიკაციით და მეორე მხრივ, ფილტვის ქსოვილის კოლაბირებით _ შეკუმშვით. გამოხატულია შემდეგი კლინიკური სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ცხელება, შემცივნება, ჰაერის უკმარისობა, ცილოვანი ბალანსის დარღვევა და სხვა.

პიოპნევმოთორაქსი არის ფილტვის პარენქიმაში ანუ ქსოვილში განვითარებული ჩირქოვანი პროცესების დესტრუქციის შედეგად განვითარებული ემპიემა, ანუ ჩირქგროვა პლევრის ღრუში.

მისი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს პირველადად ფილტვის ქსოვილში განვითარებული სხვადასხვა პათოლოგიები, მაგალითად, პნევმონია, ინფარქტ-პნევმონია, ფილტვის განგრენა, ფილტვის დესტრუქციული, დაჩირქებული კიბო და სხვა.

არსებობს მკურნალობის 2 მეთოდი: კონსერვატული და ქირურგიული. მკურნალობას ვიწყებთ პლევრის ღრუს დრენირებით, ჩირქის მუდმივი ევაკუაციით პლევრის ღრუდან. ასევე ვიწყებთ პლევრის ღრუს ამორეცხვას ანტისეპტიური საშუალებებით, პარალელურად ბაქტერიოგრამის შესაბამისად ვაწარმოებთ ჩირქოვანი კერის მკურნალობას ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით, ვაძლიერებთ იმუნურ სისტემას, ვახდენთ დარღვეული ცილოვანი ბალანსის კორეგირებას.

ყველა პროფილაქტიკური ღონისძიება მიმართული უნდა იყოს ფილტვის ქსოვილში ჩირქოვანი პროცესების განვითარების საწინააღმდეგოდ, რადგანაც ეს წარმოადგენს მწვავე პიოპნევმოთორაქსის ჩამოყალიბების მიზეზს. ვინაიდან ფილტვის აბსცესი უმეტეს შემთხვევაში ვითარდება არასრულყოფილად ნამკურნალევი მწვავე პნევმონიის შედეგად, ამიტომ აუცილებელია პნევმონიის სრული განკურნება.

გახანგრძლივებული პნევმონიის შედეგად, როდესაც ანტიბიოტიკოთერაპია ვერ იძლევა სასურველ შედეგს, გამოხატულია მაღალი ცხელება, შემცივნება, ჩირქოვანი ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი _ ამ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტმა მიმართოს კლინიკას და გაკეთდეს განმეორებითი რენტგენოლოგიური გამოკვლევები. სასურველია ჩატარდეს გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018