ასლან აბაშიძე საქართველოში ბრუნდება

ასლან აბაშიძე საქართველოში ბრუნდებაგავრცელებული ინფორმაციით, ახლო მომავალში, შესაძლოა, საქართველოში აჭარის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე ასლან აბაშიძე ჩამოვიდეს. მის წინააღმდეგ არაერთი ხმაურიანი საქმე იყო აღძრული. ყველაზე ძველი და გახმაურებული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმეა. ამის გამო მასზე ინტერპოლითაც კი გამოცხადდა ძებნა.

ამ დანაშაულიდან 25 წლისთავზე სასამართლომ ასლან აბაშიძეს განზრახ მკვლელობის მუხლი შეუცვალა. ნოდარ იმნაძის ქალიშვილი ნატო იმნაძე, რომელიც მამის მკვლელობის თვითმხილველია, ფიქრობს, რომ ყველაფერი აბაშიძის „გასაპრავებლად” კეთდება.

რატომ შეეცვალა აბაშიძეს მუხლი, ვინ მფარველობს ასლან აბაშიძეს? _ ამის შესახებ „ახალ თაობას” ნატო იმნაძე ესაუბრება.

– გენერალური პროკურატურა წლების განმავლობაში იძიებდა ნოდარ იმნაძის მკვლელობის საქმეს და მკვლელობიდან 16 წლის შემდეგ ასლან აბაშიძეს ბრალი წაუყენეს ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობაში, რის შემდეგაც გამოცხადდა ინტერპოლით ძებნა. მკვლელობიდან 25 წლის შემდეგ, 2016 წელს, პროკურატურამ სასამართლოზე მოითხოვა, ასლან აბაშიძეს 105-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილის მიერ 2016 წლის 11 აგვისტოს გამოტანილი განაჩენით განსასჯელ ასლან აბაშიძის მიმართ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 107-ე მუხლზე, რაც ნიშნავს იმას, რომ განზრახ მკვლელობით ჩადენილი დანაშაული გადაკვალიფიცირდა მოგერიების ფარგლებს გადაცილებად და სსკ-ის 107-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით.

ასლან აბაშიძე წლების განმავლობაში ცდილობდა, განზრახ მკვლელობის მუხლი შეეცვალა, მაგრამ ვერცერთი ხელისუფლების პირობებში ვერ მოახერხა. აი, დადგა დრო და ეს ოცნებაც აისრულა.

ასლან აბაშიძეს ძალიან უნდა, რომ ამ საქმეში მართალი იყოს და ამ თემაზე წარმატებულად ვაჭრობს ყველა ხელისუფლებასთან. მისთვის მუხლის შეცვლაც არ არის შემთხვევითი. ალბათ, ნიადაგს უმზადებენ საქართველოში დასაბრუნებლად, – განაცხადა „ახალ  თაობასთან“ ნატო იმნაძემ.

„ახალი  თაობა“, შორენა მარსაგიშვილი