საპატრიარქოს იურისტი: „ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია“

საპატრიარქოს იურისტი: „ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი სოსო ოხანაშვილია“_ ციანიდის საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მამა გიორგი მამალაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა, სოსო ოხანაშვილია.
 ამის შესახებ საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ განაცხადა.
რაც შეეხება პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის დაკითხვას, ედიშერ ქარჩავას განცხადებით, ის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან შორენა თეთრუაშვილს გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი.
_ შორენამ პროკურატურის ყველა კითხვას გასცა პასუხი. აქცენტი გაკეთდა იმაზეც, თითქოს ქალბატონი შორენა იყო დაინტერესებული მამა გიორგის დაკავებით. ეს ტყუილია, მას არავის დაკავების მოთხოვნით არ მიუმართავს გამოძიებისთვის.
ქალბატონი შორენა დაჰკითხეს მოწმის სტატუსით. ეჭვს ვერ შევიტან იმ ვიდეოფირის ნამდვილობაში, რაც საზოგადოებამ ნახა. მის ავთენტურობას, ფაქტობრივად, მამა გიორგის ადვოკატებიც ადასტურებენ.
ფაქტები ღაღადებენ იმაზე, რომ მამა გიორგი დაინტერესებული იყო ციანიდის შეძენით. მამა გიორგი ძალიან ცუდ გზაზე იდგა. ვერ შეასრულა, რაც უნდოდა. უნდოდა თუ არა ვინმეს მოკვლა, გამოძიების პრეროგატივაა. არა მგონია, მას თავისი ინიციატივით ემოქმედა.
თავად ეკლესიაა დაინტერესებული, რომ გამოაშკარავდეს ყველა ის პირი, ყველა შესაძლო დანაშაულებრივი ქმედება. თუ მამა გიორგის რაიმე განზრახვა ჰქონდა, მას სატელეფონო ან სხვა სახის კონტაქტი ექნებოდა გერმანიაში მყოფ პირებთან. გერმანიაში მყოფი პირების წრე კი ცნობილია, _ განაცხადა ქარჩავამ.
რაც შეეხება იმას, არის თუ არა დაკითხული ყველა ის პირი, ვინც გერმანიაში ახლდა კათოლიკოს-პატრიარქს, საპატრიარქოს იურიტის თქმით, მას ყველას დაკითხვაზე ინფორმაცია არ აქვს, „მაგრამ ის პირი, ვისთანაც მამა გიორგის ახლო ურთიერთობა და კონტაქტი ჰქონდა, უკვე დაჰკითხა გამოძიებამ“.
კითხვაზე, გულისხმობს თუ არა სოსო ოხანაშვილს, ედიშერ ქარჩავა ადასტურებს, რომ დაცვის უფროსი ჰყავს მხედველობაში.
_ ამ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, ვისთანაც მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა, არის სოსო ოხანაშვილი. ტელევიზიითაც საუბრობდა საშიშროებაზე, რომ შესაძლოა დააკავონ, _ განაცხადა ქარჩავამ.
კითხვაზე, დაიკითხა თუ არა მეუფე დიმიტრი, ედიშერ ქარჩავას თქმით, ის არ დაკითხულა.
_ ძირითადად, მამა გიორგი მამალაძის თანამშრომლები, 6-7 პირი დაიკითხა, – აღნიშნა ედიშერ ქარჩავამ.
ოხანაშვილს თეთრუაშვილთან, საპატრიარქოს იურისტის ინფორმაციით, დაპირისპირება არ ჰქონია.
_ ვფიქრობ, რაც ხდება, ყველაფერი მიმართულია ქალბატონი შორენას დისკრედიტაციისკენ, _ განაცხადა ქარჩავამ.
ინტერპრესნიუსი