ლევან იზორია: ”თავდაცვის სამინისტროში ირმა ნადირაშვილის თანაპარტიელების ძმები და დებიც მუშაობენ”

ლევან იზორია: ”თავდაცვის სამინისტროში ირმა ნადირაშვილის თანაპარტიელების ძმები და დებიც მუშაობენ”– ქალბატონი ირმა ნადირაშვილის თანაპარტიელების ძმები და დები საქმიანობენ თავდაცვის უწყებაში, მაგრამ მე არც დანიშვნის და არც გათავისუფლების შემთხვევაში პარტიული ნიშნით არ ვხელმძღვანელობ.

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ “ევროპული საქართველოს” წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
ლევან იზორიას განცხადებით, ვერავინ დაუსახელებს მას ერთ ნათესავსაც კი, რომელიც თავდაცვის უწყებაში მუშაობს.
– რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევებს, თქვენ მიიღეთ საჯაროდ ინფორმაცია, რომ მათ გაიარეს შესაბამის კომისიაში კონკურსის წესით შეფასებები და დაველოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას. მაგრამ პრინციპი გახლავთ ის, რომ თითოეულ საშტატო თანამდებობაზე არსებობს საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ყველაფერი იქნება კანონის დაცვით და თუ ისინი აკმაყოფილებენ გარკვეულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, არავინ არ არის შეზღუდული. დამისახელეთ ერთი ნათესავი, რომელიც არის დასაქმებული ჩემს უწყებაში – ნეპოტიზმია, როცა ნათესავს ასაქმებ, – განაცხადა ლევან იზორიამ.
„ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ბრძანებით, გენერალურ ინსპექციაში დეპუტატ სოფიო კილაძის მეუღლე ავთანდილ ხარაძე და დეპუტატ თამარ ხულორდავას მეუღლე ლევან ვახტანგაძე დაინიშნენ.
– ჩვენ გვაქვს კითხვები მინისტრთან, რა ნიშნით მოხდა ამ ადამიანების აყვანა თავდაცვის სამინისტროში, რა ნიშნით განახორციელა მინისტრმა ეს დანიშვნები. ჩვენ გვაქვს კითხვები კოლეგებთანაც, რა როლი შეასრულეს მათ მეუღლეების საჯარო სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ორივე მათგანი საჯარო სამსახურში მას შემდეგ დაინიშნა, რაც მათი მეუღლეები „ქართული ოცნების“ ახალი სახეები გახდნენ. რაც განსაკუთრებით შემაშფოთებელია, ეს დანიშვნები განხორციელდა თებერვლის თვეში მაშინ, როცა მასშტაბური შემცირებები იყო თავდაცვის სამინისტროში და ბევრი კვალიფიციური ადამიანი დარჩა სამსახურის გარეშე, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ინტერპრესნიუსი