გიგი ტუღუშმა “სითი-პარკს” 11.400 ლარის ჯარიმაზე სასამართლო მოუგო

გიგი ტუღუშმა "სითი-პარკს" 11.400 ლარის ჯარიმაზე სასამართლო მოუგოკომპანია, რომელიც თითქმის 10 წელია, თბილისში პარკირების დარეგულირებაზე ექსკლუზიურ უფლებას ფლობს, დედაქალაქის მაცხოვრებლების მუდმივ უკმაყოფილებას იწვევს. “სითი-პარკის” წყალობით, ალბათ თითოჯერ მაინც, ყველა თბილისელი მძღოლი დაჯარიმებულა, მაგრამ ის რაც გიგი ტუღუშს შეემთხვა, თითქმის უპრეცედენტოა _ მას 60 ჯარიმა ერთდროულად ჩააბარეს, რომლის საერთო თანხა 11.000 ლარს აღემატებოდა. თითქმის 4-თვიანი ბრძოლის შემდეგ, ტუღუშმა კომპანიას სასამართლო პროცესი მოუგო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ გამოიტანა ტუღუშის სასარგებლო გადაწყვეტილება. მოსარჩელის თქმით, მათ წინააღმდეგ კომპანია სასამართლოში სამი ადვოკატით იბრძოდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით, დაჯარიმებულ მძღოლს ჯარიმა სრულად გაუნულდა და 11.400 ლარიდან 1 თეთრის გადახდაც არ მოუწევს.

გიგი ტუღუში, საქართველოში BMW-ს კლუბის დამფუძნებელი:

_ სითი-პარკმა 60-ჯერ დამაჯარიმა, თუმცა ეს ჯარიმები არ ჩამაბარეს და ყველა, სამოცივე ჯარიმა ერთად მომიტანეს. კანონდარღვევით ცდილობდნენ ამ ჯარიმების ჩაბარებას. ის, ვინც მომიტანა საჯარიმო ქვითრები, დამადასტურებელ მოწმობას არ მაჩვენებდა, რომ მართლაც სითი-პარკის წარმომადგენელი იყო. სახლიდან, სადაც ჩაწერილი არც ვარ, ჩამოვდივარ მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად, მხვდება ადამიანი, ყველანაირი ფორმისა და დამადასტურებელი დოკუმენტაციის გარეშე და მეუბნება: “აჰა, ამანათი აიღე”. კითხვებზე არ მიპასუხა, რომელი კომპანიიდან იყო არ მითხრა, პირადობა არ მაჩვენა. უბრალოდ, გამიმართლა და ტელეფონით გადავუღე ეს დარღვევები. მერე ამ ადამიანმა ჩანიშნა, რომ თითქოს მე არ ჩავიბარე და უარი განვაცხადე ჩაბარებაზე.

_ ანუ თქვენ 60-ჯერ იყავით დაჯარიმებული და სითი-პარკი ყველა ჯარიმის თანხას გედავებოდათ?

_ დიახ, გარდა ამისა, თითო ჯარიმას დაერიცხა საურავი 150 ლარი, მერე ეს ყველაფერი გადაეგზავნა აღსრულების ბიუროს, რომელმაც თავის მხრივ თითო ჯარიმას 23 ლარი დაარიცხა საჯარიმოდ და პლიუს ამას, დამიყადაღეს აბსოლუტურად ყველაფერი.

სასამართლოში სერიოზული ბრძოლა დაგვჭირდა, სითი-პარკი 3 ადოკატით იყო წარმოდგენილი. მოწმეებმა ბუნებრივია, ტყუილი ჩვენებები მისცეს, თუმცა საბოლოო ჯამში მოსამართლემ გამოიტანა ობიექტური გადაწყვეტილება, გამიუქმა საურავები და ყველა ჯარიმა.

ეს შექმნის პრეცენდენტს. როგორც იურისპრუდენციაში ჩახედულმა ხალხმა მითხრა, ხშირია შემთხვევა, როცა მოსამართლეები ერთმანეთის გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობენ, ამიტომ რადგან ეს იყო პირველი და უპრეცენდენტო შემთხვევა, ბუნებრივია, ამის შედეგს აუცილებლად გაითვალისწინებენ.

ბიზნესპრესნიუსი