ქართული ავეჯი ჰოლანდიასა და გერმანიაში გაიყიდება

ქართული ავეჯი ჰოლანდიასა და გერმანიაში გაიყიდებაქართული ავეჯი ჰოლანდიასა და გერმანიაში გაიყიდება. შესაბამის მოლაპარაკებებს პარტნიორებთან ქართული ავეჯის მწარმოებელი კომპანია „ვუდმასტერი“ აწარმოებს.
კომპანია “ვუდმასტერის” ხელმძღვანელი კახაბერ ჯვარიშეიშვილი აცხადებს, რომ ამჟამად ქარხანა სატესტო რეჟიმში მუშაობს და სერიულ წარმოებაზე მომავალი წლიდან გადავა.

მომავალ წელსვე იგეგმება პროდუქციის ექსპორტზე გატანა. თუმცა, “ვუდმასტერი” მხოლოდ საზღვარგარეთის ბაზრებზე ორიენტირებული არ იქნება. პროდუქცია ქართულ ბაზარზეც დარჩება.
– ადგილობრივ ბაზარზე რა თქმა უნდა, დავტოვებთ პროდუქციის ნაწილს, რადგან ეს არის ნებისმიერი წარმოებისთვის თავის გადაზღვევა, რამდენადაც ქარხანა აქ არის, აქ მუშაობს და მნიშნელოვანია, რომ ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდეს პროდუქცია,- აცხადებს კახა ჯვარიშეიშვილი.
კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, ერთადერთი პრობლემა, რასაც ბიზნესის განვითარების მიმართულებით წააწყდნენ, მერიის მხრიდან ნებართვების გაცემაა.
– ძალიან კმაყოფლი ვარ პროექტით. ძალიან დიდი საშუალებაა ეს ბიზნესისთვის გასავითარებლად. დიდი იმედი გვქონდა მოგების გადასახადის ახალი სისტემის და ეს არის მართლაც დიდი მიღწევა. შეგვიძლია, მეტი თანხა დავტოვოთ კომპანიაში და მეტი პროდუქტი შევქმნათ.

რაც შეეხება ბიუროკრატიას, ერთი პრობლემა, რაც შეგვხვდა, არის მერიის ნებართვები. გრგ-ს შესათანხმებლად გარკვეული დრო დაგვჭირდა. ეს ნამდვილად პრობლემაა, რამდენადაც გვაქვს 2-წლიანი ვალდებულება, რომ ამ დროში ჩავდოთ კონკრეტული ინვესტიცია, თითოეული დაგვიანებული ნებართვა კი უფრო გვაშორებს ვალდებულებების შესრულებისგან.

ერთადერთი თხოვნა არის ის, რომ პროექტებისთვის, რომლებიც ფინანსდება „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და არის საწარმო, მათზე ეს რეგულაცია არ ვრცელდებოდეს. ჩვენ არ ვართ დეველოპერები, ჩვენ ვართ მეწარმეები, რომლებმაც პროდუქცია უნდა გამოვუშვათ, ასათვისებელი ფართი გვაქვს. ეს ფართი არის არა ოფისებისთვის და არა გასაყიდად, არამედ პროდუქციის საწარმოებლად. ეს რეგულაცია მორგებულია დეველოპერებზე, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ გამოიყენონ ყველა კოეფიციენტი და ჩვენც მათთან ერთად ერთ ქვაბში ვიხარშებით, – აცხადებენ ”ვუდმასტერში”.

ბიზნესკონტრაქტი, სალომე მეცხვარიშვილი