თამარ ჩხეიძე: “საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დავალებას ასრულებს”

რუსთავი 2-ის გარშემო შექმნილ სიტუაციასა და სხვა პრობლემებზე “ახალი თაობა” ყოფილ დისიდენტსა და დეპუტატ თამარ ჩხეიძეს ესაუბრა.

თამარ ჩხეიძე: "საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დავალებას ასრულებს"თამარ ჩხეიძე:
_ გადაწყვეტილება რუსთავი 2-ის ქიბარ ხალვაშისათვის გადაცემის შესახებ აღმაშფოთებელია. ესაა უსამართლობა და უნამუსობა. მას არანაირი კავშირი არა აქვს ქონებრივ და სამართლებრივ თემასთან. ამ ტელეკომპანიამ თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი მფლობელი გამოიცვალა. გაუგებარია, რატომაა მათ შორის ყველაზე კანონიერი ქიბარ ხალვაში. ქიბარ ხალვაშმა შეასრულა ბიძინა ივანიშვილის დავალება.
ის, რომ ”ქართული ოცნება” რუსთავი 2-ს ”მიხედავდა”, თავიდანვე არ იმალებოდა. ამაზე საჯარო განცხადებები აქვთ გაკეთებული ბიძინა ივანიშვილს, კახა კალაძეს, სხვებს. ხელისუფლებას უნდა, გააჩუმოს მისგან დამოუკიდებელი არხი. მთავარია, რომ ეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ტელევიზიაა და მნიშვნელობა არა აქვს, ასოცირდება თუ არა ის რომელიმე პარტიასთან. საზოგადოების ნაწილს ეს ვერ შეუგნია.
_ საზოგადოების ამ ნაწილში ეს არხი ნაცმოძრაობასთანაა გაიგივებული?
_ დიახ. ესაა მძლავრი ტელევიზია, რომლიდანაც ისმის ხელისუფლებისგან განსხვავებული მოსაზრებები. არის თუ არა ის დამოკიდებული ნაციონალურ მოძრაობაზე, ეს არსებითი არაა. ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიას, ეს ტელევიზია სჭირდება. ამ გადაწყვეტილების დაჩქარებას თავისი ახსნა აქვს.
_ რა ახსნა?
_ რუსეთს ეჩქარება საქართველოში სტრატეგიული საკითხების გადაწყვეტა. ის აჩქარებს საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც მის დავალებებს ასრულებს. იგულისხმება აფხაზეთის გავლით რკინიგზის ამუშავება, დეოკუპაციის კანონის გაუქმება, ოკუპაციის თემის დავიწყება. რუსთავი 2 ამ პრობლემებს ყურადღებას უთმობს. ამიტომ, რუსეთს ძალიან უშლის ხელს ასეთი ტელევიზიის არსებობა.
_ გამოითქვა იდეა, რომ რუსთავი 2 გარკვეულ ფასად მის თანამშრომლებს გადაეცეს.
_ ეს არარეალურია. ეტყობა, ეს განცხადება გაკეთდა პროტესტის ნიშნად. ქიბარ ხალვაში ამაზე არ წავა.
_ სტრასბურის სასამართლოში ჩივილი რას მოიტანს?
_ სტრასბურის სასამრთლოში საჩივრის შეტანა და განხილვა ხანგრძლივი პროცესია. კიდევ არსებობს გადაწყვეტილების 24 საათში შეჩერების მექანიზმი. ხანგრძლივი განხილვის დროს იქნება სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლების გაჩუმების მცდელობა. ბუნებრივია, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ურთმელიძისა და ნაზღაიძის მსგავსი მოსამართლეები არ არიან. არის შანსი, რომ სამართალმა იზეიმოს, თუმცა, შესაძლოა, რუსეთი ევროპულ სასამართლოში შეეცადოს ხალხის მოსყიდვას. რუსეთი დასავლეთში ერევა მთელ რიგ პროცესებში. ამიტომ არაფრისგან დაზღვეული არა ვართ (ინტერვიუ ჩაწერილია სტრასბურის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე).
_ რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი ახსენეთ. ბოლო დროს გამოიკვეთა, რომ ხელისუფლება რკინიგზის ამოქმედების მომხრეა?
_ ხელისუფლება ამას უარყოფს. თუმცა, არსებობს შეკითხვები და ეჭვები. საქართველოში ჩამოსულმა სომხეთის ოფიციალურმა პირებმა ახსენეს ტრანსპორტის საკითხი და აქედან კმაყოფილები წავიდნენ. ცნობილია, რომ ამ რკინიგზით რუსეთთან ერთად დაინტერესებულია სომხეთი. რუსეთის მედიაში იწერება და ადრეც იწერებოდა, რომ ეს იგეგმება. ივანიშვილს ღიად აქვს გაცხადებული, რომ ამ რკინიგზის გახსნა მისი სასურველი მიზანია. თუ რუსთავი 2-ს ჩაახშობენ, მას ამაში გამკრიტიკებელი მოაკლდება.
_ ძნელი წარმოსადგენია, რომ ეს რკინიგზა გაიხსნას რუსთავი 2-ის გაჩერების შემთხვევაშიც კი.
_ დიახ. ინფორმაცია, სიმართლე მაინც გავრცელდება. საზოგადოება რკინიგზის გახსნას ეწინააღმდეგება. სამწუხაროდ, ხშირად ჩვენი საზოგადოება არაადეკვატურად რეაგირებს, ან საერთოდ არ რეაგირებს მოვლენებზე და სწორი პოზიციაც რომ ჰქონდეს, ამას არ გამოხატავს.
_ წინა ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ ხელოვნების მუზეუმიდან დათხოვნა ემუქრებათ გამოცდილ თანამშრომლებს. რა ბედი ეწიათ მათ?
_ ეს კვალიფიციური სპეციალისტები არიან, რომლების ერთგულებითა და თავდადებით შევინარჩუნეთ საგანძური. ეს მუშაკები გადაფოფრილი არიან ეროვნულ საგანძურსა და სიწმინდეებს, რომლებიც უნიკალურია როგორც ხელოვნების, ისე რელიგიის თვალსაზრისით.
მათი დათხოვნის მცდელობა კარგა ხნის წინ დაიწყო, განსაკუთრებით მაშინ, როცა მუზეუმების გაერთიანება მოხდა. ახლა ოპტიმიზაციის თუ რემონტის საბაბით ისევ განახლდა ეს თემა. დღეისათვის, საპატრიარქოსა და საზოგადოების ნაწილის ჩარევით, დათხოვნის პროცესი შეჩერდა. რა იქნება შემდეგ, არ ვიცი. მუზეუმში ამბობენ, რომ იქ ცუდი ვითარებაა შექმნილი და ვიღაცას არ უნდა, რომ საგანძური დაცული იყოს.
მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა