აფხაზეთის ომის უცნობი ფაქტები

თომას გოლცმა თავიდან ბოლომდე გაიარა “ქართული ჯოჯოხეთის” ყველა რკალი 1992 წლიდან 2008 წლამდე – ომიდან ომამდე. პირდაპირ, შეულამაზებლად, მაღალპროფესიულად ასახა ნანახ-განცდილი. არის ამ წიგნში რაღაც ისეთი, რაც შეგძრავს და სამუდამოდ დაგამახსოვრებს თავს. ესაა სიმართლე, შიშველი ფაქტები, რომლებსაც ყველგან ვერ წაიკითხავ, რადგან ყველა ვერ ახერხებს ასე – მიკერძოებისა და ფარისევლობის გარეშე. ძნელი და, ზოგიერთ შემთხვევაში, შეუძლებელიც კია იმის აღქმა, რასაც ეს ფაქტები ამბობენ
***
– საპირფარეშოში ხომ არ გნებავთ? – მკითხა მღვდელმა.
მართალი გითხრათ, მინდოდა და უკან გავყევი ახლომდებარე ოთახისკენ. მან უეცრად კარი მიხურა და მომიტრიალდა. ღიმილი გამქრალიყო მისი გაფითრებული სახიდან, შიში უკრთოდა წყლიან თვალებში, მთელი დაძაბულობა გამოხატვოდა სახეზე.
– გთხოვ, შეეცადე და უთხარი მსოფლიოს სიმართლე – ჩურჩულით მითხრა, შემდეგ მანტიის ჯიბიდან რამდენიმე ცალი ასრუბლიანი ამოიღო. – გთხოვ, მიიღო ეს როგორც საჩუქარი. სხვა არაფერი გამაჩნია, რომ მოგცე.
– რისთვის? – ვკითხე და შევეცადე უარი მეთქვა ფულზე.
– გევედრები, გთხოვ, გამომართვი და უთხარი მსოფლიოს, რომ… – ხელი უთრთოდა სრულიად გაფითრებულ მღვდელთმთავარს, – უთხარი, რომ რაღაც დიდი საშინელება ხდება ჩვენს ქვეყანაში. გთხოვ!
ეს იყო უცნაური და სევდიანი შეხვედრა, უცნაურ და სევდიან კაცთან. მღვდელი, რომელიც საბჭოთა პერიოდში სავარაუდოდ იმპერიალისტური ბოროტების წინააღმდეგ ქადაგებდა, დღეს საკუთრი, ჭეშმარიტი რელოგიის ფესვების მიგნების შემდეგ იბრძვის იმ ცინიზმით სავსე პოლიტიკური შავი ხვრელის წინააღმდეგ, რომელმაც მისი ქვეყანაც მოიცვა.
ფული გამოვართვი და რა კეთილგონივრული აზრიც მაშინ მომივიდა, იყო ის, რომ ამ ფულით რამდენიმე ბოთლი კონიაკი ვიყიდე და თეატრის წინ მსხდომ მწყურვალ ხალხს ჩამოვურიგე.
მოგვიანებით, როცა სოხუმში დავბრუნდი, კვლავ მივაკითხე დავითს, მაგრამ შინ არ დამხვდა, თბილისში გამოეძახებინათ. როცა მეც ჩავედი თბილისში, მართლმადიდებლურ საპატრიარქოში მოვიძიე იგი. მაგარმ მითხრეს, რომ გულის შეტევით გადაცვლილიყო. ხმები უფრო ბნელ დასასრულზეც საუბრობდნენ.

***
აფხაზები აშკარა უპირატესობით გამოირჩეოდნენ. იმდენად აშკარად, რომ ეს მხოლოდ აფხაზები არ უნდა ყოფილიყვნენ. ერთხელ შევარდნაძემ მითხრა, რომ სეპარატისტების 80-90 პროცენტს „დაქირავებული“ ძალა წარმოადგენდა, რომელშიც რუსეთის მოქალაქეები, ჩეჩნები და კაზაკები შედიოდნენ. მათ ქართველებთან ბრძოლის არანაირი საფუძველი არ გააჩნდათ, გარდა მაროდიორობისა და ფულადი ინტერესებისა. თუმცა იყვნენ „სხვებიც“, ხალხი, რომელსაც კარგი კავშირი ჰქონდა რუსეთის თავდაცვის სტრუქტურებთან. ხალხი, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ყველაფერზე, მოიერიშე-ბომბდამშენი ავიაციიდან დაწყებული, სატელიტური ფოტოგრაფიით დამთავრებული.

***
„მისტერიული თვითმფრინავი გუმისთას თავზე“ – ჩემი ეს სტატია არასოდეს გამოქვეყნებულა, უფრო იმისგამო, რომ იგი ვერ თავსებოდა სიახლეების კონტურებში. შესაძლოა იმ დროისათვის ბოსნიაში მიმდინარე მოვლენებითა და სხვა ბუნდოვანი კონფლიქტების დაიჯესტით გართულმა დასავლურმა მედიამ ჯანსაღად ვერ მოახერხა ამგვარი ინფორმაციების მონელება.

***
– ამერიკა, – ჩაილაპარაკა ჯარისკაცმა ჩემი დანახვისას, – იცი, ჩვენ გვწამდა თქვენი, მაგრამ თქვენ არ იწამეთ ჩვენი. ჩვენ დაგიჯერეთ, როცა თქვით, რომ საბჭოთა კავშირი ბოროტების იმპერია იყო და რომ უნდა დაშლილიყო. მაგრამ თქვენ აღარ დაგვიჯერეთ, როცა ჩვენ ვთქვით, რომ რუსების არასოდეს შეეგუებოდნენ ამას…

***
ერთადერთი საგმირო შემთხვევა, რასაც თავად შევესწარი, ის იყო, როცა ერთმა ყმაწვილმა საკუთარი დედა და და გემბანზე ამოიყვანა, შემდეგ მიმოახედა და უეცრად წყალში გადაეშვა. იგი ცურვით ბრუნდებოდა საბრძოლველად. გემბანზე დარჩენილი დედა განწირული ხმით გაჰკიოდა. შემდეგ მას გული წაუვიდა.

ინგლისურიდან თარგმნა გიორგი ქოიავამ
გამომცემელობა „არტანუჯი“, 2014წ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018