როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზულ ვენებს

როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზულ ვენებსგაზაფხულის დადგომასთან ერთად აქტუალური საკითხია ვენების პრობლემები. ლაზერული აბლაცია ვარიკოზული ვენების განკურნების მეთოდია. ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ვენების დაავადებაა, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.

სტატისტიკურად ცნობილია, რომ ამ დაავადებით ქალები მამაკაცებთან შედარებით სამჯერ ხშირად ავადდებიან. ოფიციალური სტატისტიკით, ვარიკოზი აქვს 40 წელს გადაცილებულ ყოველ მესამე ქალსა და ყოველ მეათე მამაკაცს.

რა არის ვარიკოზული ვენები, რა უწყობს ხელს ამ დაავადების გაჩენას და როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზულ ვენებს, ამ თემებზე ქირურგიის ეროვნული ცენტრის სისხლძარღვთა პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ფერაძე საუბრობს.

ირაკლი ფერაძე:

_ ვარიკოზი ანუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება ეს არის ვენების დაავადება, რომელიც იწვევს მათი სანათურის გაფართოებას და ვენური კედლის გათხელებას.

_ რა არის დაავადების ხელშემწყობი ფაქტორები?

_ ამ დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ორსულობა, სიმსუქნე, ფეხზე დიდხანს დგომა ან ჯდომა, არააქტიური ცხოვრების წესი.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ცხელი აბაზანები, კიდურებზე მზისა და სითბოს ზემოქმედება კიდევ უფრო მეტად აფართოვებს ვენებს. ზოგჯერ მდგომარეობას ართულებს ზოგიერთი პრეპარატი, მაგალითად, კონტრაცეპტივები.

_ როგორია ვენური უკმარისობის სიმპტომები?

_ ძირითადად, ვენური უკმარისობა ვლინდება სიმძიმის შეგრძნებით, რომელიც ძლიერდება დიდხანს დგომისა ან ჯდომისას, მოგვიანებით თავს იჩენს გამბრჯენი ტკივილები წვივებში, კანის ქავილი და წვა, ღამის კრუნჩხვები. საგულისხმოა, რომ ვენური კვანძების რაოდენობა და სიდიდე არ არის დაავადების სიმძიმის მაჩვენებელი, მცირედ გამოხატული კვანძები და უმნიშვნელო შეშუპებაც მძიმე გართულებების წინამორბედია. პაციენტი შეიძლება არც უჩიოდეს ძლიერ დისკომფორტს და ტკივილებს.

_ როგორ ვუმკურნალოთ ვარიკოზულ ვენებს?

_ თანამედროვე მედიცინა ყოველდღიურად ვითარდება, ამიტომ ვარიკოზული ვენების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები ინერგება. ჩვენს ცენტრში დაინერგა ვარიკოზის მკურნალობა ლაზერული ტექნიკის გამოყენებით. ეს არის მეთოდი, რომლის დროსაც განაკვეთების საჭიროება აღარ არის. მას ეწოდება `ლაზერული აბლაცია~. მეთოდის არსი მდგომარეობს იმაში, რომ დაზიანებული ვენა, რომელიც განაკვეთის მეშვეობით უნდა ამოკვეთილიყო, სპეციალური ლაზერით პატარა ჩხვლეტის გზით ნადგურდება.