სუფლე – ჰაეროვანი სასწაული

სუფლე ტრადიციული ფრანგული დესერტია, რომელიც კვერცხითა და შაქრით მზადდება. ნაზი, გემრიელი და მსუბუქი დესერტი შეგიძლიათ ტორტის ფენადაც გამოიყენოთ, ან პირდაპირ ხილთან ერთად მიირთვათ.

ფრანგული წარმოშობის ეს ნუგბარი პირველად მე-18 საუკუნეში რამდენიმე ფრანგმა მზარეულმა, ბოველიემ, ლუი უდემ და მარი ანტუან კარემიმ ერთდროულად აღწერეს.

სუფლე სხვადასხვა ინგრედიენტებთან შერეული კვერცხის გულებისა და ბეზეს კონსისტენციამდე ათქვეფილი ცილისგან მზადდება. ეს ნუგბარი სუფრასთან მიაქვთ როგორც დესერტიც და როგორც ძირითადი კერძიც. ყველაზე გავრცელებულია შოკოლადის, ხილისა და ყველის სუფლე.

ანტუან კარემიმ, რომელიც ერთ დროს ნაპოლეონ ბონაპარტის მზარეულადაც მუშობდა, დეტალურად აღწერა სუფლეს მომზადების წესი და თან აღნიშნა, რომ მისი მომზადება გამოცდილი მზარეულებისთვისაც კი საკმაოდ პრობლემატურია.

ანტუან კარემი სხვადასხვა სახეობის სუფლეს ამზადებდა, მათ შორის იყო როტშილდის სუფლეც, რომლიც ნამდვილ ოქროს შეიცავდა და მისი შემკვეთის, საფრანგეთში ყველაზე მდიდარი კაცის, ბარონ როტშილდის, სახელი ეწოდა.

ეს გახლდათ კვერცხის ცილით, დაშაქრული ხილითა და ოქროს კრისტალებით გაჯერებული ლიქიორით მომზადებული დესერტი. დღესაც, ფეშენებელურ რესტორნებში, სუფლეს ოქროსკრისტალებიან ლიქორს ხშირად უმატებენ.

სუფლე ყველაზე ჰაეროვანი დესერტია და მას მსოფლიოს მზარეულები ფრანგული სამზარეულოს ყველაზე დიდ სასწაულად მოიხსენიებენ.

ყოველი წლის 28 თებერვალს მსოფლიო სუფლეს დღეს აღნიშნავს, ხოლო ყველის სუფლეს დღე ყოველი წლის 18 თებერვალს აღინიშნება.

ხელმარჯვე დიასახლისებს დესერტის მომზადების ყველაზე გავრცელებულ რეცეპს გთავაზობთ:

მასალა:

კვერცხი – 10 ცალი.

რძე – 200 მლ.

კარაქი – 300 გ.

შაქარი – 2 ჭიქა.

ჟელატინი – 40 გ.

სახამებელი – 1 ს.კ.

ვანილიანი შაქარი – 3 ჩ.კ.

წყალი – 170 მლ.

მომზადება:

სახამებელს წყლის ნახევარი დაასხით და აურიეთ. დანარჩენი წყალი კი ჟელატინს დაასხით.
კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ. გულები ქვაბში გადაიტანეთ, დაუმატეთ 1 ჭიქა შაქარი, ვანილი და ათქვიფეთ. შემდეგ დაუმატეთ რძე, წყალში გახსნილი სახამებელი და დაბალ ცეცხლზე შემოდგით, თან გამუდმებით ურიეთ, სანამ არ შესქელდება.
როცა მზად იქნება, ეს მასა ქვაბითვე ჩადეთ ცივ წყალში, რომ სწრაფად გაცივდეს, შემდეგ კი დარბილებულ კარაქთან ერთად ათქვიფეთ.
ცალკე ათქვიფეთ ცილა დარჩენილ შაქართან ერთად. თქვეფის დროს ჩაუმატეთ გამდნარი ჟელატინი და შეუჩერებლივ ურიეთ. შემდეგ ეს მასა კარაქიან კრემს შეურიეთ.
მიღებული სუფლე შეგიძლიათ რაიმე ფორმაში ჩაასხათ და მაცივარში გააციოთ, შემდეგ კი დაჭრათ, ან ტორტის ფენად გამოიყენოთ.
პ.ს. თუ ხილის ან შოკოლადის სუფლეს გაკეთება გსურთ, ძირითად მასას ან გამდნარი შავი შოკოლადი შეურიეთ, ან სასურველი ხილი.
“სარკისთვის” მოამზადა თათია ბოჭორიძემ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018