გოგა ჩანადირის შემწვარი ხორცი ანანასით და უმარტივესი დესერტი

გოგა ჩანადირის შემწვარი ხორცი ანანასით და უმარტივესი დესერტიფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი პროფესიონალი მოგზაურია და, ბუნებრივია, ყველა იმ ქვეყნის ნაციონალურ სამზარეულოს იცნობს, სადაც ყოფილა. ჟურნალ ”სარკესთან” ამბობს, რომ სულ გემოების ძიებაშია და ამისთვის ექსპერიმენტებსაც არ ერიდება. მაგალითად, სალათებში ხშირად ხმარობს ჩირს.

_ 1 კილო მოხარშული ქათმის ხორცი კუბიკებად დაჭერით და მოაყარეთ შავი ქლიავის ჩირი. უგემრიელესი გამოდის. ასევე მიყვარს სალათის ფურცლების, ხაჭოს და ფორთოხლის სალათი, რომელიც ასე მზადდება: აიღებთ სალათის ფურცლების რამდენიმე შეკვრას, კარგად გარეცხავთ. 1 ცალ ფორთოხალს გაფცქვნით და წვრილად დაჭრით, უზამთ 200 გრამ ხაჭოს და ცოტა ბალზამიკოს. არც ზეთი უნდა, არც მარილი და არც მწვანილი. სხვადასხვა ექსპერიმენტის შედეგად მოვიგონე, _ ამბობს გოგა და ”სარკეს” კიდევ ერთ კულინარიულ ექსპერიმენტზე უყვება.
_ ქიშმიშის სალათს გასწავლით. რამდენიმე კიტრი გათალეთ, დაჭერით, დაამატეთ თითო-თითო კონა ქინძი, კამა, რეჰანი და პომიდვრის ნაცვლად ქიშმიში უქენით. შეგიძლიათ მოასხათ ბალზამიკო ან ნახევარი სუფრის კოვზი კახური ზეთი, ოღონდ მე არ მიცდია. სალათები მაშინ არის განსაკუთრებულად გემრიელი, როცა ორ სხვადასხვა გემოს გრძნობ. მაგალითად, როცა მჟავეს და ტკბილს ერთდროულად გრძნობ, ესე იგი შედეგი მიღწეულია.
ასევე ძალიან მიყვარს შემწვარი ხორცი ანანასით. აიღებთ ხორცს. საერთოდ, მე საქონლის ხორცის მოყვარული ვარ, ვიდრე ღორის, მაგრამ უკეთესია ღორის ხორცით გააკეთოთ, ოღონდ ცხიმიანი არ უნდა იყოს. მოკლედ, რბილი ხორცი დაბეგვეთ, შეწვით ორივე მხარეს და ქურის გათიშვამდე 2 წუთით ადრე ზემოდან დაადეთ ანანასი. ამ კერძს ყველა იმ ქვეყანაში შეხვდებით, სადაც ანანასია.
__ ტკბილეული, დესერტი თუ მოგიმზადებიათ?
_ ჩირს ვავლებ შოკოლადში. მიყვარს შავი ქლიავის, გარგარის და ლეღვის ჩირი, რომლებიც ძალიან უხდება შოკოლადს, ასევე ქიშმიში.
__ როგორ ამზადებთ?
_ აიღეთ ერთი ფილა შავი შოკოლადი და გაადნეთ. ხის ჩხირზე წამოაცვით ჩირი, ამოავლეთ შოკოლადში, გააცივეთ და მიირთვით. ძალიან მარტივი გასაკეთებელია, თან გემრიელია.
ჟურნალი ”სარკე”, ლანა კიკნაძე