მარიტა ჯანაშია: “შეყვარებული ჩემს დიეტას აპროტესტებს _ ბოსტნეულს ვჭამ, უშაქრო ყავას ვსვამ”

25 წლის მსახიობი და მოდელი, მარიტა ჯანაშია, ჟურნალ “სარკესთან” ამბობს, რომ პოდიუმზე დიზაინერის ნებას ემორჩილება, სცენაზე – რეჟისორის და გარეგნობას მკვეთრად იცვლის, რეალურ ცხოვრებაში კი შეიძლება პუდრი ან ტონალურიც კი არ მიიკაროს სახეზე. გოგონებსაც ურჩევს, საკუთარი კანის ბუნებრივი სილამაზით და სინორჩით დატკბნენ.
– რა ასაკიდან დაიწყეთ მაკიაჟის გაკეთება?
– 16 წლიდან, როცა მოდელი გავხდი. ილიაუნის თეატრში ვარ, სპექტაკლში ვთამაშობ და იქაც სულ მიწევს გრიმის გაკეთება. როცა მაქვს იმის შანსი, რომ სახე ზედმეტად არ დავტვირთო, მაკიაჟზე უარს ვამბობ. არც ტონალური მიყვარს და არც ბიბიკრემები. სახლიდან გასვლის წინ უბრალოდ საცხს ვისვამ და ეს მყოფნის.
– არ მოგწონთ მკვეთრი თუ ავანგარდული მაკიაჟი, რომელსაც პოდიუმისთვის გიკეთებენ?
– ცხოვრებაში ასეთ მკვეთრ მაკიაჟს არ მივესალმები, მაგრამ ვთვლი, რომ ეს პოდიუმზე ძალიან ლამაზია. ისიც ლამაზია, როცა სახე მთლიანად ჩამქრალია და ნაკვთები გამოკვეთილი არ არის.
– ადრე გრძელ თმას ატარებდით. დამოკლება რამ გადაგაწყვეტინათ?
– თმა საშინლად მქონდა გაფუჭებული და ძალიან მოკლედ შევიჭერი. თმის შეღებვა ძალიან ხშირად მიწევს. ოჯახის ყველა წევრს – დედას, მამას, ორივე მხრიდან ბებიებს გენეტიკურად აქვთ ჭაღარა. 16 წლის ასაკში მეც სულ ჭაღარა ვიყავი. ამის გამო შეღებვა მიწევს, თან თმა მალე მეზრდება, სამ დღეში ერთხელ ჭაღარები რომ იზრდება, რა მემართება, არ ვიცი.
– ბებიათქვენი, ცნობილი მსახიობი მარინა ჯანაშია, თავის მოვლასთან დაკავშირებით რჩევებს გაძლევთ?
– მარინა ყოველთვის მირჩევდა რაღაცებს. ცოტა ხნის წინ თმა ოდნავ გამიმუქდა და მაშინვე მირჩია, გამეღიავებინა, რადგან ასაკს მმატებდა. ჩაცმასთან და გარეგნობასთან დაკავშირებით არასდროს მაკრიტიკებს. ბოლო დროს შეამჩნია, რომ ცოტა მომატებული ვარ და ისიც მითხრა.
– აქვე გკითხავთ, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორ გრძნობს თავს მძიმე ოპერაციის შემდეგ?
– შედარებით უკეთესადაა, წინ დიდი რეაბილიტაციის კურსი გვაქვს. აღსადგენი აქვს ძალები. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩადგება ფორმაში. ყოველთვის ვიცოდი, რომ ძლიერი ადამიანი იყო, მაგრამ ახლა ისეთი შინაგანი სიძლიერე გამოავლინა, ყველანი შოკში ვართ. ძალიან დიდ ტკივილებს გაუძლო.
თითქმის 1 წელი ხდება, რაც ცუდად არის. მართლა ყველაზე ძლიერი ქალია, ერთი წამითაც არ დაცემულა, პირიქით, აქეთ გვამხნევებს.
– ჩვენგან გამოჯანმრთელება უსურვეთ. მოდის სიახლეები ყოველთვის მისაღებია თქვენთვის, თვალდახუჭული მიჰყვებით ტენდენციებს?
– ყოველთვის იმას ვიცვამ, რაც მომწონს, აუცილებელი არ არის, ჩარჩოებში მოექცე და, რადგან მოდაშია, ჩაიცვა. მოდა ახლა შედარებით თავისუფალი გახდა. ოვერსაიდ ტანსაცმელი შემოვიდა მოდაში. ასეთი რაღაცების ჩაცმა სულ მიყვარდა, დედაჩემი კი აპროტესდებდა. ახლა რომ დაინახა, მოდაშია, აღარაფერს მეუბნება.
– ექსპერიმენტების სურვილი როცა გიჩნდებათ, სამიზნე რა ხდება?
– ძირითადად თმა იჩაგრება. ახლა უკვე ჩემი თმა აღარაფრის საშუალებას მაძლევს და ტატუზე გადავედი, ხელზე უკვე მეორე ტატუ გავიკეთე. ჩემი შეყვარებული (პოეტისა და მსახიობის, ნიკო გომელაურის შვილი, ჯეჯი გომელაური, ავტ.) მეუბნება, დაიხატეო და მეც ვიხატავ.
ყველაფერში და ყოველთვის მგულშემატკივრობს, მაშინაც კი მქომაგობდა, თმა ყვითელი რომ მქონდა. ერთი პერიოდი წამომიარა, თმა ძალიან ღია ფერზე შევიღებე და არ მომიხდა. მაშინდელი ყველა ფოტო წავშალე, სულ სხვა ადამიანი ვიყავი.
ახლა ამოვიჩემე, რომ 2-3 კილო მაქვს მომატებული, ჯეჯი კი მიმტკიცებს, არა, რა მომატებული, ძალიან კარგ ფორმაში ხარო. არადა ვიცი, რომ მომატებული ვარ, ამიტომ ვცდილობ, ჩემებური დიეტა დავიცვა, რომელსაც ჯეჯი აპროტესტებს. მეუბნება, დიეტა არ გჭირდებაო. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ძალიან მიკერძოებულია.
– ხშირად გეცვლებათ წონა?
– ძალიან რთულად ვიმატებ წონაში. 3 წელია ამ 3 კილოს ნელ-ნელა ვკრეფ. დაკლება კი ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, ვერაფრით დავაგდე. ახლა რაღაც დიეტა გამოვიგონე და იმას ვიცავ.
– როგორ დიეტას იცავთ?

– ბოსტნეულს ვჭამ, უშაქრო ყავას ვსვამ და ვცდილობ, ყველაფერი უცხიმო მივიღო. ნახშირწყლები რაციონიდან საერთოდ ამოვიღე. ამას გარდა, ვარჯიში დავიწყე და, ვფიქრობ, ამ 3 კილოს მოვერევი.
ჟურნალი “სარკე”, ეკა ლემონჯავა 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018