,,სარდაფის კლინიკებს” დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მფარველობს?!“

,,სარდაფის კლინიკებს” დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მფარველობს?!“  კარდიოლოგიური კლინიკა „გული“-ს გენერალური დირექტორი, პროფესორი ანზორ მელია euronews.ge-ს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე გვესაუბრა.

ანზორ მელია:

– „ქართული ოცნების“ ყველაზე წარმატებული პროექტი საყოველთაო ჯანდაცვაა. მართალია, ეს არაჩვეულებრივი პროგრამა ხარვეზებით მიმდინარეობდა, მაგრამ წინასწარ ვერავინ გათვლიდა ამდენი უნამუსო ადამიანი თუ გამოჩნდებოდა სამედიცინო ასპარეზზე და ამ საყოველთაო პროგრამას აქცევდნენ საკუთარი შემოსავლის წყაროდ. ახლა კი, რადგან გადახარჯვა აქვთ, გადადიან ე.წ. დიფერენცირებულ პაკეტზე.

– ბატონო ანზორ, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე ახალშექმნილი კლინიკების წინააღმდეგ გამოვიდა. მან ამ კლინიკებს საამქროები უწოდა და განაცხადა, რომ უნდა ჩაიხსნას სისტემიდან, თუმცა უცნობია, მას შემდეგ რა ბედი ეწია მათ. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ?

– ბატონმა ზოიძემ განაცხადა, რომ სარდაფებშია გახსნილი ის კლინიკები და რეანიმაციები, რომელთაც სახელმწოფოსგან 100%-იანი დაფინსება ჰქონდათ. ამის გამო, როგორც წვიმის შემდეგ სოკოები, ისე გამრავლდნენ ეს კლინიკები. სახელმწიფო ამ შემთხვევაში უძლური აღმოჩნდა ასეთი ფორმით მომრავლებული უნამუსო ექიმების წინაშე.

ყოველდღიურ კონფერენციებზე ჩემს ექიმებს ვეუბნები, რომ სახელმწიფო ფულსაც ისე უნდა გაფრთხილება, როგორც საკუთარ ბიუჯეტს. ინგლისის ბიუჯეტიც კი ვერ გაუძლებს იმას, რასაც საქართველოს ბიუჯეტი უძლებდა. დიახ, გაიხსნა უამრავი კერძო კლინიკა. ბატონმა ზოიძემ აღნიშნა, უნდა დავხუროთო, მაგრამ რამდენი ხანი გავიდა არჩევნებიდან და სად არიან, რა გააკეთეს?! მეტსაც გეტყვით, მე, ჩვეულებრივი მოქალაქე, დიდი სტაჟის ექიმი შეყვარებული ვარ ჩემს პროფესიაზე და ჩემს საქართველოზე, ამიტომ გავილაშქრე უმსგავსოების წინააღმდეგ და დავუპირისპირდი მათ.

ჩვენთან, არმიანცის ტერიტორიაზე არის სარდაფი, სადაც წლების განმავლობაში იყო მხოლოდ მიმღები განყოფილება. ეს სარდაფი გაარემონტეს და გააქირავეს. იქირავა მცხეთის რაიონის რეამინაციის ყოფილმა გამგემ, მეტრეველმა. თბილისის სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების მთავარ ექიმად იმ პერიოდში დაინიშნა მცხეთის რაიონის პოლიციის ყოფილი უფროსი, ვინმე ბუთხუზი. მას მფარველობდა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტის მაშინდელი თავმჯდომარე – ხუნდაძე. ეს ისე ხდებოდა, რომ მინისტრიც უძლური იყო რაიმე გაეკეთებინა. ახალ გახსნილ სარდაფში გააკეთეს ემერჯენსი, რეანიმაცია, ქირურგია, ტრავმატოლოგია, სისხლძარვთა ქირურგია, ნეიროქირურგია და კარდიოლოგია.

– სასწრაფო-გადაუდებელი დახმარება ისევ აუღებელი ყარსია? პაციენტების სწორად გადანაწილების პრობლემები კლინიკებში კიდევ არსებობს?

– ,,ზემოდან” ხუნდაძე განაგებს. ზოიძემ დიდი ხანია განაცხადა, რომ ახლადგახსნილი კლინიკები უნდა დახურულიყო, მაგრამ ზემოდან ვიღაცები უშლიან ხელს. მე გამოვედი და ვილაპარაკე ეს ყველაფერი ღიად. მეორე კვირას ბიზნესკურიერმა მიმიწვია და იქ დამახვედრა ბუთხუზი. მას ვუთხარი: „თქვენ შექმენით მანკიერი წრე, თქვენ ათეთრებთ ფულს, ანუ სახელმწიფო ფულს ითვისებთ. როგორ შეიძლება, 70 ავადმყოფს სარდაფის კლინიკაში მოუაროს ორმა ექიმმა? თუ ჩემთან, ინტენსიურ ბლოკში საწოლი დღეს სახელმწიფოსთვის ღირს 140 ლარი, იქ ღირს 700 ლარი, მაგრამ ჩემთან არ მოყავს და იქ მიყავს სასწრაფო დახმარებას პაციენტები. მინისტრს მივწერე, მოვიდა და დააჯარიმა 20 ათასით ეს სარდაფის კლინიკა, მაგრამ მაინც იგივეს აგრძელებენ. ჩვენთან ავადმყოფები სასწრაფოს არ მოყავს თუ პატრონი იარაღით არ დაადგა ან ცხელ ხაზს არ დაურეკა და არ მოითხოვა ჩვენთან გადმოყვანა. რომ არა ჩემი სახელი და ავტორიტეტი, აუცილებლად გავკოტრდებოდი. სასწრაფოებს ავალებენ რომელ კლინიკებში უნდა მიიყვანონ პაციენტები.

– ამ ყველაფერს თქვენი შვილის ოპოზიციაში ყოფნას ხომ არ უკავშირებთ?

– რა თქმა უნდა, ამას ვუკავშირებ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქართველი ერი ჯანმრთელი არ არის. განსაკუთრებით ინტელიგენცია მყავს მხედველობაში. ხელოვნების მუშაკები, რომელთაც ქართული კულტურისთვის წინსვლაში დიდი წვლილი შეიტანეს, ჩემთან მოდიოდნენ სამკურნალოდ, გამოკვლევებზე. მე ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, არ შემეძლო მათგან ფული ამეღო და უფასოდ ვმკურნალობდი. ახლა აღარ დადიან ჩემთან, რადგან შეიცვალეს დამოკიდებულება. ჩემი დიდი დამსახურება ისაა, რომ ჩემს შვილს მივეცი განათლება, ოჯახური აღზრდა და ის არის ქართველი პატრიოტი. მე არავითარი უფლება არ მაქვს, ჩემს შვილს რაიმე ვუკარნახო, თუმცა ვიცი, რომ ის ცუდს არაფერს გააკეთებს ცხოვრებაში. ეს ბუთხუზი არის კორუპირებული და მას მე ეს პირდაპირ ეთერში ვუთხარი. დამემუქრა, რომ სასამართლოში მიჩივლებდა, მაგრამ რატომ არ მიჩივლა? 10 დღეში დააწინაურეს და თავდაცვის მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს. აი, ესენი მეუბნებიან, რომ დემოკრატიული სახელმწიფო აქვთ.

მინდა თქვენი მედია საშუალებით მივმართო: არ ხართ თქვენ დემოკრატიული სახელმწიფო, ჩემო ქოცებო. არც ნაციონალები იყვნენ დემოკრატიულები და ისევე არ ხართ თქვენც. ეს იმიტომ, რომ შერჩევითი სამართალი გაქვთ. ექიმი აპოლიტიკური უნდა იყოს. ამათ ეს სარდაფი ხომ იქირავეს, მერე ბახტრიონზე იყიდეს ოფისი. ,,ლანცეტი”-ც იყიდეს და იგივე ხდება „ლანცეტშიც„. მაგალითად, კორონოგაფია ჯდება შიდა სტანდარტებით 800 ლარი იქ. ჩემთან კი, როცა სახელმწიფო პროგრამით ფინანსდება, პენსიონერებისთვის 60 ლარია, ხოლო არაპენსიონერებისთვის – 180 ლარი. სხვა სარდაფებში და ახლადგახსნილ კლინიკებში უფრო დიდი ფასებია. სამინისტროს რაც შეუძლია ყველაფერს აკეთებს, მაგრამ ამდენ უნამუსო ექიმს ვერ მორევია, რადგან ამ ყველაფერში პარლამენტის წევრები და მოადგილეები არიან გარეულინი.

ხუნდაძემ ახლა კერძო საავადმყოფო გახსნა მცხეთაში, კიდევ ,,ლანცეტი”, ეს სარდაფში გახსნილი კლინიკა და ბახტრიონზე ნაყიდი ფართიც მაგისია. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს რად უნდა კლინიკები? რა უნდოდა პარლამენტში, თუ ექიმობა სურდა? ამიტომ არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი ქვეყანაში. სახელმწიფომ არ უნდა გააკონტროლოს ეს?!

მედიცინა არასოდეს ბიზნესის დარგი არ ყოფილა. ამ მთავრობამ კი აქცია ფულის კეთების მანქანად. მეტს არაფერს აკეთებენ და ეს არის სამართალი?! მკაცრი კონტროლი რომ აქვთ მელიას კლინიკაზე დაწესებული, მარტო აქ კი არ უნდა იყოს ასე, ყველაგან ასე უნდა ქონდეთ. ამიტომ ვამბობ, რომ შერჩევითი სამართალია. ჩემთან შემოვიდნენ, შეამოწმონ, პრობლემა არ არის, პირიქით, მიხარია. შემოვიდა აუდიტი, 2012-2016 წელი შეისწავლეს და ვერაფერი ვერ მიპოვეს. ერთი თეთრიც და ახლა მაჯარიმებენ, რომ კერძო რეზიდენტურა მაქვს. რომ ამთავრებ სამედიცინო სასწავლებელს, ექიმს არ აქვს უფლება ვიწრო სამედიცინო განხრით იმუშაოს, თუ არ გაიარა 3 წლიანი, ახლა უკვე 4 წლიანი კურსი რეზიდენტურის. სახელმწიფო რეზიდენტურაზე იყო ერთი ადგილი კარდიოლოგიაში. ჩვენ გავაკეთეთ პირველებმა კერძო რეზიდენტურა. ვასწავლით ყველაფერს: თერაპიას, ანატომიას, კარდიოლოგიას. ლიცენზია მოგვცა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ. ეს ჩაგვითვალეს ბიზნესად და 250 ათასი ლარით დამაჯარიმეს.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, არ უნდათ ნიჭიერი და ნასწავლი ექიმები. მე 42 წლიანი სტაჟი მაქვს კარდიოლოგიაში. ნიკა მელია კი 3 წელია გამოჩნდა პოლიტიკურ ასპარეზზე. მაგისი მამა ვარ, ნიკამ კი არ მიმაღწევინა რაიმეს. მთავარია, ქართული საქმე აკეთონ და რა მნიშვნელობა აქვს ნაცი იქნება თუ ქოცი? „ქართული ოცნება“ ასი პროცენტით აკეთებს იმ ცუდს, რაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა.

დიმიტრი ხუნდაძე ანზორ მელიას ბრალდებებს პასუხობს:

– პირველად არ მესმის ბატონი მელიასგან ჩემი მისამართით ბრალდებები. არ ვეხმაურებოდი, რადგან არასერიოზულად ვთვლიდი და ახალაც ასე ვთვლი. ეს არის სრული ბოდვა. არ მინდოდა  შეფასება გამეკეთებინა მისი ნათქვამისთვის, რადგან ის არის ჩემი ასაკოვანი კოლეგა, მაგრამ ზღვარს გადავიდა.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის სრული ბოდვა. „ლანცეტთან“ დაკავშირებით რომ აბობს, თითქოს ჩემია, იქნებ რაიმე დოკუმენტი, თუნდაც მცირედი, წარმოადგინოს. ასევე, ბახტრიონზე ყოფილა ჩემი კლინიკა. ესეც ბოდვაა. ამას ყველაფერს აქვს თავისი საფუძველი – ის ყველაფერა აკავშირებს სასწრაფოსთან, რადგან მასზეა განაწყენებული. მას აკავშირებს ჩემთან იმიტომ, რომ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფროსის მოადგილედ, მცხეთის პოლიციის უფროსი გიორგი ბუთხუზი, იმ პერიოდში, როდესაც სასწრაფო იყო პრაქტიკულად უკონტროლო, ამ პოსტზე ჩვენ გადავიყვანეთ. ეს პიროვნება არის კარგი პროფესიონალი და უწესიერესი ადამიანი. სწორედ ამ თვისებების გამო, დღეს, ბუთხუზი უკვე თავდაცვის მინისტრის მოადგილეა.

გიორგი მაშინ სწორედ იმიტომ გადავიყვანეთ სასწრაფო დახმარების ხელმძღვანელად, რომ კორუფცია მოესპო ამ სისტემაში. სხვათა შორის, ერთ-ერთი ასეთი კლინიკა, რომელიც ამ სისტემაში იყო ჩართული, გახლდათ ბატონი მელიას კლინიკა.

დიახ, ვადასტურებ, რომ გიორგი ბუთხუზი სწორედ მე გადავიყვანე სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში და ეს იყო სწორი ნაბიჯი. ასევე, მცხეთაში მუშაობდა რეანიმატოლოგად მეტრეველი და თურმე მას, ვლობირებ მე. ჰკითხეთ მეტრეველს, პირადად თუ ვყავარ ნანახი ან თუ მიცნობს? ეს არის სრული ბოდვა, რომელსაც აქვს საფუძველი. საფუძველი კი არის ის, რომ ბატონი მელია განაწყენებულია. იმიტომ, რომ ალბათ იყო ერთ-ერთი მონაწილე იმ სქემის და დღეს, ამ სქემით ვეღარ მოქმედებს.

თუ ანზორ მელია გააგრძელებს მსგავი ბრალდებების გახმაურებას ჩემს მიმართ, იძულებული ვიქნები, რომ სასამართლოში ვუჩივლო.

პ.ს. ,,ევრონიუს ჰოლდინგი” დაინტერესდება, სინამდვილეში ვინ მფარველობს ე.წ. ,,სარდაფის კლინიკებს” საქართველოში. რატომ არ მოჰყვა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სკანდალურ განცხადებას გაგრძელება და ვინ ითბობს ხელს ხალხის გაჭირვებით?

euronews.ge