ოთარ კვირიკაშვილი: „ხელისუფლება ოპოზიციასთან ვაჭრობს“

ოთარ კვირიკაშვილი: „ხელისუფლება ოპოზიციასთან ვაჭრობს“რატომ ცდილობს ხელისუფლება თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას, უნდა მოხდეს თუ არა ოპოზიციის გაერთიანება ვინმეს გარშემო? _ ამ თემებზე „ახალ თაობას“ თავისუფალი დემოკრატების წევრი ოთარ კვირიკაშვილი ესაუბრება.

–  მთელი ხელისუფლება იმაზეა გადასული, როგორმე გაამართლონ ის, რის გაკეთებასაც აპირებენ. თვითმმართველობაში რეფორმების გატარება 2006 წლიდან დაიწყო. ესენი ამის უკან მიდიან და შევარდნაძის პერიოდში გვაბრუნებენ.

თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას კონკრეტული მიზეზები აქვს _ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და ხელისუფლებას ადგილებზე ფეოდალები აღარ ეყოლება მაჟორიტარების სახით. ამიტომ აღარ აწყობთ, რომ მერიც მართავდეს, გამგებელიც, იქით რაიონის საკრებულო იყოს, აქეთ _ ქალაქის. უნდათ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ისევ ერთი ადამიანის ხელში მოაქციონ და სწორედ ამიტომ მოიფიქრეს თვითმმართველი ქალაქების გაუქმება, – აცხადებს ოთარ კვირიკაშვილი.

_ რატომ არის ასეთი მნიშვნელოვანი „ოცნებისთვის“ თვითმმართველობების ერთ ხელში მოქცევა?

_ არ უნდათ, რამდენიმე ადამიანთან ჰქონდეთ საქმე, დავალებას ერთ კაცს მისცემენ. ამის გარდა, რამდენიმე მუნიციპალიტეტის გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ რაღაც საკითხში ურჩობა გამოიჩინეს. ეს „ოცნებისთვის“ საშიშია და თვითმმართველობების შეზღუდვით უნდათ, ურჩობის ფაქტებიც გამორიცხონ.

ხარჯების შემცირება თუ უნდათ, გუბერნიები გააუქმონ. სამხარეო ადმინისტრაციების წესდებას სპეციალურად გადავხედე და ვნახე, რომ რაც გუბერნატორის ფუნქციებში წერია, იგივე ფუნქციები აქვთ გამგეობებსა და საკრებულოებს.

გუბერნიები მართლა ხორცმეტია და მათ შენახვაზე ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება. 11-12 მილიონი მარტო ხელფასებში მიდის. აღარაფერს ვამბობ საწვავისა და მივლინებების ხარჯებზე. მილიონები ჰაერში იყრება.

საზოგადოება თავის პრობლემებშია ჩაფლული. ხალხს არ აქვს რეალური ინფორმაცია და ვერ აცნობიერებს, რის გაკეთებას აპირებს ხელისუფლება სინამდვილეში.

ხალხის პროტესტს ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ ამ ეტაპზე ხელისუფლება მას ანგარიშს არ გაუწევს. ამ საკითხზე ოპოზიციასთან დაიწყებენ ვაჭრობას. ისეთივე ვაჭრობას დაიწყებენ, როგორც გადაუნაწილებელ მანდატებზე ვაჭრობენ, – აცხადებს კვირიკაშვილი.

მისი აზრით, თვითმმართველობის არჩევნებისგან დიდი და აპოკალიფსური მოლოდინი არ უნდა შევიქმნათ.

– ხელისუფლებამ ამ არჩევნების გასაყალბებლად ჯერ კიდევ შარშან დაიჭირა თადარიგი

ხელისუფლებას კიდევ უამრავი ბერკეტი აქვს, რომლის გამოყენებითაც მისთვის სასურველი შედეგის დადებას შეეცდება.

ოპოზიციის დიდი და საყოველთაო გაერთიანება შედეგის მომტანი არ იქნება. ამაში არაერთხელ დავრწმუნდით. ჯერ იყო და ყველა შევარდნაძის წინააღმდეგ გაერთიანდა, მერე _ სააკაშვილის წინააღმდეგ. ორივე შემთხვევაში ისინი დამარცხდნენ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, უკეთესობისკენ არაფერი შეიცვალა.

ამიტომაც არ მიმაჩნია მიზანშეწონილად „ოცნების“ წინააღმდეგ ყველას გაერთიანება. კარგი იქნება, თუ რამდენიმე ძლიერი პარტია გამოჩნდება და ხალხი მათ შორის გააკეთებს არჩევანს. ეს უკეთესი იქნება ქვეყნისთვისაც და დემოკრატიისთვისაც,- განაცხადა „ახალ თაობასთან“ კვირიკაშვილმა.