რა შემთხვევაში დაიწყება მესამე მსოფლიო ომი

რა შემთხვევაში დაიწყება მესამე მსოფლიო ომიმსოფლიოში მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება.

რამდენიმე დღის წინ ექსპერტები და ქვეყნების ლიდერები საუბრობდნენ მსოფლიოში დამყარებულ ახალ რეალობაზე, რომელიც მოჰყვა სირიის შაირათის ბაზაზე განხორციელებულ იერიშს. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღეში სხვა აქცენტებია. მთავარი ყურადღება გადატანილია ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის შენელებაზე.

ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ამ დღეებში მსოფლიოში, მათ შორის, ახლო აღმოსავლეთში, გლობალური ცვლილებები არ მომხდარა, მოსკოვი და ვაშინგტონი საერთო ენის გამონახვას ცდილობენ. ომის საფრთხე ისევ არსებობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის ხანგრძლივმა მოლაპარაკებებმა საგარეო მინისტრ სერგეი ლავროვთან და პრეზიდენტ პუტინთან, მიმომხილველების შეფასებით, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებში რადიკალური ძვრა ვერ მოახდინა. მხარეები მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯით დასცილდნენ კონფრონტაციას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელ მარკ ტონერის ინფორმაციით, განახლდა ორ სახელმწიფოს შორის დადებული მემორანდუმი. ამ შეთანხმების მოქმედება რუსეთმა შეაჩერა ავიაბაზაზე შეტევის შემდეგ. მემორანდუმი გულისხმობს სირიაში კონფლიქტების თავიდან აცილებას რუსეთსა და ამერიკას შორის.

მეცნიერები და ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის შესაძლებელია თანამშრომლობა. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სპეციალისტ ენდრიუ კაჩინსის სიტყვებით, არსებობს პრობლემების წრე, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც აშშ-სთვის, ისე ორმხრივი ურთიერთობებისა და მსოფლიოს უსაფრთხოებისთვის. ამ საკითხებზე შეიძლება თანამშრომლობა.

რა შემთხვევაში დაიწყება მესამე მსოფლიო ომი?

`უიკის~ აზრით, ეს მოხდება მაშინ, თუ დონალდ ტრამპი კიდევ განახორციელებს დარტყმას სირიაში ბაშარ ასადის მხრიდან ქიმიური იერიშის ან სხვა ბარბაროსული ქმედების საპასუხოდ. არ არის გამორიცხული, რომ ამას რუსეთის სამხედრო შეეწიროს. ერთი არაზუსტი დარტყმა შეიძლება გახდეს ნაპერწკალი, რომელიც გააღვივებს მასშტაბურ კონფლიქტს.

ასეთი ომი მოიცავს დიდ ტერიტორიას, ბალტიისპირეთითა და უკრაინით დაწყებული, ახლო აღმოსავლეთით დამთავრებული. ვაშინგტონი და მოსკოვი ბირთვული იარაღის დიდ მარაგებს ფლობენ. ამიტომ ფსონები მაღალი იქნება.

_ სარაკეტო იერიში სირიის ავიაბაზაზე არ შეცვლის აშშ-ის დამოკიდებულებას რეგიონის ქვეყნების უმრავლესობის მიმართ, _ წერს ნორვეგიული პრესა.

ნორვეგიული გამოცემის თქმით, ქვეყნები სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს განადგურების საბაბით იბრძვიან. სინამდვილეში, რამდენიმე სახელმწიფოს ახლო აღმოსავლეთში საკუთარი ინტერესები აქვს.

ეს სახელმწიფოებია: აშშ, რუსეთი, ირანი და საუდის არაბეთი. ისლამური სახელმწიფო ამზადებს ტერორისტებს, რომლებიც ებრძვიან ამ სახელმწიფოებს. რეგიონში შეინიშნება ირანის გავლენის ზრდა.

დონალდ ტრამპის გრძელვადიანი სტრატეგია ახლო აღმოსავლეთში უცნობია. არჩევნების წინ ის აცხადებდა, რომ ისლამური სახელმწიფო გასანადგურებელია, მაგრამ არ დაუზუსტებია, როგორ გეგმავს მის განადგურებას. ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტი არ აპირებდა სირიის კონფლიქტში ჩარევას, სახელმწიფო მდივანი კი აცხადებდა, რომ ასადის მომავალი სირიელი ხალხის გადასაწყვეტია.

მოკლე ხანში აშშ-ის ადმინისტრაციამ კურსი რადიკალურად შეცვალა.

ბევრი რამ ახლაც გაურკვეველია. აშშ-ს შეიძლება ერჩიოს კიდეც, რომ სირიაში ასადის რეჟიმი იყოს, ვიდრე ქვეყანა უფრო დიდმა ქაოსმა მოიცვას.