რა იწვევს ჰაიმორიტს და ფრონტიტს

რა იწვევს ჰაიმორიტს და ფრონტიტსფრონტიტი შუბლის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა. იგი შეიძლება იყოს როგორც მწვავე, ასევე ქრონიკული. მწვავე ფრონტიტი ხშირად ვითარდება გრიპის, რინიტის ან წითელას დროს. დაავადების დროს მკვეთრია ტკივილი თვალებსა და შუბლის არეში, ხშირია ცრემლდენა, ცხვირიდან სუნთქვის გაძნელება, უხვი გამონადენი, განსაკუთრებით იმ ნესტოდან, შუბლის წიაღის რომელ მხარესაცაა ანთებითი პროცესი, წიაღის დაცლის შემდეგ კი თავის ტკივილი კლებულობს.

მწვავე გრიპოზული ფრონტიტის დროს სხეულის ტემპერატურა მომატებულია, აღინიშნება შესიება და შეშუპება შუბლის არეში და ზედა ქუთუთოს მიდამოში. ქრონიკული ფრონტიტის დროს ადგილი აქვს მოჭერითი ხასიათის თავის ტკივილს. ფრონტიტის შემთხვევაში ექიმები გვირჩევენ, დროულად მივაკითხოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს.

ჰაიმორიტი ზედა ყბის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა და გამოწვეულია გარსში მიკროორგანიზმების გავრცელებით. ინფექციის გავრცელების გზების გათვალისწინებით ზედა ყბის წიაღის ანთება რამდენიმე სახის არსებობს – ოდონტოგენური, რინოგენული, ჰემატოგენური, ტრავმული და ალერგიული. ჰაიმორიტის მთავარი მიზეზი ინფექციაა.

ჰაიმორიტის განვითარებას ხელს უწყობს ყველა ის მდგომარეობა, რომელიც ცხვირით სუნთქვას არღვევს, ბაქტერიამატარებლობა ან ცხვირის ღრუს ანატომიური სტრუქტურების თანდაყოლილი დარღვევები. ჰაიმორიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია უსიამოვნო შეგრძნება ცხვირსა და მის ახლოს მდებარე უბნებში, რომელიც თანდათანობით ძლიერდება, სუნთქვის გაძნელება, გამონადენი, ტემპერატურის მატება, საერთო სისუსტე.

რა იწვევს ჰაიმორიტს და ფრონტიტს, რა ნიშნები ახასიათებს მათ ქრონიკულ ფორმებს, რა სიმპტომები აქვთ და როგორია მკურნალობის მეთოდები, ოტო-რინო-ლარინგოლოგი ბერდია ბერიძე საუბრობს.

ბერდია ბერიძე:

– მწვავე ჰაიმორიტი და ფრონტიტი ზედა სასუნთქი გზების მწვავე ინფექციის გართულებაა.

სინუსიტის არასწორი მკურნალობის შემთხვევაში, ვითარდება ჰაიმორიტისა და ფრონტიტის ქრონიკული ფორმა. ქრონიკული ჰაიმორიტის და სინუსიტის ფორმირებას ხელს უწყობს ასევე ცხვირის ძგიდის გამრუდების არსებობა და ცხვირის ღრუს პოლიპოზი.

– რა სიმპტომებით შეიძლება ამოვიცნოთ ჰაიმორიტი და ფრონტიტი?

– წელიწადში სამი ან მეტი გამწვავების ეპიზოდი, მუდმივი დისკომფორტი შუბლისა და ზედა ყბის წიაღების საპროექციო მიდამოში, რომელიც განსაკუთრებით მძაფრდება მწვავე სურდოს დროს.

– როგორია ამ დაავადებების მკურნალობის მეთოდები?

– მწვავე სინუსიტის მკურნალობა მედიკამენტოზური, ხოლო ქრონიკულის კი ქირურგიული გზითაა შესაძლებელი.