ნანა ფაჩუაშვილის კომშის დესერტი

მსახიობი ნანა ფაჩუაშვილი სტუმართან არასოდეს შერცხვება. მაცივარში ყოველთვის აქვს ისეთი პროდუქტები, რომ რაიმე გემრიელი სახელდახელოდ მოამზადოს და მიართვას. ასეთი კერძების რეცეპტები კი ჟურნალ “სარკესაც” ჩააწერინა:
– მიყვარს კვახი, ნებისმიერი რეცეპტით მომზადებული, განსაკუთრებით – მეგრული კოპეშია, რომელიც ახლა ბაზარში იშვიათად იყიდება, ამიტომ მოგრძო კვახს ვყიდულობ.
ძალიან მიყვარს კომში. ღუმელში მოთუშული ბევრ ნამცხვარს მირჩევნია.
– როგორ ამზადებთ კომშის დესერტს?
– ავიღებ 5-6 ცალ კომშს, გავჭრი შუაზე და ღუმელში შევდებ. შემდეგ გავაკეთებ ნიგვზის ბაჟეს (შეგვიძლია ნიგვზის ნაცვლად თხილი გამოვიყენოთ). 300 გრამ ნიგოზს ვაბლენდერებ, ვუმატებ ვანილს და ადუღებულ წყალს. კომში ოდნავ რომ შეწითლდება, ღუმელიდან უნდა გამოვიღოთ, გავაციოთ და ჩავალაგოთ სქელ ბაჟეში.
– ვთქვათ, მოულოდნელად სტუმარი მოგივიდათ და გინდათ, გაუმასპინძლდეთ. როგორი იქნება თქვენი სახელდახელო სუფრა?
– კარგ დიასახლისს ყოველთვის უნდა ჰქონდეს გადადებული ისეთი რაღაცები, სტუმარი რომ მოვა, უცებ გააკეთოს. მე მაცივარში ყოველთვის მაქვს ქათმის ფილე, კიტრის მწნილი, წიწაკა და სიმინდის მარინადი.
მაგალითად, ერთ დიდ თეფშზე დავდოთ სალათის ფურცლები. შემწვარი ან მოხარშული ფილე ან ძროხის ხორცი, მივულაგოთ ცოტ-ცოტა მოხარშული ბრინჯი, მოხარშული კარტოფილი, სიმინდი, მჟავე კიტრი, პომიდორი, წიწაკა და ერბოკვერცხი.
შენი სტუმარი ყველაფერს შეჭამს, მაგიდაზეც ერთი დიდი თეფში იქნება და მორჩა. თუ სადილი არ გაქვს მზად, შეგიძლია ასე უცებ გაუმასპინძლდე მეგობარს. რაც ლამაზია, ყველაფერს მშვენივრად შეჭამ. შეიძლება ვინმემ თქვას, უიმე, კვერცხი არ მიყვარსო, მაგრამ კვერცხსაც მშვენივრად მიირთმევს, როცა თეფშზე ლამაზად ალაგია საკმაოდ იაფფასიანი, მაგრამ გემრიელი საჭმელები.
ღოღნოშოს ტყემალს ვაკეთებ და, როცა ძალიან მშია, პურთან და კარტოფილთან ერთად მშვენივრად ვნაყრდები.
– როგორ აზავებთ ტყემალს?
– მთავარია, კარგი გულით გააკეთო, თორემ საკმაოდ მარტივია. ათასჯერ უნდა დააგემოვნო, სანამ გაკეთდება და მიხვდები, რა უნდა დაუმატო და რა აღარ არის საჭირო. ღოღნოშოსთან ერთად ვხარშავ დიდღეროიან რამდენიმე კონა ქინძს, წიწაკას, ნიორს. მერე მხოლოდ ღოღნოშოს ამოვიღებ ჯამზე და გავხეხავ. დანარჩენ სანელებლებს აღარ ვუმატებ, ისინი არომატსა და სურნელს ხარშვის დროს კარგავენ.
– რა კერძს ამზადებთ ყველაზე ხშირად?
– წვნიანები ძალიან მიყვარს და ხშირადაც ვამზადებ, მაგალითად, ბორშჩს, მაგრამ ხორცის გარეშე. საერთოდ, ყველანაირ ნახარშს ვაქცევ, ეს იქნება ლობიო თუ ხორცის ნახარში.
– ამბობენ, მამაკაცები განსაკუთრებულად გემრიელ კერძებს ამზადებენო. თქვენი ქმარი, მსახიობი ტრისტან ყველაიძეც, მეგობრობდა სამზარეულოსთან?
– არაჩვეულებრივად ამზადებდა. გასტროლებიდან ჩამოსულს ტრისტანი ყოველთვის მახვედრებდა ჩემთვის საყვარელ საჭმელს. შვილები ყოველთვის გამოარჩევდნენ ჩემსა და მამიკოს მიერ გაკეთებულ კერძებს. იტყოდნენ ხოლმე, ეს ხორციანი საჭმელი მამიკოს მომზადებულიაო და ასეც იყო. ყოველდღიურად არ ამზადებდა, მაგრამ, თუ გააკეთებდა, შესანიშნავი გამოსდიოდა.
– ყველაზე მეტად რა გიყვარდათ მისი მომზადებული?
– სალიანკა, რომელსაც საოცრად გემრიელს აკეთებდა.
– თქვენ თვითონ რას აკეთებთ ყველაზე გემრიელად?
– სადილებს ყოველდღე ნამდვილად არ ვაკეთებ, რადგან ხან შვილთან ვარ, ხან – შვილიშვილთან და იქ გეახლებით.
ლანა კიკნაძე, ჟურნალი “სარკე”

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018