ძაღლმა პატრონი ჟურნალისტების თვალწინ დაგლიჯა

ძაღლმა პატრონი ჟურნალისტების თვალწინ დაგლიჯასტაფორდშირის ტერიერის ჯიშის ძაღლმა საკუთარი პატრონი ბი-ბი-სის გადამღები ჯგუფის თვალწინ დაგლიჯა. ერთი წლის წინ კი მანვე პატრონი სიკვდილისგან იხსნა.
41 წლის ლონდონელი მარიო პერივოიტოსას მეზობლებმა განაცხადეს, რომ გასულ წელს მამაკაცს ეპილეფსიური შეტევა დაემართა და მაშინ ტერიერმა მეიჯორმა პატრონს რამდენჯერმე მსუბუქად უკბინა, რათა გონებაზე მოეყვანა და, მათი აზრით, მაშინ მამაკაცი სწორედ ამან გადაარჩინა.
მეზობლების თქმით, პერივოიტოსი არასოდეს იშორებდა გვერდიდან თავის შინაურ ცხოველს, რომელიც თავის მხრივ ყოველთვის მშვიდად იქცეოდა. ამასთან ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ დაღუპული ჭკვიანი ადამიანი იყო, ორი უმაღლესი სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული, მაგრამ ნარკომანობისგან იტანჯებოდა.
მამაკაცს არასოდეს უმუშავია, მოიხმარდა ჰეროინსა და მეტამფეტამინს. ხშირად მოჰყავდა ბინაში უცხო პირები, რომლებიც მეზობლებს ხმაურით აწუხებდნენ. მიმდინარე წლის თებერვალში სასამართლომ მას სტუმრების მიღება აუკრძალა.
რამდენიმე დღის წინ პერივოიტოსთან ბი-ბი-სის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც დოკუმენტურ ფილმს იღებენ ნარკომანიასა და ანტისოციალურ ქცევაზე. როდესაც ისინი მამაკაცს ესაუბრებოდნენ, მოულოდნელად მას მეიჯორი თავს დაესხა.

დაშავებული საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი, მაგრამ ორ საათში ის გარდაიცვალა.