რას სთხოვს ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას?!

რას სთხოვს ლავროვი საქართველოს ხელისუფლებას?!აფხაზეთმოვლილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მოსკოვში გუშინ, 19 აპრილს, დაბრუნდა. მისი ორდღიანი ვოიაჟის ზუსტი მიზეზი კი კვლავ გამოცანად დარჩა.

აფხაზური მედიის ცნობით, რუსმა მინისტრმა სოხუმში რუსეთის ახალი საელჩო გახსნა და მათ პრეზიდენტთან ერთად პრესკონფერენცია გამართა. ოფიციალურმა თბილისმა ლავროვის ოკუპირებულ აფხაზეთში გასეირნება მოკრძალებულად დაგმო. უფრო მკვეთრი რეაქცია ჰქონდა ოპოზიციას.

ამ საყოველთაო დაგმობის ფონზე ლავროვმა აფხაზეთს ღია მხარდაჭერა გამოუცხადა და იმედი გამოთქვა, რომ თბილისი და სოხუმი ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ხელს მოაწერენ.

_ დარწმუნებული ვართ, რომ საერთაშორისო კონტაქტებში აქტიურად უნდა მიიღოთ მონაწილეობა. ეგრეთ წოდებულ ჟენევის დისკუსიებს შედეგი მოაქვს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სავსებით რეალურია უახლოეს მომავალში ისეთი იურიდიული დოკუმენტის გაფორმება, რომელიც ორ მხარეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ვალდებულებას დააკისრებს, _ განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, წარსულის გათვალისწინებით ეს მთლიანად კავკასიის რეგიონისთვის მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება.

გავრცელებული ინფორმაციით, ლავროვის სოხუმში ჩასვლა აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედებას უკავშირდება. ოფიციალური ერევანი მის ამოქმედებას უკვე დიდი ხანია ითხოვს. სომხეთის ხელისუფლების განცხადებით, ამ საკითხზე საქართველოს ხელისუფლებასთანაც იყო საუბარი. ოფიციალური თბილისი ამ თემაზე პირდაპირ არ საუბრობს. აფხაზები კი, როგორც ამბობენ, ამ რკინიგზის ამოქმედების წინააღმდეგი არიან.

სოხუმში მყოფმა ლავროვმა ამ თემაზე საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, რუსეთს არ აქვს არანაირი პრობლემა, თუ აფხაზეთის გავლით სომხეთისთვის სატრანზიტო მიმოსვლა აღდგება.

მინისტრის განმარტებითვე, აფხაზეთზე სატრანზიტო მიმოსვლის აღდგენის სამართლებრივი ბაზაც არსებობს:

_ ის შეიძლება დაეყრდნოს იმ შეთანხმებებს, რომლებიც მიღწეულ იქნა რუსეთსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შორის 2011 წელს, როდესაც ჩვენ იქ გავწევრიანდით. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი სომეხი კოლეგები დაინტერესებული არიან ტრანზიტის აღდგენით. დღეს აფხაზეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რესპუბლიკა ამის წინააღმდეგი არ არის, ამიტომ ეს აღარ არის ჩვენზე დამოკიდებული. ეს დამოკიდებულია იმ ქვეყნებზე, რომლებზეც ამ ტრანზიტმა უნდა გაიაროს, _ აღნიშნა ლავროვმა.

მასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე რკინიგზის აღდგენას მხარი აფხაზთა ლიდერმა რაულ ხაჯიმბამაც დაუჭირა.

მისი თქმით, აფხაზეთი მზად არის სომხეთის მიმართულებით სატრანზიტო მიმოსვლის აღდგენისთვის. ხაჯიმბა ამბობს, რომ ეს ბიუჯეტისთვის დამატებითი შემოსავალი იქნება.

ამასთან აფხაზთა ლიდერი აცნობიერებს, რომ ამაზე ოფიციალური თბილისის თანხმობაა საჭირო.

_ ეს საკითხები ცივილიზებული გზით უნდა გადაწყდეს. თუ ქართული მხარე მზად იქნება, ეჭვიც არ მეპარება, რომ პროცესი დადებითად გადაწყდება, _ განაცხადა ხაჯიმბამ.

ერევანი და მოსკოვი აფხაზეთის რკინიგზის გახსნის პარალელურად მოლაპარაკებებს ცხინვალის ხელისუფლებასთანაც აწარმოებენ. თავიდან სომხეთმა როკის გვირაბის გავლით მოითხოვა სომხური დერეფნის გახსნა, რაზეც ცხინვალის ხელისუფლებამ კატეგორიული უარი განაცხადა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სოხუმში რუსეთის ახალი საელჩო გაიხსნა. გახსნის საზეიმო ცერემონიალზე მართალია ლენტი არ გაუჭრიათ, მაგრამ ხაჯიმბა ჩანდა ისეთი ბედნიერი, იქაურობას ანათებდა.

მისი ბედნიერების მიზეზი კი ის გახლდათ, რომ რუსი დიპლომატები ამიერიდან კომფორტულად იქნებიან.

_ აფხაზეთში რუსეთის საელჩოს რვაწლიანმა მუშაობამ უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა უამრავ სფეროში ურთიერთთანამშრომლობის კუთხით და მზად ვართ მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის. გვახარებს, რომ რუსი დიპლომატები ამიერიდან კომფორტულ პირობებში იმუშავებენ, _ აღნიშნა აფხაზთა ლიდერმა.

საელჩოს შენობამ და მისმა მასშტაბებმა რუსული დიპლომატიის მამაც აღაფრთოვანა.

_ საელჩოს შესანიშნავი პროექტია _ ეს არ არის გიგანტიზმისადმი ლტოლვა, ეს ადასტურებს აფხაზეთისა და რუსეთის ურთიერთობების დიდებას, _ განაცხადა ლავროვმა.