რას უნდა მიაქციოს ყურადღება მშობელმა ბავშვის განვითარების დროს

ყველა მშობელს წარმოდგენა უნდა ჰქონდეს ბავშვის ნორმალური განვითარების ე.წ. ტრაექტორიის შესახებ. ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვის სიცოცხლის პირველი წლებია.

რას ნიშნავს ბავშვის განვითარება, რას გვასწავლის ბრონფენბრენერის თეორია და როდის უნდა იყოს მშობელი ყურადღებით, ამ თემებზე იაშვილის კლინიკის ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის დოქტორი ეკა კანდელაკი საუბრობს.

ეკა კანდელაკი:

_ მშობლები ყოველთვის უნდა იყვნენ ყურადღებით, რათა არ გამორჩეთ რაიმე პრობლემა ბავშვის განვითარების პერიოდში, იმიტომ, რომ ბავშვის განვითარება ცოტა განსხვავებული რამაა და საჭიროა მშობლის განსაკუთრებული დაკვირვება. მშობელია ჩვენი ინფორმაციის მთავარი წყარო და სწორედ მისგან ვიგებთ, როგორ ვითარდება ბავშვი.

ეს მიმართულება წლების მანძილზე იზოლირებული იყო ჯანმრთელობისგან. მშობლები ხომ უმეტესად მაშინ მიმართავენ ექიმს, როცა ბავშვი ავადაა, სიცხე აქვს, ახველებს, პრობლემები აქვს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად არ არის ხოლმე ვიზიტები პედიატრთან განვითარებასთან დაკავშირებული ჩივილებით. ამაში უცნაური არაფერი არ არის, განვითარება და ქცევა პედიატრიის ერთ-ერთი ქვე-სფეროა და შედარებით ახალგაზრდაა, თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ ადამიანი ჯანმრთელი კი არ უნდა იყოს ზოგადად, მას ასევე უნდა ჰქონდეს განვითარების კარგი მაჩვენებლები, იყოს მეტ-ნაკლებად სოციალურ გარემოში და ეს განაპირობებს ჯანმრთელობას.

_ რა შეგიძლიათ თქვათ ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით?

_ რაც შეეხება განვითარებას, ეს არის საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესი, რომელიც იწყება ჩასახვიდან და გრძელდება მთელი ცხოვრება. ანუ ადამიანს აქვს საშუალება, განვითარდეს მთელი ცხოვრების განმავლობაში. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, სად არის ეს ტემპი უფრო აჩქარებული, სად არის შესაძლებლობა იმისა, რომ გამოვავლინოთ პრობლემები და რატომ ხდება, რომ ერთი ადამიანი ვითარდება ერთი მიმართულებით და მეორე ადამიანი სხვა მიმართულებით. საკითხი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ფსიქოლოგიასაც, ფილოსოფიასაც, ადამიანების შეხედულებასაც, მაგრამ ის, რომ განვითარება იწყება ჩასახვიდან და გრძელდება ადამიანის გარდაცვალებამდე, არის ძირითადი მახასიათებელი და იგი განსაზღვრავს ბავშვის შემთხვევაში გარკვეულ უნარ-ჩვევებს და მისი განვითარების სრულიად ინდივიდუალურ დონეს, რომელიც გარკვეულ ასაკში უნდა ჰქონდეს. იგი განპირობებულია და განისაზღვრება ნერვული სისტემის ზრდით და მომწიფებით, ფსიქიკური რეაქციებით და ასევე ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს გენეტიკასთან და გარემო ფაქტორებთან.

ამ დარგის საფუძველი ემყარება თეორიას. თეორია კი ის არის, რაც ჯერჯერობით ბოლომდე დამტკიცებული არ არის. ბავშვის განვითარების შესახებ თეორიები არის ძალიან მრავალფეროვანი. XXI საუკუნეში ბავშვის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თეორია, რომელსაც მთელი მოძღვრება ემყარება, არის ეკოლოგიური თეორია ანუ ბრონფენბრენერის თეორია. ამას ეკოლოგიასთან ნაკლებად აქვს კავშირი, მაგრამ ეკოლოგია იმიტომ ეწოდება, რომ ეს არის განსხვავებული გარემოს ზეგავლენა ბავშვზე. ბრონფენბრენერი იყო ცნობილი მეცნიერი, ფსიქოლოგი და მან შექმნა მოძღვრება. მისი მთავარი ქვაკუთხედი იყო ის, რომ ბავშვია ყველაფრის ცენტრში და მის გარშემო ტრიალებს და ბრუნავს განსხვავებული გარემოებები _ სკოლა, ოჯახი, სამედიცინო დაწესებულებები, მეზობლები, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, რელიგიური შეხედულებები, სოციალური ურთიერთობები. ანუ ყველა ის სისტემა ზემოქმედებს ბავშვზე და მით უფრო ეფექტური და პოზიტიურია, რაც უფრო ხშირად მეორდება ეს ზემოქმედება.

არსებობს მეორე თეორია, რომელსაც ჰქვია მიჯაჭვულობის თეორია. ის ავსებს პირველ თეორიას. ეს თეორიები ხსნიან ყველაფერს _ რა როლი აქვს გარემოს ბავშვის და ადამიანის განვითარებაში. მიჯაჭვულობის თეორიის მთავარი არსია, რომ ბავშვი ვითარდება ერთ მომვლელთან, ერთ მზრუნველთან მყარი მიჯაჭვულობის ჩამოყალიბების საფუძველზე. ყველაზე საინტერესო კი ამ ორ თეორიაში ის არის, რომ ეს არ არის სიყვარული. რასაკვირველია, ყველას უყვარს თავისი შვილი, მაგრამ სიყვარული არ არის მიჯაჭვულობა. მიჯაჭვულობა ნიშნავს დაცულობის შეგრძნებას, ამის შეფასება საკმაოდ რთულია, მაგრამ პედიატრს, რომელსაც აქვს გამოცდილება, ამას მშობელს აუხსნის. როცა ბავშვი მიდის ექიმთან მშობლებთან ერთად, როგორც კი მისთვის რთულ სიტუაციაში ვარდება, ის მომენტალურად მიდის ერთ რომელიმე მშობელთან დახმარებისთვის. ეს ყოველთვის არ არის დედა, შეიძლება იყოს მამაც. ეს ძალიან კარგი ნიშანია იმისა, თუ ვისთან ეძებს საყრდენს ბავშვი, როცა აქვს პრობლემა.

_ რა ეტაპები არსებობს ბავშვის განვითარებაში?

_ ბავშვის განვითარება არის ძალიან რთული. უმრავლესობას ჰგონია, რომ განვითარება არის მხოლოდ გონებრივი განვითარება, რაც არ არის სწორი. ეს არის ძალიან მრავალფეროვანი სფერო _ ფიზიკური განვითარება, მოტორული განვითარება, ემოციური განვითარება, გრძნობათა ორგანოების განვითარება, გონებრივი განვითარება, სოციალური განვითარება, კოგნიტური და მეტყველების განვითარება. არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სფერო _ ადაპტური ქცევები ანუ თვითმომსახურება. ამ სფეროს ყოველთვის ნაკლები ყურადღება ექცევა ხოლმე შეფასების დროსაც. არადა ის ძალიან მნიშვნელოვანია და წარმოადგენს კომბინაციას სხვადასხვა სფეროებიდან აღებული გარკვეული უნარებისა.

ფიზიკური განვითარება ძალიან მარტივი რამ არის და განუყოფელია ბავშვის განვითარებისთვის. ეს არის სიგრძეში ზრდა, სიმაღლეში ზრდა, წონის მატება, თავის გარშემოწერილობა.

მოტორული სფერო _ ეს არის კუნთების მოძრაობები, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება. მსხვილი უხეში მოტორიკა, რომელიც არის მსხვილი კუნთებით შესრულებული სხვადასხვა სამუშაო და მეორე არის წვრილი ნატიფი მოტორიკა, რომელიც არის წვრილი კუნთებით შესრულებული სამუშაო. მაგალითად, 12 თვის ბავშვი, რომელიც უკვე დგას და საყრდენს იყენებს დამოუკიდებელი დგომისთვის, ეს არის უხეში მოტორიკის ნიშანი, მაგრამ ბავშვი, რომელიც თვალს აყოლებს მოძრავ საგანს, ეს არის ნატიფი მოტორიკის ნიშანი.

კოგნიტური განვითარება არის აღქმა, ანალიზი, დამახსოვრება, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა და ყველაზე კარგად ადრეულ ასაკში ამ პრობლემის შეფასება შეიძლება მეტყველებით. პრობლემის გადაჭრის უნარი ძალიან ადრე ყალიბდება. დაახლოებით 6-7 თვის ასაკიდან ბავშვებს გარკვეული პრობლემების გადაწყვეტა შეუძლიათ, მაგრამ ეს უნარი არის კომბინაცია ასევე სხვადასხვა უნარებისა. ეს არის მხედველობის განვითარება, მოტორული სფეროს განვითარება, აღქმა გარკვეული საგნებისა. მაგალითად, 8 თვის ბავშვი, რომელიც ზის დამოუკიდებლად, სწყურია და იწევს ბოთლისკენ, ეს არის პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი მაგალითი. კოგნიტური განვითარება არ არის მხოლოდ მეტყველება, მაგრამ ყველაზე ადვილად ის ფასდება მეტყველების მიხედვით, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში.

სოციალური განვითარება _ ეს არის გარკვეული სოციალური უნარები და პიროვნული ჩამოყალიბება.

ემოციური განვითარება ძალიან საინტერესო სფეროა. ეს არის ემოციების გამოხატვის უნარი და შესაძლებლობები, ანუ რამდენად რეაგირებს ბავშვი გარეშე ემოციებზე. ძალიან მარტივია ამის გაგება მშობლისთვის. თქვენი ემოციების სარკისებური არეკვლა ბავშვის გარკვეულ ასაკში არის აბსოლუტურად ნორმალური და ის კარგი განვითარებაზე მიუთითებს.

გრძნობათა ორგანოების განვითარების გარეშე სფეროები ვერ განვითარდება. ბავშვს უნდა ჰქონდეს კარგი სმენა, მხედველობა, გემო, ყნოსვა და ამით გააანალიზოს ინფორმაცია.

ადაპტური ქცევები ძალიან საინტერესო სფეროა, ეს არის თვითმომსახურების უნარები. როგორ შეუძლია ბავშვს მოემსახუროს თავის თავს, როცა ეს საჭიროა, მაგალითად, შეჭამოს როცა შია, წავიდეს ტუალეტში, როცა საჭიროა, დაიბანოს ხელები, როცა ტუალეტიდან გამოვა, გაიხეხოს კბილები… ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება, რთულდება და საბოლოო ჯამში წინასასკოლო ასაკისთვის ჩვენ უკვე ვიღებთ განვითარებითად ჩამოყალიბებულ ერთ მთლიან ორგანიზმს.

გააზიარე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018