როდის არის ცხელება საგანგაშო

როდის არის ცხელება საგანგაშოცხელება ბავშვებში მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში და საგანგაშო მდგომარეობაა. ამ დროს ყველა დედა ცდილობს, ბავშვი ჩააწვინოს საწოლში, მოადინოს ოფლი, დაალევინოს წამლები, დაუგდოს ტემპერატურა და გამოაკეთოს.

როდის არის ცხელება საგანგაშო, როდის უნდა ინერვიულოს მშობელმა და როდის _ არა, ან რას ნიშნავს ნორმალური ტემპერატურა? _ ამ თემებზე იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე საუბრობს.

ივანე ჩხაიძე:

_ მშობელმა მაშინ უნდა ინერვიულოს, როცა საჭიროა, მაგრამ ბევრ მშობელს ასე მოქცევა არ შეუძლია. არადა, მშობლის ნერვიულობა, შეიძლება, არასწორი ნაბიჯის მიზეზი გახდეს.

ცხელება ბავშვის ავადმყოფობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია. ის მშობლის შეშფოთების გამომწვევი ხშირი მიზეზია. ბევრი მშობელი იყენებს სიცხის დამწევ საშუალებას, თუნდაც მინიმალური ცხელების დროს, რადგან სურს, რომ ბავშვმა შეინარჩუნოს “ნორმალური” ტემპერატურა, მაშინაც კი, როდესაც ის საჭირო არ არის და ცხელება მინიმალურია.

ცხელება არ არის მიბმული რაიმე კონკრეტულ დაავადებასთან. ცხელება შეიძლება ახასიათებდეს ძალიან ბევრი სისტემის დაზიანებას, ამიტომ ის ყველაზე ხშირი შეშფოთებისა და ნერვიულობის გამომწვევი მიზეზია. ცხელება ფიზიოლოგიურ მექანიზმად შეიძლება განვიხილოთ, რომელიც ეხმარება ორგანიზმს, დაამარცხოს ინფექცია. ეს შეიძლება იყოს ვირუსი ან ბაქტერია. ის ეხმარება ორგანიზმს ვირუსისა და ბაქტერიის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუ ცხელებას დაიყვანთ დაბალ ციფრებამდე, ამით ორგანიზმს უსპობთ საშუალებას, ებრძოლოს ვირუსსა და ბაქტერიას. ამიტომ ცხელებას ყოველთვის ცუდად ნუ უყურებთ, მთავარია, იცოდეთ, როდის იწყება ცუდი ცხელება და როდის ებრძვის ორგანიზმი მისი დაავადების გამომწვევ მიზეზს.

არ არსებობს დღეს არცერთი კვლევა, რომელიც მიუთითებს, რომ ცხელება აუარესებს ძირითადი დაავადების მიმდინარეობას. მარტივად რომ ვთქვათ, ფილტვების ანთება ცხელებით უფრო მძიმეა, ვიდრე ფილტვების ანთება ცხელების გარეშე, ყურის ტკივილი უფრო უარესია, რომელსაც ახლავს ცხელება, ვიდრე ყურის ტკივილი, რომელიც ცხელების გარეშე მიმდინარეობს.

ჩვენი მიზანი უნდა იყოს არა ტემპერატურის დაწევა, არამედ ის, რომ ბავშვს შევუქმნათ კომფორტი. შეიძლება, ოჯახშია ორი ბავშვი, ერთი 37 ტემპერატურაზე წევს, ვერ დგება, ხასიათი არ აქვს, არ ჭამს, არსად წასვლა არ უნდა, მეორე კი, რომელსაც 39 აქვს ტემპერატურა, დედა ამბობს, ვერ მიხვდები, სიცხე რომ აქვს, თუ არ გავუსინჯეო, ანუ ბავშვი აქტიურია, დარბის, სკოლაშიც შეიძლება წავიდეს. აქედან გამომდინარე, სიცხეზე ორგანიზმის პასუხი ძალიან ინდივიდუალურია.

ცხელების მართვის ძირითადი იდეაა არა ტემპერატურის აუცილებელი შემცირება, არამედ საერთო კომფორტის უზრუნველყოფა. თუ ჩვენს შვილს სიცხე აქვს, მნიშვნელოვანია, ბავშვის აქტიურობა, დაავადების სხვა ნიშნები შევაფასოთ, მივაქციოთ ყურადღება, იღებს თუ არა იმ რაოდენობის სითხეს, რაც აუცილებელია მისთვის, ვიდრე ამოცანად დავისახოთ ტემპერატურის დაბლა დაწევა.

_ რას ნიშნავს ნორმალური ტემპერატურა და რას ნიშნავს ცხელება?

_ ორი საუკუნის წინ გერმანელმა ვუნდერლიხმა 25 ათას პაციენტში 1 მილიონზე მეტჯერ გაზომა იღლიაში ტემპერატურა და მივიდა დასკვნამდე, რომ ნორმალური ტემპერატურა არის 36,2-დან 37,5-მდე და განსაზღვრა საშუალო ტემპერატურად ის წითელი ხაზი, რომელიც ვერცხლისწყლის თერმომეტრს აქვს _ 37 გრადუსი. ბევრი მშობლისთვის 36,5 არის ნორმალური ტემპერატურა, ხოლო 36,9 უკვე სიცხეა და იწყებს ნერვიულობას. ერთ-ერთი პირველი გაუგებრობა, რაც შეიძლება იყოს მოხსნილი, არის ის, რომ ჩვენ ტემპერატურის საშუალო ფარგლებად განსაზღვრული გვაქვს 37,0 და არა 36,5.

საეჭვო და სანერვიულო ტემპერატურად 1870 წლიდან მიჩნეულია 38,0. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ის ტემპერატურა, რომელიც 38 გრადუსამდეა, არ არის სანერვიულო. დილას და საღამოს ტემპერატურის გაზომვის დროს 0,3-0,4 სხვაობა არის დასაშვები, ამიტომ, თუ გსურთ გაიგოთ ზუსტი ტემპერატურა, სიცხე უნდა გაიზომოთ დილით. არ მიიღოთ გადაწყვეტილება საღამოს ტემპერატურიდან გამომდინარე. ეს არ იქნება სწორი. არც კვების შემდეგ გასინჯოთ ტემპერატურა. განსაკუთრებით საყურადღებოა ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვები. ძუძუთი კვების შემდეგ გასინჯული ტემპერატურა აუცილებლად იქნება უფრო მეტი, ვიდრე ნორმალური ტემპერატურა. არ გასინჯოთ ტემპერატურა არც ბავშვის სირბილის შემდეგ.

_ თუ ბავშვს სიცხე აქვს 37 და მოთენთილია, ეს დაავადების ნიშანია?

_ რა თქმა უნდა, ეს დაავადების ნიშანია. მოთენთილობა შეიძლება 36,5-ზეც იყოს და ეს იყოს მშობლისთვის საგანგაშო. ამ დროს სიცხე კი არ უნდა იყოს ნერვიულობის საფუძველი, არამედ მივარდნილობა და მოთენთილობა, რაც ნებისმიერ ტემპერატურაზე, _ 36-ზეც და 39-ზეც ერთნაირად სანერვიულოა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ასაკს გააჩნია თავისი ნორმა _ სრულიად სხვა არის ახალშობილთა ასაკი და სრულიად სხვა არის 15 წლის ასაკი.

_ რა სარგებლობა მოაქვს ცხელებას?

_ ცხელებას ნამდვილად მოაქვს სარგებლობა. ის თრგუნავს მიკროორგანიზმების ზრდასა და გამრავლებას, ეხმარება ორგანიზმის დაცვით, იმუნურ ინფექციას, ხელს უწყობს ბაქტერიებისა და ვირუსების საწინააღმდეგო ანტისხეულების წარმოქმნას, ამცირებს თავისუფალი რკინის ხელმისაწვდომობას ბაქტერიების გამრავლებისათვის. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცხელება სულაც არ არის ცუდი. ბევრ ადამიანს აქვს ცხელების ფობია, ანუ ცხელების შიში. ამ ფობიაში იგულისხმება, რომ თუ ჩვენ გვაქვს მაღალი ცხელება და მაშინვე არ გამოვიყენეთ რაღაც საშუალება, შეიძლება, მან გამოიწვიოს კრუნჩხვა, შეიძლება, გამოიწვიოს თავის ტვინის დაზიანება და შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი. ამიტომ აქ საუბარია იმაზე, რომ 39-40 სიცხე ყოველთვის არის ნევროლოგიურად ცენტრალური ნერვული სისტემის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი. ეს ფობიაა, რაც ნიშნავს, რომ ამის უკან არაფერი დგას. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის ასე და ტემპერატურის მატება არ განაპირობებს ცუდ გამოსავალს არცერთ ასაკობრივ ჯგუფში. არ არსებობს მტკიცებულებები, რომ ცხელების საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებს ფებრილური გულყრის განმეორების რისკს. ფებრილური გულყრა შეიძლება იყოს 37,5-ზეც და 38,9-ზეც, ამიტომ ძალიან ძნელია განსაზღვრა, როდის რა იქნება, მაგრამ, თუ ეცდებით, ხელოვნურად დააგდოთ ტემპერატურა, ყველა ავადმყოფობის შემთხვევაში ეს იქნება არასწორი, ვერ მიიღებთ შედეგს და, თუ გულყრა უნდა განვითარდეს, მაინც განვითარდება.