რა არის ძილის აპნოე?

რა არის ძილის აპნოე?ძილის აპნოე ძილის დარღვევის ერთ-ერთი სახეა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძილის დროს სუნთქვის შეჩერება. ამ დროს აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი, რადგან მოსალოდნელი გართულებები თავიდან იქნას აცილებული.

რა არის ძილის აპნოე, საშიშია თუ არა ეს დაავადება და როგორ ხდება მისი მკურნალობა, ამ თემებზე `ნიუ ჰოსპიტალსის~ ოტო-რინო-ლარინგოლოგიის ცენტრის წამყვანი სპეციალისტი, ბერდია ბერიძე საუბრობს.

ბერდია ბერიძე:

_ ხშირად გვეკითხებიან რა არის ძილის აპნოე? ძილის აპნოე ძილის დარღვევის ერთ-ერთი სახეა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძილის დროს სუნთქვის შეჩერება. XXI საუკუნეში მედიკოსები ამ პრობლემას უახლესი მეთოდებით და ბოლო თაობის სამედიცინო აღჭურვილობის მეშვეობით უმკლავდებიან.

_ რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ადამიანმა სპეციალისტს?

_ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს თუ გაწუხებთ ამ სიმპტომთაგან რამდენიმე: დღისით მომატებული ძილიანობა ანუ ჰიპერსომნია, ხმამაღალი ხვრინვა, ძილის დროს სუნთქვის შეჩერება, ღამით გამოღვიძება ქოშინით, გამოღვიძებისას პირის სიმშრალე და ყელის ტკივილი, დილით თავის ტკივილი, ინსომნია, ყურადღებისა და მეხიერების პრობლემები, შრომისუნარიანობის დაქვეითება და მიუხედავად ღამის ერთი შეხედვით „სრულყოფილი“ ძილისა, მუდმივად დაღლილობის შეგრძნება.

_ რა ხდება ძილის აპნოეს დროს ადამიანის ორგანიზმში?

_ აპნოეს პერიოდში ხდება არტერიული წნევის მკვეთრი მატება, რის გამოც აპნოე წარმოადგენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარების რისკ-ფაქტორს, როგორიცაა არტერიული ჰიპერტენზია _ ავადმყოფთა 40-90% შემთხვევებში, გულის იშემიური დაავადება, ინსულტი, ფილტვისმიერი ჰიპერტენზია მარჯვენა პარკუჭოვანი უკმარისობით.