რატომ შეცვალეს ცხინვალში ინაუგურაციის ადგილი და თარიღი

ცხინვალში ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის ემზადებიან. ამ სამზადისში უკვე ორჯერ შეცვალეს ინაუგურაციის ადგილი. გაურკვეველი მიზეზებით შეიცვალა ფიცის დადების თარიღიც.

ოსური მედიის ცნობით, ბიბილოვის შტაბმა თავიდან ინაუგურაციის ჩატარება 22 აპრილს დააანონსა. მოგეხსენებათ, რომ ოსებს ლენინი ძალიან უყვართ და ეტყობა, აღარ მოუნდათ მისი დაბადების დღე სხვა ღონისძიებით გადაეფარათ. ამიტომაც ინაუგურაციის თარიღი ერთი დღით გადმოსწიეს და ის 21 აპრილს გაიმართება.

თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით განმარტებები საინაუგურაციო პერსონამაც გააკეთა.

_ 21 აპრილი არის პარასკევი. პარასკევი მსგავსი ღონისძიების ჩასატარებლად იდეალური დღეა როგორც მოსახლეობისთვის, ასევე მოწვეული სტუმრებისთვის. ჩვენ გვინდოდა, რომ ხალხს გამოსასვლელ დღეებში დაესვენა, _ აღნიშნა ბიბილოვმა.

მისი ნაზირ-ვეზირები რამდენიმე დღის წინ იუწყებოდნენ, რომ ინაუგურაცია ან სახელმწიფო საკონცერტო დარბაზ `ჩერმენში~ გაიმართებოდა, ან მთავრობის სააქტო დარბაზში.

მოგვიანებით კი ღონისძიების სტადიონზე ჩატარება გადაწყვიტეს. ფიცის დადების ცერემონიალი ცხინვალის გურამ ცხოვრებოვის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

_ ღონისძიებაზე დასწრების სურვილი ბევრს აქვს. ამიტომაც შევარჩიეთ ეს ადგილი _ სტადიონზე ყველა მსურველი დაეტევა, _ აცხადებენ შტაბში.

სტადიონზე დაგეგმილ არასპორტულ ღონისძიებას მოწვეული სტუმრები რუსეთიდან და სხვა არაღიარებული რესპუბლიკებიდან დაესწრებიან.

რუსი პოლიტიკოსების გარდა, საზეიმო ღონისძიებაზე შესაძლოა რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებიც დაესწრონ.

ოსური მედიის ცნობით, რუსეთის პატრიარქმა კირილმა ანატოლი ბიბილოვს პირადად მიულოცა არჩევნებში გამარჯვება. არადა პატრიარქ კირილს არაერთხელ განუცხადებია, რომ ის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს და რუსული ეკლესია აფხაზეთ-სამაჩაბლოს საქართველოს ნაწილად განიხილავს.

ეტყობა, რუსეთის სულიერ მამას დაავიწყდა თავისი პირობა და სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტად არჩეულ ბიბილოვზე დიდ იმედებს ამყარებს.

პატრიარქი კირილი იმედოვნებს, რომ ახალი პრეზიდენტი რელიგიას გაცილებით მეტ ყურადღებას დაუთმობს.

_ სამხრეთ ოსეთი ადრე თუ გვიან შევა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. ჩვენ პრაქტიკულად ისედაც რუსეთის ნაწილი ვართ, _ აღნიშნა პრეზიდენტად არჩეულმა.

რუსული და სხვა უცხოური მედია ვარაუდობს, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ძალაუფლებას ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი დაიბრუნებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2011 წლის არჩევნებზე ბიბილოვი კოკოითის მემკვიდრე იყო, მაგრამ მან გამარჯვება ვერ მოიპოვა.

ბოროტი ხმები ამბობენ, რომ ამ არჩევნების მოგებაში მას ნაპრეზიდენტალის მომხრეები დაეხმარნენ.

კოკოითისა და ბიბილოვის ფარულ პოლიტიკურ ტრფიალზე სხვა ფაქტიც მეტყველებს. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე კოკოითიმ ცხინვალში მაგრად აურია სიტუაცია. ის და მისი მომხრეები აქციებს ატარებდნენ და ხელისუფლებას ლანძღავდნენ.

ეს დაჯგუფება ძირითადად მოქმედი პრეზიდენტის ლანძღვით იყო დაკავებული. ანატოლი ბიბილოვი კი არავის უგინებია.

ამ საკითხზე გამარჯვებულმა კანდიდატმა კომენტარი გააკეთა და ირწმუნება, რომ მასა და კოკოითის შორის არანაირი გარიგება არ არსებობს.

„ახალი თაობა“, შორენა მარსაგიშვილი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018