„არაბები საქართველოში ბინადრობის უფლებას 35 ათას დოლარად ყიდულობენ“

„არაბები საქართველოში ბინადრობის უფლებას 35 ათას დოლარად ყიდულობენ“პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ მიმდინარეობს საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დიდი გადმოსახლება, რაც დაკავშირებულია დემოგრაფიული სურათის ცვლილებასთან.

– საქართველოში სხვადასხვა ტიპის საინვესტიციო პაკეტების განხორციელების საბაბით, ხორციელდება უცხოტომელების დიდი გადმოსახლება ბინადრობის მოპოვების მიზნით. განსაკუთრებით არაბეთის ქვეყნებიდან. არაბეთიდან დაფრინავს რეისი შარჟა-თბილისი. ძირითადად ამ რეისს მოჰყვებიან ბინადრობის მაძიებელი ადამიანები, რომლებიც ცდილობენ აქ დასახლებას. ისინი არ არიან ტურისტები. ისინი ჩამოდიან კონკრეტული მიზნებით. მათ ხვდებიან კონკრეტული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, ხშირ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანაში დაფუძნებული იურიდიული ფირმების წარმომადგენლები, კონკრეტული ადამიანები. ამის მტკიცებულებაც მაქვს.

კითხვაზე, რის საფუძველზე აკეთებს ყოფილი დეპუტატი ამგვარ განცხადებას, დიმიტრი ლორთქიფანიზემ გვიპასუხა:

– ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს შევხვდი და ვესაუბრე. ის არის არაბი. მას ქართველებთან ერთად აქვს დაფუძნებული იურიდიული კომპანია, რომელიც ბინადრობის უფლების შეძენასა და მიწათსარგებლობის საკითხებს აგვარებს სწორედ შარჟა-თბილისის რეისით ჩამოსული არაბი მოქალაქეებისთვის.

როცა კომპანიის წარმომადგენლებს ვესაუბრე, გაირკვა, რომ ამ რეისს მოჰყვებიან ის ადამიანები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში უძრავი ქონებისა და მიწის შეძენით.

არაბეთის ქვეყნების მოქალაქეები საქართველოში ბინადრობის უფლების მოპოვებას 35 ათასი დოლარის ფასად ახერხებენ. გარკვეული დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, 90%-ის შემთხვევაში უკმაყოფილებენ.

საქართველოში არაბებს ერთობლივი ფირმები აქვთ გაკეთებული ქართველებთან ერთად. არაბი მოქალაქეები რომ ჩამოდიან, მათ აეროპორტში ხვდებიან და ეხმარებიან. ასეთი ტიპის კომპანიები საქართველოში ეწევიან საჯარო საქმიანობას.

დაბეჭდილი ბუკლეტები პირდაპირ აეროპორტში რიგდება. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ აქ ჩამოსული ადამიანები წინასწარ არიან ინფორმირებული, სად და რა უძრავი ქონება უნდა შეიძინონ. რომელი მიწა იყიდება მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებით. საუდის არაბეთში ძალიან მაღალი დონის ანაზღაურება აქვთ მოქალაქეებს. იმგვარი ანაზღაურებით ადამიანი აქ შეიძლება მდიდრად ჩაითვალოს და მიწებისა თუ შენობა-ნაგებობების შესყიდვაც არ გაუჭირდებათ.

რატომ უნდათ უცხოელებს საქართველოში მიწის შეძენა?

– საქართველო მდიდარია წყლის რესურსებით. დღეს მსოფლიოში წყლის რესურსების მოპოვების მიზნით, მესამე მსოფლიო ომი დებიუტის ფაზაშია, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ დიმიტრი ლორთქიფანიძემ.