მიხეილ რამიშვილი: ”იხეთი დეტალები გამოიკვეთა, ციანიდის საქმე უნდა შეწყდეს”

ციანიდის საქმიხეილ რამიშვილი: ”იხეთი დეტალები გამოიკვეთა, ციანიდის საქმე უნდა შეწყდეს”მეზე დაკავებული მამა გიორგი მამალაძე ჩვენების მიცემაზე კვლავ უარს ამბობს. მისმა ადვოკატებმა გუშინ, 2 მარტსაც განაცხადეს რომ სანამ დაკავებულის ოჯახის წევრების უსაფრთხოება დაცული არ იქნება, ის ჩვენებას არ მისცემს.

ამის გარდა მას სხვა პირობაც აქვს, დაკავებული დეკანოზი ზიარებას ითხოვს. რაც მას აკრძალული ჰქონდა.
ზიარებასთან დაკავშირებით მის მოთხოვნას სასულიერო პირები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, დეკანოზს აუცილებლად უნდა მიეცეს ზიარების უფლება.
საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამა გიორგი ანდრიაძემ ამასთან დაკავშირებით მიმართა სასჯელაღსრულების სამინისტროს. მისი თქმით, ზიარების უფლების წართმევა იგივეა, რაც ავადმყოფისთვის წამლის მიღების აკრძალვა.
_ არავის აქვს უფლება, მათ შორის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მიხედვით, შეუზღუდოს ადამიანს და არა მარტო მამა გიორგი მამალაძეს რელიგიური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალება და განსაკუთრებით ისეთი ფუნდამენტური მოთხოვნილების დაკმაყოფილების, როგორიც ზიარებაა. ეს დაახლოებით იგივეა, რომ ასთმიან ადამიანს არ მისცე წამალი. მე ვერაფერ საშიშროებას ვერ ვხედავ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტმა შეიძლება მოითხოვოს ყველანაირი ნორმის დაცვა, თუმცა სასულიერო პირს, გნებავთ საერო პირსაც, აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფლება, რომ ეზიაროს. ეს მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის რამ არის, _ განაცხადა მედიასთან საუბარში გიორგი ანდრიაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს კანონმდებლობა არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის საერთაშორისო უფლებებს, სადაც რელიგიური მოთხოვნილებები პირველ ადგილზეა.
გიორგი ანდრიაძის განცხადებას რამდენიმე საათში გამოეხმაურა სასჯელაღსრულების სამინისტრო.
_ დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებაზე თანხმობა სასჯელაღსრულების სამინისტროდან მიღებულია.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან, საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა განუცხადა.
მამა გიორგის განცხადებით, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუ როდის შევა სასულიერო პირი მამა გიორგი მამალაძის საზიარებლად.
_ უახლოეს პერიოდში უწმინდესი გადაწყვეტს, რომ მასთან შევიდეს სასულიერო პირი. მე თვითონ ველოდები ზარს, _ განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბარში.
საპატრიარქოსგან განსხვავებით, საერო ხელისუფლება დაკავებულის მოთხოვნაზე არ რეაგირებს. არადა მამა გიორგი დაკავების დღიდან მისი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ითხოვს. ოჯახის უსაფრთხოება რომ დაცული არ არის, ამის შესახებ დაკავებულის დედამ, ქეთევან მაღლაკელიძემაც ისაუბრა.
ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმედს იტოვებს, რომ პროკურატურიდან მალე მოვა პასუხი.
რამიშვილის ინფორმაციით, მამა გიორგიმ პირადად დაწერა განცხადება და გადასცა ბრალდებას, რომ მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელებს ჩვენების მიცემას, რაც მისი ოჯახი იქნება დაცული.
_ უკვე რამდენიმე დღეა, გაუთქმელობის გაუქმებაზე აქვთ შეტანილი ადვოკატებს განცხადება და პასუხი არ არის. არც დაცვის ღონისძიებების მოთხოვნაზეა პასუხი. როგორც იცით, მეორე დაკითხვის დროს მამა გიორგი ცუდად იყო და განაცხადა, რომ თუ არ განხორციელდება ოჯახის დაცვის ღონისძიება, ჩვენებას არ მისცემს. ამის თაობაზე ოქმშიც დაფიქსირდა. მამა გიორგიმ თავისი ხელით შეადგინა განცხადება, რის შესახებაც პროკურატურამ თქვა, რომ გონივრულ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას. მათი გონივრული ვადა გონებიდან გამომდინარე რამდენი ხანი გაგრძელდება, ვერ გეტყვით. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. მამა გიორგი ამ საქმეში არის უდანაშაულო, _ განაცხადა ადვოკატმა.
პროკურატურის უყურადღებობით დაკავებულიც გაოგნებულია.
_ დეკანოზი გიორგი მამალაძე გაკვირვებულია, თუ რატომ არ დაუკავშირდა ამ დრომდე მას და მის ოჯახს არავინ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხზე, _ განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უსაფრთხოების დაცულობის გათვალისწინებით უკვე ისაუბრა ყველაფერზე, რაც შესაძლებელი იყო.
მიხეილ რამიშვილის თქმით, საქმეში ბევრი უცნაურობა შეინიშნება. მისი განმარტებით, არსებობს ორი დოკუმენტი, რომელზეც ერთი და იმავე პროკურორის სხვადასხვანაირი ხელმოწერებია.
ადვოკატის თქმით, ამაზე პროკურატურას განმარტებების გაკეთება მოუწევს.
_ საპროცესო ორ დოკუმენტზე ერთი პროკურორის სხვადასხვანაირი ხელმოწერებია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოქმედებები, რაც ჩატარებულია, უკანონოა და ეჭვქვეშ აყენებს, რამდენად სამართლიანად მოხდა მისი დაკავება, რამდენად აძლევდა პროკურატურას იმის საშუალებას, რომ ბრალი წაეყენებინათ დეკანოზისთვის და საერთოდ სისხლის სამართლებრივი ძიება დაეწყოთ, _ ამბობს რამიშვილი.
ადვოკატი აცხადებს, რომ წინასასამართლო სხდომაზე ის აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლობის შუამდგომლობას დააყენებს.
რამიშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ საქმე მთლიანად უნდა შეწყვიტოს.
_ 2 მარტს, თვით ციანიდთან დაკავშირებით, მამა გიორგისგან ისეთი ახალი ნიუანსების შესახებ მივიღე ინფორმაცია, რომ შესაძლოა პროკურატურას მოუწიოს კითხვებზე პასუხის გაცემამ. როგორც პროკურორების ხელმოწერის, ისე სხვა მტკიცებულებების კარგად შესწავლის შემთხვევაში, პროკურატურამ საქმე მთლიანად უნდა შეწყვიტოს. მე ძალიან ბევრ სერიოზულ ინფორმაციას ვფლობ და მიმაჩნია, რომ საქმე უნდა შეწყდეს, _ აღნიშნა ადვოკატმა.
გიორგი ფანცულაია კი მთავარი პროკურატურისგან საქმეზე ახალი მტკიცებულებების გადაცემას ითხოვს. მისი განმარტებით, ეს არის ჩვეულებრივი პროცედურა, რომელსაც ადვოკატები გარკვეულ პერიოდში ერთხელ აკეთებენ.
_ დაცვის მხარემ კანონის ფარგლებში მივმართეთ პროკურატურას და ამ დღეების განმავლობაში, თუკი რაიმე ახალი მტკიცებულებები მოიპოვა, რაც საქმისთვის მნიშვნელოვანია, მოვითხოვეთ, რომ გადმოგვცენ. პროკურატურა ვალდებულია, გადმოგვცეს ასეთი მასალები, თუკი გააჩნია. შესაძლოა, ამასთან დაკავშირებით დამიკავშირდნენ უახლოესი პერიოდის განმავლობაში, _ ამბობს ფანცულაია.
მართალია, მამა გიორგი მამალაძე ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს, მაგრამ, ადვოკატის თქმით, არ შეიძლება იმის მტკიცება, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი კითხვებზე არ პასუხობს.
გიორგი ფანცულაიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პროკურატურას 30 გვერდიანი ჩვენება უკვე მისცა.
ადვოკატების განმარტებით, მამა გიორგიმ რამდენიმე გვარი დაასახელა. ამ გვარების დასახელებისგან რამიშვილი და ფანცულაია თავს იკავებენ.
ჟურნალისტების კითხვაზე ისაუბრა, თუ არა ბრალდებულმა მეუფე დიმიტრიზე და მეუფე პეტრეზე, ადვოკატი პასუხობს, რომ ისინი ყველგან დადებით კონტექსტში არიან მოხსენიებული.
შორენა მარსაგიშვილი, ახალი თაობა