„საქართველოს მოსახლეობის 35% შიმშილობს“

„საქართველოს მოსახლეობის 35% შიმშილობს“_ ეს ხელისუფლება უკვე აშკარად ემალება ამომრჩეველს და ეტყობა, ამიტომაც გადაწყვიტეს სადმე ერთად მოიყარონ თავი, _ აცხადებს „ახალ თაობასთან“ დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი ლაშა ჩხარტიშვილი.

_ იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ თავად შემოიჭიროს ქამარი, ხალხს სულ უფრო უჭერს კისერზე ყულფს. თავად ეს იდეა დეჟავიუს განცდას ბადებს _ „ქართული ოცნება“ ახირებებით ძალიან დაემსგავსა თავის წინამორბედს და არა მარტო ახირებებით.

ეს ხელისუფლება უკვე აშკარად ემალება ამომრჩეველს და ეტყობა, ამიტომაც გადაწყვიტეს სადმე ერთად მოიყარონ თავი. ამის გარდა, ისინი საკუთარ ფუფუნებაზეც ზრუნავენ და უნდათ, რომ კიდევ უფრო კეთილმოწყობილ კაბინეტებში ისხდნენ.

დალაგებული ქვეყანა რომ ვიყოთ, ამის გაკეთება მაშინაც საეჭვო იქნებოდა, ჩვენს პირობებში კი ახალი სამთავრობო ქალაქის აშენება სრულიად დაუშვებელია. დღეის მონაცემებით, მოსახლეობის 35% შიმშილს განიცდის. სრულფასოვანი კვების პრობლემა კი მასობრივად დგას. ამ რეალობაში რამდენიმე ათეული მილიონის ხარჯვა მთავრობის ფუფუნებაზე, რბილად რომ ვთქვათ, უტიფრობა და უსინდისობაა.

ძველად რომში იყო აქტუალური პური და სანახაობა. ჩვენში პური ნაკლებია, მაგრამ სანახაობაა მრავლად. არც პოლიტიკური ინტრიგები გვაკლია, ამ ყველაფერს ახლა თვალთვალი და მიყურადებაც დაემატა. ეს უკანონობა დააკანონეს და რაღაც ჩარჩოში მოაქციეს, – განაცხადა ჩხარტიშვილმა.

მისი აზრით, კონცერტებში მილიონების გადაყრას ჯობდა, გაჭირვებული ადამიანები დაეფინანსებინათ, რომლებიც სახსრების უქონლობის გამო ექიმთანაც კი ვერ მიდიან. საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ამ ხელისუფლებისა, ისიც შეიკვეცა.

_ სოციალური დახმარების ჩამორთმევა ძალიან გამარტივდა. სამაგიეროდ, ძალიან გართულდა ამ სტატუსის მიღება. თან რამხელა უბედურებაა, როცა ადამიანი სოციალურად დაუცველის სტატუსზე ოცნებობს.

ვერაფრით მოაბეს თავი ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, სამაგიეროდ, ხელისუფლებამ შეიძინა თავისთვის ახალი მანქანები. არ იკლებენ მაღალ ხელფასებს, პრემიებს დანამატები დაარქვეს, _ აცხადებს „ახალ თაობასთან“ ლაშა ჩხარტიშვილი.

„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი