ლევან ალაფიშვილი: „არ შეიძლება კონსტიტუციაზე ცდების ჩატარება“

– „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამას თუ ჩავხედავთ, კონსტიტუციაში ცვლილებებთან დაკავშირებით არაფერი წერია. იმ პროგრამაში, რომელსაც ქართველმა ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა, სამი რამ წერია: პირველი – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების კომპეტენციური დაბალანსება უნდა მოხდეს; მეორე _ ტერიტორიული მოწყობის საკითხი და მესამე _ საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებაზეა საუბარი, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი.

მისი აზრით,  მხოლოდ იმ სამ საკითხზე უნდა ემსჯელათ. რატომ არ ასახეს კონსტიტუციაში ტერიტორიული მოწყობის საკითხი? მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ეს იყო ძალიან სახიფათო საკითხი, რომელსაც ვერ შეეხებოდნენ, რადგან ჯერ ტერიტორიული მთლიანობაა აღსადგენი, აფხაზებთან და ოსებთან სასაუბრო გვაქვს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. „ქართული ოცნება“ ყველაფერზე მსჯელობს, რაც მის პოლიტიკურ ინტერესშია, გარდა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხებისა.

ალაფიშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს ურჩევს პარტიის პროგრამა წაიკითხოს.

– ირაკლი კობახიძემ საკუთარი პარტიის პროგრამა წაიკითხოს, სადაც წერია, თუ რა ცვლილებებს განახორციელებდნენ ისინი კონსტიტუციაში. ჩვენ მმართველობის სისტემის გაუმჯობესებაზე უნდა ვიმსჯელოთ. კლასიკური გაგებით ვერ ვიმსჯელებთ და ვერ ვიტყვით, მართვის რა სისტემა გვაქვს დღეს. ვერ იმსჯელებენ ვერც ისინი, რომლებიც პარლამენტში არიან და კონსტიტუციონალიზმში მეტ-ნაკლებად ერკვევიან.

ერთი მაგალითი დამისახელონ საპარლამენტო რესპუბლიკის, ჩვენნაირი ტერიტორიული მოწყობის, სადაც უმსხვილესი პოლიტიკური ავტონომიის ხელმძღვანელობა ანგარიშვალდებულია პრეზიდენტის ანუ სახელმწიფოს მეთაურის, და არა პარლამენტის წინაშე.

არსებული მოდელით, არც საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ, არც საპრეზიდენტო და არც შერეული. შეიძლება, შერეულისკენ რაღაც თეორია განვავითაროთ. არ შეიძლება კონსტიტუციასთან, სახელმწიფოებრიობასთან ასე თამაში, ვის როდის მოუნდება, მაშინ შეცვალოს და რაც მოუნდება, ის ჩაწეროს. მით უფრო, ეს არ შეიძლება ჩვენნაირ ქვეყანაში, თორემ დალაგებულ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიას საუკუნოვანი ტრადიციები აქვს, კი ბატონო, ატარონ ცდები, იმსჯელონ თეორიულ ექსპერიმენტებზე, – აცხადებს ლევან ალაფიშვილი „ახალ თაობასთან“.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018