რაზე ისაუბრეს დავით უსუფაშვილმა და გიორგი ისაკაძემ?!

რაზე ისაუბრეს დავით უსუფაშვილმა და გიორგი ისაკაძემ?!– დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე საუბარი მქონდა მის პოლიტიკურ აქტივობაზე, შესაძლო გადაკვეთაზე და საუბარი იყო ტელევიზიაზეც, – ამის შესახებ საზოგადოებრივს ტელეწამყვანმა გიორგი ისაკაძემ განუცხადა.

როგორც ისაკაძემ აღნიშნა, ქართული პოლიტიკა გაცილებით მეტს ზარალობს უსუფაშვილის არყოფნით, ვიდრე  – პირიქით.

– პირიქითზეც საუბარი ბევრი იყო. თუ ისმის კითხვა გამომდინარე ჩემი დღევანდელი საქმიანობიდან, იყო თუ არა საუბარი მის პოლიტიკურ აქტივობაზე, იყო საუბარი პოლიტიკურ აქტივობაზე, იყო საუბარი შესაძლო გადაკვეთაზე, თუმცა იყო საუბარი ტელევიზიაიზეც. მე მაინტერესებს უსუფაშვილის ნახვა ტელევიზიაში. მგონია, რომ საზოგადოებრივ ასპარეზზე ყოფნა არ უშლის ხელს მის უნარებს, განათლებას,   კომუნიკაბელურობას,  დიპლომატიას, რომ რაიმე საინტერესო პროექტი არ გაკეთდეს. ამ სიბერეში ბევრი და კარგი სატელევიზიო პროექტი მომაწვა და შეიძლება, ერთ-ერთი ესეც იყოს, – განაცხადა ისაკაძემ.

მისივე თქმით, უსუფაშვილმა უთხრა, რომ ხვდება ადამიანებს, რომლებთანაც ამ ხნის განმავლობაში ურთიერთობა არ ჰქონია.

– ჩემთვის დავით უსუფაშვილთან ურთიერთობა საინტერესო იყო. ურთიერთობა არ დაწყებულა მისი პარლამენტის თავმჯდომარეობით, გაცილებით ადრე დაიწყო. ვადასტურებ, რომ იყო პაუზა ურთიერთობაში. დავით უსუფაშვილი  მომიყვა, რომ ხვდება ადამიანებს, რომელთანაც ამ ხნის განმავლობაში ურთიერთობა არ ჰქონია. კონკრეტულ პოლიტიკურ თემაზე ჩართულობაზე საუბარი არ მიდიოდა. გავცვალეთ აზრები ერთმანეთში. დღეს არ შემიძლია ვთქვა, რომ გადაწყვეტილია პოლიტიკური გადაცემის გაკეთება, ან თოქ-შოუსი, ისევე როგორც მეორეს მხრივ გიპასუხო, რომ პოლიტიკაში მე ხომ არ ვგეგმავ რაიმეს. იდეაში არასდროს არ უნდა თქვა არასდროს, მაგრამ დღეს იმდენად გადართული ვარ სხვა თემაზე, რომ არც იყო ამ თემაზე ჯამში საუბარი, – განაცხადა გიორგი ისაკაძემ.

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ადასტურებს, რომ ახალი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებს მართავს.

„მოამბისთვის“ რამდენიმე გვარი გახდა ცნობილი, მათ შორის – ირაკლი ჩიქოვანი, გიორგი ისაკაძე, ვახუშტი მენაბდე, კოტე ჩოკორაია, დავით აფრასიძე.

როგორც „მოამბეს“ უსუფაშვილმა განუცხადა, შეხვდა ბევრ ადამიანს და მათ შორის  – ზემოაღნიშნული პირებსაც.

– ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი ბოლო 3-4 თვეში. არ უარვყოფ, რომ შეხვედრები მქონდა იმ ადამიანებთანაც, რომლეზეც კითხვა დამისვით, მაგრამ დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, – აღნიშნა უსუფაშვილმა.