გურამ ლომიძე: ”ივანა მელაიმ ჩემი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდა”

გურამ ლომიძე: ”ივანა მელაიმ ჩემი ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი გახდა”ჯგუფ “ქუჩის ბიჭების” წევრი, მომღერალი გურამ ლომიძე, უკვე 10 წელია ამერიკაში, კერძოდ ჩიკაგოში, ცხოვრობს. მის ანგარიშზე სამი ქორწინებაა. პირველი ქორწინებიდან ჰყავს 15 წლის ნიკუშა, მეორიდან – 7 წლის ლიამი, ოცნება კი უკრაინელმა მომღერალმა, ივანა მელაიმ აუსრულა და გოგონა გაუჩინა. ელიზაბეტ-ნატალი მეოთხე თვეშია.
თავისი ცხოვრების სიახლეებზე “ქუჩის ბიჭმა” “სარკეს” უამბო.
– გურამ, ამერიკაში რას საქმიანობთ?
– ლოჯისტიკ ბიზნესში ვარ, საქართველოდანაც ვმუშაობ.
– სამშობლოში დაბრუნებაზე არ ფიქრობთ?
– როგორ არა, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვახერხებ.
– ახლა, როცა მესამე შვილის მამა გახდით, რა დგას თქვენთვის პირველ ადგილზე?
– 37 წლის ვარ, ჩემს ცხოვრებაში მთავარი ოჯახია, შემდეგ – კარიერა.
– სანამ ივანა მელაის მოიყვანდით ცოლად, ორჯერ იყავით დაქორწინებული. წარსულში რა შეცდომებს ხედავთ?
– სიმართლე გითხრათ, არაფერს ვნანობ, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ღმერთს უნდოდა. ისე კი, რასაკვირველია, ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს.
– თქვენი და ივანას ურთიერთობაში რა ეტაპია?
– მეოთხე წელია მე და ივანკა ერთად ვართ. ოფიციალური ქორწინებიდან კი 1 წელი გავიდა. შეგვეძინა ულამაზესი ქალიშვილი და ახლა დაგვიდგა ის ეტაპი, რომ შვილზე ვზრუნავთ და მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს ბავშვის მიმართ. ივანკა ძალიან ემოციური, საყვარელი დედა და ყურადღებიანი მეუღლეა.
– დაესწარით ელიზაბეტ-ნატალის დაბადებას?
– კი, თუმცა ივანას არ უნდოდა. ბოლომდე მის გვერდით ვიყავი, მაგრამ ყველაფერისთვის არ მიყურებია. ფიზიოლოგიურად იმშობიარა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ელიზაბეტ-ნატალი 3 კილო და 600 გრამი დაიბადა.
– გოგონას ორმაგი სახელი ვინ შეურჩია?
– მე და ჩემს მეუღლეს ელიზაბეტი მოგვწონდა. რაც შეეხება ნატალის, ივანას დედის პატივსაცემად დავარქვით.
– ივანა როგორი დედაა?
– უკეთესობისკენ შეიცვალა, ძალიან მშვიდი, მზრუნველი გახდა. სწრაფად ჩადგა ფორმაში, ემოციურადაც პოზიტიურად არის მომართული.
– ფორმაში ჩადგომაში რა იგულისხმეთ, ზედმეტი კილოგრამების მოშორება?
– ფიზიკური მონაცემებიც და ვოკალურიც.
– ჩვილის მოვლაში ცოლს ეხმარებით?
– ძალიან კარგად შემიძლია ყველაფერს გავართვა თავი. თუ დამჭირდა, პამპერსსაც გამოვუცვლი, ვაჭმევ და გავასეირნებ კიდეც.
– ყველა შვილის მიმართ ასეთი ყურადღებიანი მამა იყავით?
– აჯობებს, ეს ჩემმა შვილებმა თქვან, თუმცა, ვფიქრობ, რომ მზრუნველი მამა ვარ. ყველანაირად ვცდილობ, შვილებს არაფერი მოვაკლო.
ჩემი უფროსი ბიჭი, ნიკა, 15 წლის ხდება, წყალბურთელია, კარგად სწავლობს. ძალიან მგავს ხასიათითაც და გარეგნობითაც.
ჩემი მეორე ბიჭი, ლიამი, 7 წლის არის. ის ფლორიდის შტატში ცხოვრობს. ხშირი ურთიერთობა არ მაქვს და ამიტომ მასზე ბევრს ვერაფერს გეტყვით.
– უფროსმა ვაჟმა რა თქვა, როცა დის დაბადების შესახებ შეიტყო?
– ჯერჯერობით ვერ გაითავისა, მაგრამ თბილად და გაგებით მოეკიდა ამ საკითხს. ძალიან მოეწონა თავისი და, მოეფერა.
– პროტესტი არ ჰქონია?
– არანაირი.
– არც მეორე ვაჟს?
– არა.
– ივანამ და თქვენ როგორ ააწყვეთ ოჯახური ცხოვრება?
– ივანკამ უფრო მრავალფეროვანი გახდა ჩემი ცხოვრება, ძალიან დიდი სიხარული მოაქვს ჩემთვის. ვცდილობთ, ერთად განვვითარდეთ შემოქმედებითად, ახალ სიმღერებს ვაკეთებთ. შტატებში ხშირად გვაქვს სხვადასხვა ტიპის კონცერტი.
– თქვენს ორ ქორწინებაზე ივანას პრობლემა არ ჰქონია?
– არანაირი. წარსულს არ ვეხებით, მომავლით ვცხოვრობთ, წინ ვიყურებით.
– ეჭვიანობა, გაბუტვა – ეს ყველაფერი რა დოზით არის თქვენს ცხოვრებაში?
– ადაპტაციის პერიოდმა გაიარა, ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.
– სიურპრიზებით ხშირად აოცებთ ერთმანეთს?
– ვცდილობ, ყველაფერი შევუსრულო, რაც მას უნდა. რაც შეეხება ივანკას, ისიც ყველანაირად ცდილობს, საქმე შემიმსუბუქოს.
– კარგი დიასახლისია?
– სხვათა შორის – კი. სადილსაც აკეთებს და ვახშამსაც. მანამდე არ აკეთებდა, ახლა – კი. ძალიან გემრიელი საჭმელები გამოსდის.
– ქართული სამზარეულო შეისწავლა?
– ქართული – იმდენად არა, მაგრამ ახერხებს. გამორჩეულად მომწონს მისი მომზადებული კატლეტები, ბორშჩი. ბევრნაირი სალათის კეთება იცის.
– ქართული ენის სწავლა არ სთხოვეთ?
– ქართული ესმის, მაგრამ არ ლაპარაკობს.
– ბავშვს ძიძა უვლის?
– დედაჩემია ამერიკაში და ძირითადად ის უვლის.
ჟურნალი ”სარკე”, ლანა კიკნაძე