რა იწვევს უშვილობას

რა იწვევს უშვილობასუშვილობა მნიშვნელოვანი სამედიცინო და სოციალური პრობლემაა. უშვილობას უნაყოფობას, ანუ სტერილობასაც უწოდებენ. მისი სიხშირე საშუალოდ 15-18%-ია.
რა იწვევს უშვილობას, რას ნიშნავს პირველადი და მეორადი უშვილობა, როდის და რა გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ წყვილებმა, რომელთაც შვილი არ ჰყავთ, ამ თემებზე არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური დირექტორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი ლალი ფხალაძე საუბრობს.
ლალი ფხალაძე:
_ უშვილობა მნიშვნელოვანი სამედიცინო და სოციალური პრობლემაა. უშვილობას უნაყოფობას, ანუ სტერილობასაც უწოდებენ. მისი სიხშირე საშუალოდ 15-18%-ია.
უშვილობა შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. როცა წყვილი _ ქალი და მამაკაცი ერთი წლის განმავლობაში ეწევა რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას, არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს და არ დგება ორსულობა, ეს პირველადი უშვილობაა.
თუ ქალს ერთხელ მაინც ჰქონდა ორსულობა, რომელიც დასრულდა ჯანმრთელი შვილის დაბადებით ან ორსულობა შეწყდა რომელიმე ვადაზე და ამის შემდეგ ქალი აღარ ორსულდება, ეს მეორადი უშვილობაა.
უშვილობაში ,,დამნაშავე~ შეიძლება იყოს ქალი _ 40%-ში, მამაკაცი _ 40%-ში ან ორივე ერთად _ 20%-ში. უშვილობის მიზეზები ძალიან ბევრია. ყველაზე ხშირია ანთებითი დაავადებებით გამოწვეული უშვილობა, რასაც, თავის მხრივ, იწვევს სხვადასხვა ინფექცია. ისინი აზიანებენ ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოებს, ქალებში იწვევს საშვილოსნოს მილების გაუვალობას, შეხორცებებს, კაცებში _ თესლგამომტანი სადინარის დახშობას და აზოოსპერმიას _ სპერმაში სპერმატოზოიდების არ არსებობას.
შემდეგ მოდის ჰორმონული დარღვევები, ქალის ორგანიზმში არ ხდება კვერცხუჯრედის მომწიფება _ ოვულაცია და, შესაბამისად, არ ხდება განაყოფიერება.
იმუნური დარღვევები _ წყვილთა შეუთავსებლობა, გენეტიკური დაავადებები, საშვილოსნოს და საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიები _ მიომა _ ფიბროიდები, ენდომეტრიოზი, პოლიპები, სინექიები _ შეხორცებები, სისხლის შედედების სისტემის ცვლილებები უშვილობის ხშირი მიზეზია.
არსებობს დაუდგენელი მიზეზებით გამოწვეული უშვილობაც. ძალზე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგიური ფაქტორი _ უშვილობით გამოწვეული სტრესი კიდევ უფრო ამძიმებს ამ პრობლემას და თავად ხდება ხელის შემშლელი დაორსულებაში.
თუ წყვილის ასაკი 35 წელზე მეტია, ასეთ შემთხვევაში სასურველია ექიმთან ვიზიტი უფრო ადრე მოხდეს _ 6 თვის შემდეგ. თუ წყვილს აქვს კონკრეტული ჩივილები, მაგალითად, ქალებს _ მენსტრუაციული ციკლის დარღვევა _ არარეგულარული მენსტრუაცია გადაცდენებით, ყავისფერი ჩამონაშალი მენსტრუაციის წინ, მენსტრუაციის ბოლოს ან შუაში, ტკივილი მენსტრუაციის დროს ან მისგან დამოუკიდებლად, ტკივილი სქესობრივი კონტაქტისას, გამონადენი სასქესო გზებიდან, ჭარბთმიანობა, კანის ცხიმიანობა, გამონაყარი, რძისებრი გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა და ასე შემდეგ, ასეთ შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი არ უნდა გადაიდოს.