რას აპირებს ახალქალაქის საკრებულო

რას აპირებს ახალქალაქის საკრებულო საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური, გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების პრობლემები არ ელევა. ცენტრალური ხელისუფლებისთვის სიურპრიზს ამზადებს ახალქალაქის საკრებულოც, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებს აჭარბებს და დიდ პოლიტიკაში იჭრება.

ეს დღეები თბილისისთვის ისედაც რთულია ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოსალოდნელი ჩასვლის, ასევე რეგიონში დაძაბულობის გამო. სოხუმში 18 აპრილს იხსნება რუსეთის ახალი `საელჩოს~ შენობების მთელი კომპლექსი. რუსეთის მინისტრი დაესწრება ამ კომპლექსის საზეიმო გახსნას და შეხვდება აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მეთაურ რაულ ხაჯიმბას.

ლავროვის ვიზიტს პროვოკაციული და საერთაშორისო ნორმების საწინააღმდეგო უწოდა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მიხეილ ჯანელიძემ.

გარდა ამისა, რუსეთი აგრძელებს ორივე ოკუპირებული რეგიონის მილიტარიზაციას. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ რუსეთი გაართულებს ვითარებას საქართველოს სხვა რეგიონებშიც და ამისათვის საჭირო არ გახდება სამხედრო ჩარევა.

არ არის გამორიცხული, რომ ახალქალაქის საკრებულოს გეგმები რუსეთის პროვოკაციულ ზრახვებს უკავშირდებოდეს. ამის თაობაზე გარკვეული კითხვები ჩნდება.

გამოცემა „ვესნტიკ კავკაზას“ ინფორმაციით, ახალქალაქის საკრებულო სომეხთა გენოციდის აღიარებას გეგმავს. იმ მხარის საკრებულოს დეპუტატები, სადაც 99% სომეხი მოსახლეობაა, საგანგებო სხდომაზე შეიკრიბებიან და ოსმანთა იმპერიაში სომეხთა გენოციდს დაგმობენ.

შესაბამისი დადგენილების პროექტი, გამოცემის თქმით, უკვე არსებობს. „ოსმანთა იმპერიაში სომხების გენოციდის“ გადაწყვეტილების პროექტში ნათქვამია, რომ 1915 წლის მოვლენები დანაშაულია, რომელიც დაგმეს განვითარებულმა ქვეყნებმა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ცალკეულმა რეგიონებმა და სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებმა.

სხდომა 24 აპრილს არის დაგეგმილი. მისი მოწვევის მოთხოვნა საკრებულოს დეპუტატთა ჯგუფმა წამოაყენა.

კომენტარს ამ საკითხზე არც საკრებულოს წევრები აკეთებენ და არც ადგილობრივი გამგეობის ხელმძღვანელები, რაც, „ვესნტიკ კავკაზას“ შეფასებით, გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ საკითხი პოლიტიკასა და გეოპოლიტიკასაც კი უკავშირდება. ახალქალაქში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ამ სხდომის ჩატარების დღის წესრიგი და ვადა დაზუსტებული არ არის.

თბილისში ასეთი სხდომის გამართვა არარეალურად მიაჩნიათ. უმრავლესობის წევრების თქმით, ამგვარი საკითხების განხილვა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და თვითმმართველობის კოდექსს.

ალბათ, ამის შესახებ ახალქალაქის საკრებულოშიც იციან. ამ საკითხის ინიციატორებიც ინფორმირებული იქნებიან, რომ ასეთი პრობლემები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების კომპეტენციას სცილდება.

მიუხედავად ამისა, განხილვა და გენოციდის დაგმობა მაინც დაგეგმილია. ასეთი ინიციატივა სხვადასხვა დროს რამდენჯერმე საქართველოს პარლამენტშიც წამოაყენეს ეთნიკურად სომეხმა დეპუტატებმა, თუმცა მხარდაჭერა ვერ მიიღეს. იყო ასევე ქუჩის აქციები ამავე მოთხოვნით. საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ასეთი საკითხების განხილვა სახიფათოა, მით უმეტეს მაშინ, როცა ორი მეზობელი, თურქეთი და აზერბაიჯანი, ამ გენოციდს არ აღიარებს. მათი შეფასებით, 1915 წელს იყო დიდი მსხვერპლი.

ევროპარლამენტმა 24 აპრილი სომეხთა გენოციდისა და ხსოვნის დღედ აღიარა. როგორც ჩანს, ახალქალაქის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ამ დღეს ამიტომ მოიწვიეს.