ნიკა კოჩაროვს ანტიკვარული მანქანები აქვს

ნიკა კოჩაროვს ანტიკვარული მანქანები აქვსმუსიკოსი და მომღერალი ნიკა კოჩაროვი ჟურნალ „სარკესთან“ ყვება, რომ ორი ანტიკვარული ავტომობილის მფლობელია და მესამეზე ოცნებობს. ისინი თბილისის ქუჩებში იშვიათად გამოჰყავს, ყოველდღიურად კი „პორშეს“ მარკის სპორტული მანქანით მოძრაობს.
ნიკა კოჩაროვი:
_ მყავს 1957 წელს გამოშვებული `შევროლე~ და 1970 წელს გამოშვებული „უოლდსმობილი“. ორივე მწყობრშია, მაგრამ იშვიათად ვსარგებლობ. ავტომოყვარულებისგან ხშირად ვიღებ შემოთავაზებას, რომ გავყიდო, მაგრამ ამაზე არასდროს მიფიქრია.
გასული საუკუნის 70-იანი წლების `პორშე 911~ ძალიან მომწონს, რომელიც საქართველოში არ მინახავს. სიამოვნებით ვიყოლიებდი.
_ თქვენი პირველი ავტომობილი რა მარკა იყო?
_ „მოსკვიჩი“, რომელიც დაბადების დღეზე ნაჩუქარი ფულით შევიძინე. მგონი, 500 დოლარად ვიყიდე. მაშინ 18 წლის ვიყავი. საშინელი მანქანა იყო. ერთი დილაც არ მახსოვს, უპრობლემოდ რომ დაქოქილიყო. მისი დახმარებით ვისწავლე სავალი ნაწილები. „სვეჩების“ გამოწვა ყოველ დილით მიწევდა.
მას შემდეგ უამრავი ავტომობილი გამოვიცვალე. წელიწადნახევარია, რაც 2000 წელს გამოშვებული „პორშე ბოქსტერით“ დავდივარ. ეს მარკა მინდოდა და ამიტომაც ვიყიდე. მისი დანახვა ძირითადად ბავშვებს უხარიათ. მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ისე ახალია, მშვენიერი, უპრობლემო მანქანაა.
_ თქვენი მაქსიმალური სიჩქარე რამდენია?
_ 200 კმ/სთ სიჩქარეს არასდროს ვაჭარბებ. ქალაქში სწრაფად მოძრაობა შეუძლებელია. ავტობანზე კი დავდივარ სწრაფად, მაგრამ იმასაც ვითვალისწინებ, სად უნდა შევანელო, რომ ვიდეოჯარიმა არ მივიღო.
20 წელზე მეტია მანქანას ვმართავ და შემიძლია ვთქვა, რომ ახლა უკვე მშვიდი მძღოლი ვარ. ბოლო 5 წლის განმავლობაში პატრულს ერთხელაც არ გავუჩერებივარ, ოღონდ განა იმიტომ, რომ ძალიან ნელა დავდივარ, მოძრაობის წესები კარგად ვიცი.
_ ავარია მოგსვლიათ?
_ ცოტა ხნის წინ საცობში ვიდექი და „კამაზმა“ გადამიარა. გვერდი გამომდო და რამდენიმე წამი მათრია. მაინცდამაინც იმ დღეს ვიყავი ანტიკვარული „ოლდსმობილით“ გასული, რომელიც, რა თქმა უნდა, შემიკეთა.
_ დამოუკიდებლად თუ შეგიძლიათ მანქანის შეკეთება.
_ რაც მჭირდება, იმაში კარგად ვერკვევი. საბურავის გამოცვლას არ ვგულისხმობ, ეს ყველას შეუძლია. რაც არ ვიცი, იმის დამოუკიდებლად შეკეთებას არც ვცდილობ. ჩემს „პორშეს“ მნიშვნელოვანს ვერაფერს ვუკეთებ, რადგან ძრავი უცნაურ ადგილზე აქვს და იქამდე მისაღწევად ბევრი ხელსაწყოა საჭირო.
_ რას ინახავთ მანქანაში?
_ ორი საბარგული აქვს და ორივეში საშინელება ხდება. ფეხსაცმელებს, ნახატებს, კაბელებს… რას აღარ ნახავთ!

„სარკე“, სოფიო ბოჭორიძე