რომელია გამონაყარით მიმდინარე ბავშვთა ინფექციური დაავადებები

რომელია გამონაყარით მიმდინარე ბავშვთა ინფექციური დაავადებებიარსებობს ბავშვთა ინფექციური დაავადებები, რომლებიც გამონაყარით მიმდინარეობს.

სკოლამდელი და სასკოლო ასაკის პერიოდებში უხშირესად გვხვდება სპეციფიკური გამონაყარითა და კლინიკური სურათით მიმდინარე 6 ინფექციური დაავადება. ესენია ჩუტყვავილა, წითელა, წითურა, ქუნთრუშა, ინფექციური ერითემა და უეცარი ეგზანთემა.

არის თუ არა საშიში ეს დაავადებები და რა შეიძლება გახდეს დაინფიცირების მიზეზი, ამ თემებზე “მზიური მედის” ექიმი, პედიატრი ნელი სიმონიშვილი საუბრობს.

ნელი სიმონიშვილი:

– გამონაყარით მიმდინარე ბავშვთა ინფექციური დაავადებები საკმაოდ აქტუალური თემაა.

სკოლამდელი და სასკოლო ასაკის პერიოდებში უხშირესად გვხვდება სპეციფიკური გამონაყარითა და კლინიკური სურათით მიმდინარე 6 ინფექციური დაავადება.

– რა შეიძლება გახდეს ინფექციის წყარო?

– ინფექციის წყაროს წარმოადგენს დაავადებული ადამიანი.

– რომელია ინფექციური დაავადებები?

– ჩუტყვავილა, წითელა, წითურა, ქუნთრუშა, ინფექციური ერითემა და უეცარი ეგზანთემა.

ჩუტყვავილა მწვავე ვირუსული ინფექციაა, ხასიათდება ზომიერი ცხელებითა და ინტოქსიკაციით, ვეზიკულური – ბუშტუკოვანი გამონაყარით, კანის ქავილითა და ბავშვის გაღიზიანებით. ხასიათდება სეზონურობით, ძირითადად გვხვდება შემოდგომასა და ზამთარში.

წითელა მწვავე ვირუსული ინფექციაა, ხასიათდება ცხელებით, ზედა სასუნთქი გზების კატარული მოვლენებით, კონიუნქტივიტით და ლაქოვან-პაპულური გამონაყარით. ხასიათდება სეზონურობით და მისი გააქტიურების პერიოდია დეკემბერ-მაისი.

წითურა მწვავე ვირუსული ინფექციაა, მიმდინარეობს ზემო სასუნთქი გზების ინფექციის მსუბუქად გამოხატული სიმპტომატიკით, პაპულოზური გამონაყარით, კეფისა და კისრის ლიმფური კვანძების გადიდებით. ხასიათდება სეზონურობით და ძირითადად გაზაფხულზე აქტიურდება.

ქუნთრუშა მწვავე სტრეპტოკოკული ინფექციაა. ახასიათებს ცხელება, ინტოქსიკაცია, ყბისქვეშა ლიმფური კვანძების გადიდება, ანგინა, წვრილწინწკლოვანი გამონაყარი კანის ჰიპერემიულ ფონზე, “ჟოლოსებური” ენა, მოგვიანებით – კანის ფირფიტისებრი აქერცვლა კიდურებზე. ხასიათდება სეზონურობით და ყველაზე ხშირია სექტემბერ-იანვარის პერიოდში. საჭიროებს დროულ დიაგნოსტირებას, დამზოგველ რეჟიმს და 10-დღიან ანტიბიოტიკოთერაპიას.

ინფექციური ერითემა მწვავე ვირუსული ინფექციაა, მიმდინარეობს ინტოქსიკაციის გარეშე, დამახასიათებელი ბადისებური გამონაყარით.

უეცარი ეგზანთემა  მწვავე ვირუსული ინფექციაა, ტემპერატურის უეცარი მომატებით 39-40 გრადუსამდე 3-4-5 დღის განმავლობაში და ასევე უეცარი ლიზისით ნორმამდე, ამ დროს ჩნდება გამონაყარი, რომელიც მალევე ქრება.

– როგორ მკურნალობენ ამ ინფექციურ დაავადებებს?

– ამ დაავადებების მსუბუქი მიმდინარეობის ან წაშლილი ფორმების შემთხვევაში, გაძნელებულია დიფერენციალური დიაგნოსტიკა ალერგიასა და სხვა გამონაყარით მიმდინარე ინფექციებს შორის. ამიტომ მსგავსი კლინიკური სურათის მქონე ყველა შემთხვევა გამონაყარით, თუნდაც ერთეული ელემენტის არსებობით, საჭიროებს პედიატრის ან ინფექციონისტის დროულ კონსულტაციას. გაურთულებელი ვირუსული ინფექციების მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია.