„ოცნება“ არის ხუხულა, რომელიც ივანიშვილის გარეშე დაიშლება“

„ოცნება“ არის ხუხულა, რომელიც ივანიშვილის გარეშე დაიშლება“რისი იმედი აქვს ხელისუფლებას, რისკენ უბიძგებს „ქართული ოცნება“ ოპოზიციას, შესაძლებელი იქნება თუ არა ხალხის პროტესტის განეიტრალება? – ამის შესახებ „ახალ თაობას“ ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

– „ქართული ოცნება“ ვაჟკაცობის დამტკიცებას ცდილობს, მაგრამ იმდენს ვერ ხვდება, რომ პოლიტიკას ასეთი ვაჟკაცობა არ უხდება. იმის თქმა, რომ ჩვენ ბოიკოტის არ გვეშინია, პოლიტიკური აზროვნებით შეზღუდული ადამიანის კომენტარია, – აცხადებს ხუხაშვილი.

მისი აზრით, მთავარი პრობლემა ოპოზიციაში არ არის, მთავარი პრობლემა კონსენსუსის უქონლობაა. კონსტიტუციასთან დაკავშირებით თუ მმართველ ელიტასა და საზოგადოებას შორის კონსენსუსი არ არის, ეს საბოლოო ჯამში იმის პრობლემა ხდება, რომელიც ხელების გადაგრეხას ცდილობს.

– თავის დროზე ოპოზიციის არც მიხეილ სააკაშვილს არ ეშინოდა, მაგრამ ვნახეთ, რაც დაემართა. ამ ხელისუფლებასაც ასე დაემართება. ბოიკოტი ლოგიკური გადაწყვეტილებაა და აქ არანაირი შეთქმულების თეორია არაა განსავითარებელი.

საარჩევნო კანონმდებლობით, ისედაც მწირი რესურსების მქონე ოპოზიციას თავისი შესაძლებლობების გაზრდის პერსპექტივასაც რომ უკლავ, ამას აუცილებლად მოჰყვება სერიოზული პროტესტი. ამის გარდა, ხელისუფლება ოპოზიციას ობიექტურად უსამართლო სისტემას სთავაზობს.

ჩემთვის პირადად მისაღებია, თუ საარჩევნო ბლოკების შექმნა აიკრძალება, მაგრამ ეს ოპოზიციისთვის მიუღებელია. ჩემი აზრით, სანამ სრულფასოვანი პარტიები არ გვეყოლება, საარჩევნო ბლოკების აკრძალვა არ უნდა მოხდეს, – აცხადებს ექსპერტი.

ხუხაშვილი ოპოზიციის გაერთიანების იდეას იწონებს. მისი აზრით, პარტიების გამსხვილება სასურველია. 100 ერთკაციანი პარტია რომ გვყავს, ამას ბევრად სჯობია, თუ ერთი 100-კაციანი პარტია გვეყოლება. რატომ? ამ გამსხვილებით პარტიების შანსებიც იზრდება და პოლიტიკური პროცესიც დაიწმინდება.

როგორც ხუხაშვილი აცხადებს, ხელისუფლება დაადგა ძალიან მოლიპულ გზას.

– „ქართული ოცნება“ სახიფათო გზით მიდის. ძალაუფლების უზურპაციის რისკი ძალიან მაღალია, მაგრამ ტენდენციებია ძალიან სარისკო და არასასურველი. ასეთი ტიპის აგრესიას საზოგადოებაც ადეკვატური აგრესიით პასუხობს.

რამდენად მოახერხებს საზოგადოების პროტესტის კონსოლიდირებას პოლიტიკური ელიტა, აქ კითხვის ნიშნები არსებობს. რადგანაც ამის მოთხოვნილება არსებობს, ვიღაც აუცილებლად გამოჩნდება, რომელიც ამ განწყობის კაპიტალიზაციას მოახერხებს.

ასე თუ განვითარდა მოვლენები და საარჩევნო გზით ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელი გახდება, ვიღაც აუცილებლად დაიძრება მორიგი რევოლუციის მიმართულებით. ამის შანსები, სამწუხაროდ, არსებობს, – განაცხადა „ახალ თაობასთან“ გია ხუხაშვილმა.

„ახალი თაობის“ კითხვაზე არის თუ არა ივანიშვილი „ოცნების“ დასაყრდენი და ეხმარება თუ არა მმარტველ პარტიას? ხუხაშვილი გვპასუხობს:

– რა თქმა უნდა, მისი იმედით დაადგნენ ამ გზას. მე ვერ გეტყვით, ამ პროცესში რამდენად მონაწილეობს ან არ მონაწილეობს ივანიშვილი, ფაქტია, რომ ის მისი ნიშნით მიმდინარეობს. მთელი „ქართული ოცნება“ დღემდე მისით პარაზიტირებს. „ოცნება“ არის ხუხულა, რომელიც ივანიშვილის გარეშე დაიშლება.

მისი ერთადერთი გამაერთიანებელი არის ბიძინა ივანიშვილის ხატება. მმართველ გუნდში სხვა ლიდერი არ არსებობს. პრემიერ-მინისტრის ლიდერობაზე საუბარი არასერიოზულია. მის გარდა, სხვაც არავინ ჩანს.

ივანიშვილი ამ პოლიტიკური ელიტის მიმართ ვალდებულებას გრძნობს – ის ისე მოიქცევა, როგორც იქცევა ნებისმიერი მამა საქართველოში. ჩვენთან ხომ ასეთი წესი არსებობს, რაც უნდა უსაქმური შვილი გყავდეს, შენი შესანახია.